სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მიმართვა წამების მსხვერპლი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისადმი

2013-02-20 06:12
Featured image

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ობიექტური გამოძიებისა, რაც გახდებოდა  საქართველოს ციხეებში ძალადობის პრაქტიკის აღმოფხვრის წინაპირობა. ამ მოლოდინს ამყარებდა ხელისუფლებისა და მთავრობის მტკიცე დაპირებები ამგვარი გამოძიების დაწყების თაობაზე. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობი რჩება როგორც გამოძიების მიმდინარეობის ინტენსიურობა, ასევე მისი შედეგობრივი მაჩვენებლები. შესაბამისად, 2013 წლის 4 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის  ფაქტების გამოვლენისა და ეფექტური გამოძიებისათვის კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამჯერად მივმართავთ ნაწამებ პატიმრებს,  ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახების წევრებს და მოვუწოდებ, თავადაც დაიწყონ აქტიური მოქმედება შელახული უფლებებისა და ღირსების აღსადგენად.

წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიებისათვის უმნიშვნელოვანესია ძალადობის კვალის დროული დოკუმენტირება. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან წამების ფაქტების გამოძიების პროცესში უნდა მოხდეს წამების დოკუმენტირება, დროთა განმავლობაში წამებისა და ძალადობის კვალი (როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური და ფსიქოლოგიური)  მცირდება და ქრება. შესაბამისად, მომავალში მით უფრო გართულდება წამების ფაქტების დოკუმენტურად დადასტურება. ამიტომ, მოგიწოდებთ თავად მიმართოთ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის, ფსიქოლოგიური და სამედიცინო (როგორც ფსიქიკური, ასევე სომატური ჯანდაცვის) პროფილის დაწესებულებებს, რათა დროულად მოხდეს წამებისა და ძალადობის ჯერ კიდევ არსებული ნიშნებისა და კვალის აღწერა და დოკუმენტურად დაფიქსირება. 
 
ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამგვარი სერვისი ფასიანია და მოითხოვს გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს, მაგრამ წამებას დაქვემდებარებული ადამიანებისათვის ეს მომავალში შეიძლება გახდეს სამართლებრივი და სამედიცინო რეაბილიტაციისა და მატერიალური კომპენსაციის  მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. ჩვენ, ჩვენის მხრიდან კი გამოვთქვამთ მზაობას ამა თუ იმ ფორმით აღმოგიჩინოთ  დახმარება და ხელი შევუწყოთ პრობლემის სამართლიან გადაწყვეტას.
 
GCRT - წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი 
საია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
GIP - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
PRI -ციხის საერთაშორისო რეფორმა
„ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“
კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისათვის“
„საზოგადოებრივი დამცველი“
„კონსტიტუციის 42–ე მუხლი“