სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

2016-10-30 21:40
Featured image

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა.

18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:

მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობის 5 ფაქტი:

ქუთაისის #37 უბანზე დაფიქსირდა მარკირებაგავლილი  ამომრჩევლების მიერ  არჩევნებში მონაწილეობის 2 ფაქტი. აღმოჩნდა, რომ უბანზე მყოფმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა მიიღეს გაურკვეველი სამართლებრივი ძალის მქონე „აქტი“ და აღნიშნული „აქტი“ საფუძველზე ამ პირებს მიაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა. (აღნიშნული მომენტისათვის საიას ამ უბანზე დამკვირვებელი არ ყავდა).

 

განვმარტავთ, რომ მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მონაწილეობა კანონდარღვევას წარმოადგენს, ხოლო ზემოაღნიშნული აქტის მიღების უფლებამოსილება სცილდება სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და საარჩევნო სუბიექტებისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.

 

მარნეულის #48 უბანზე დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების ხმის მიცემის 3 ფაქტი, მათ შორის 1 ფაქტი დააფიქსირდა საიას დამკვირვებელმა ხოლო 2 ფაქტი - სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელმა.

 

მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის 70-მდე ფაქტი

 

მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა კომისიის თავმჯდომარეებმა ასეთ ამომრჩევლებს არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ამომრჩევლები უკან გააბრუნეს:

 

მთაწმინდის #24-ე უბანი - 3 ფაქტი;

მარნეულის #85 უბანი - 5 ფაქტი.

მარნეულის #7 უბანი - 1 ფაქტი,

რუსთავის #30.20.37 უბანი - 3 ფაქტი.

ქალაქ ზუგდიდის #9 უბანი - 1 ფაქტი,

ბათუმის #7 უბანი - 1 ფაქტი.

მარნეულის #48 უბანზე - 50 მდე ფაქტი.

 

მთაწმინდის #1, #2, #7 უბნებზე რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა პრობლემები მარკირებასთან დაკავშირებით, როდესაც მარკირების შემოწმების აპარატმა დააფიქსირა მარკირების გავლა, ხოლო მოქალაქეები განმარტავდნენ, რომ ეს იყო ფრჩხილის ლაქი.

 

ინფორმაცია ამომრჩევლის ნებაზე სავარაუდო კონტროლის თაობაზე

 

გუშინ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააკეთა განმარტება, რომ ამომრჩევლისთვის მითითების მიცემა, განსხვავებული ფორმით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი ბიულეტენზე და მოეხდინათ ამ ფაქტის ფოტო გადაღება, ამგვარი მითითების შემთხვევაში, იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 29 ოქტომბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და უარყო მსგავსი მითითების გაცემა. 

საიას დამკვირვებლები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობის შემოწმების მიზნით.

 

ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 55 საჩივარი და 59 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

 

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 

30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მესამე ტურის კენჭისყრის დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 400 - მდე დამკვირვებლით აკვირდება.

 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 300 საარჩევნო უბანში. 45 მაჟორიტარულ ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები.

 

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით,  მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

 

ცხელი ხაზის ნომერია: 223-63-48

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით. 

 

ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.

 

საია მოგვიანებით შეაფასებს არჩევნების დღეს.

საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.