სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის

2016-10-30 18:39
Featured image

18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

არჩევნები უმეტესწილად ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა შემდეგი ხასიათის პრობლემები:

მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის ფაქტი

მარნეულის #48 უბანზე დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის ფაქტი. თუმცა კომისიის თავმჯდომარე მათ ამის უფლებას არ აძლევდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის „მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელი მოითხოვდა, რომ მარკირებაგავლილ ამომრჩეველს მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში ამ უბანზე.

მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები

რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა პრობლემები მარკირებასთან დაკავშირებით, როდესაც მარკირების შემოწმების აპარატმა დააფიქსირა მარკირების გავლა, ხოლო მოქალაქეები განმარტავდნენ, რომ ეს იყო ფრჩხილის ლაქი. (მთაწმინდის #1, #2, #7 უბნები).

გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები

ქუთაისის 49.59.65 უბანზე კომისიის მდივანს რეგისტრაციაში არ ჰქონდა გატარებული ამომრჩევლის განცხადება გადასატანი ყუთის სიაში მისი შეყვანის შესახებ. საიას დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.

მარნეულის 36.22.03 უბანზე გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილ ბიულეტენებს არ ჰქონდა ბეჭედი და რეგისტრატორის ხელმოწერა. მას შემდეგ, რაც 15 ამომრჩეველმა მისცა ხმა, ყუთი ისევ უბანზე დაბრუნდა და რეგისტრატორმა დაარტყა ბეჭდები და ხელმოწერები გააკეთა. საიას საჩივრი საფუძველზე, გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები საარჩევნო კომისიის გადაწყვტილების საფუძველზე ბათილად გამოცხადდა.

ზუგდიდში 72-ე უბნის კენჭისყრის შენობაში ,,ქართული ოცნებისა“ და სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენლები აწარმოებდნენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას, რომელშიც ლურჯად აღნიშნავენ ოცნების მომხრეებს, ყვითლად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს და წითლად ვისაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი. აღნიშნული პირები ეკითხებოდნენ ამომრჩევლებს ხომ არ შეუცვლიათ არჩევანი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ დაწერა საჩივარი.

ვაკის #10 უბანზე გადასატანი ყუთის უბანზე შესვლისას უბანზე დაბრუნდა 1-ით ნაკლები ბიულეტენი, ვიდრე გადასატანი ყუთით არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობაზე. ასევე ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით პრობლემური იყო თავად გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების მიერ გაკეთებული ხელმოწერებიც. 

დამკვირვებლის საქმიანობაში ხელშეშლა

 

გორში, კირბალის #47 უბანზე საიას დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული უბნის ამომრჩეველმა ი.თ-მ. ვინაიდან საიას დამკვირვებელმა გააპროტესტა სხვა ამომრჩევლის მიერ პირადობის მოწმობის ასლით არჩევნებში მონაწილეობის მიღების მცდელობა. ასევე, დამკვირვებელს ამ უბანზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეექმნა დაბრკოლება უფლებამოსილების განხორციელებაში (არ აძლევდნენ ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლებას და სხვა ჩანაწერების გაცნობის უფლებას).

ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 58 საჩივარი და  53 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

 

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 

30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 400 - მდე დამკვირვებლით აკვირდება.

 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 300 საარჩევნო უბანში. 45 მაჟორიტარულ ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები.

 

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით,  მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

 

ცხელი ხაზის ნომერია: 223-63-48

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.

ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ სამ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: თავისუფლების მოედანი #1).

მომდევნო ბრიფინგი გაიმართება: 21:00 საათზე, ხოლო 31 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.