სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ჟურალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

2016-09-25 00:09
Featured image

გავრცელებული ინფორმაციით  23 სექტემბერს წნორში თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს გამგებლის წარმომადგენელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ მათეშვილმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა, უცენზურო სიტყვებით მიმართა და სახეში დაარტყა.

ჟურნალისტმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა. პოლიციაში გელა მთივლიშვილს განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

აღსანიშნავია, რომ, თამაზ მათეშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ბოდიში მოუხადა ჟურნალისტსა და საზოგადოებას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევის ფაქტი არ დარჩეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების გარეშე, რისთვისაც აუცილებელია დაწყებული გამოძიება წარიმართოს სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს ყველა პრეცენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისაგან.