სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოწოდება საქართველოს პარლამენტს

2017-12-12 14:05
Featured image

მივესალმებით 2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი არაერთხელ გახდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო მაუწყებლების მწვავე კრიტიკის საგანი. სხვადასხვა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გაუმჭვირვალეობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე.

მიუხედავად წამყვანი კომიტეტის არგუმენტირებული და სამართლიანი პოზიციისა, საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრთა განცხადებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სრულიად გაუმართლებელ ფაქტს, წამყვანი კომიტეტის პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნას მიღებული პლენარულ სხდომაზე და საბოლოოდ კანონპროექტი მხარდაჭერილ იქნას უმრავლესობის მიერ.

მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს, მხარი არ დაუჭირონ საკანონმდებლო ცვლილებების არსებული რედაქციას. გულისყურით მოეკიდნონ წამყვანი კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას, გაიზიარონ ის მნიშვნელოვანი შენიშვნები რაც არსებობს კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის, ისე არასამთავრობო ორგანზიაციების მნიშვნელოვანი ნაწილისა და კერძო მედიაორგანიზაციების მხრიდან.