სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

2014-06-15 21:44
Featured image
საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.  20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. 
18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
 
სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება - დარღვევები გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით 
 
თელავის #14 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში არაუფლებამოსილ პირთა 2 ხელმოწერა დაფიქსირდა. საიას დამკვირვებლის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გადასატან ყუთის სიაში მყოფ 2 ამომრჩეველს კენჭისყრაში მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული. ინფორმაცია გადამოწმდა უშუალოდ ამომრჩევლებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ სიაში დაფიქსირებული ხელმოწერა მათ არ ეკუთვნოდათ და გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. საიას დამკვირვებელმა  გადაწყვიტა აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დაწერა, თუმცა საუბნო საარჩევნო  კომისია არ აძლევდა მას საჩივრის დაწერის შესაძლებლობას. მოგვიანებით პრობლემა მოგვარდა და საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. მოთხოვნილ იქნა გადასატანი ყუთის ბათილობა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, არამედ ის შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს (,,არჩევნების გაყალბება“ მუხ.1643). 
 
ვაკეში #2 უბანზე გადასატანი ყუთზე კომისიის წევრებს 22 ცალი სამივე სახის ბიულეტენი გაატანეს. უბანზე კი დაბრუნდა 5 მერობის, 2 პროპორციული და 2 მაჟორიტარული ბიულეტენი. საიას დამკვირვებელმა მოითხოვა გადასატანი ყუთის ბათილობა.
 
დამკვირვებლის საქმიანობისათვის ხელის შეშლა
 
შემოვიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 35-ე საარჩევნო უბანზე „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებელზე ამომრჩეველზე განახორციელა მუქარა. საიას დამკვირვებლის მიერ გადამოწმდა ეს ინფორმაცია და გამოირკვა, რომ უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელიც პირადობის მოწმობის გარეშე ითხოვდა არჩევნებში მოანაწილეობის მიღებას. აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელმა, რომელსაც ამომრჩეველმა სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენა და მუქარის ტონით განუცხადა, რომ იგი ყოფილი პოლიციელი იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა არ მიაღებინეს.
 
საბურთალოს N48, ჩუღურეთის N2 უბანბზე 20:00 საათის შემდეგ არ შეუშვეს საიას დამკვირვებელი
 
შეიარაღებულ პირთა ყოფნა უბანზე
 
საბურთალოს 85-ე საარჩევნო უბანზე გამოცხადდა შეიარაღებული პიროვნება. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მას არ მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება და კენჭისყრის შენობა დაატოვებინეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, აღნიშნული პიროვნება იარაღის გარეშე დაბრუნდა უბანზე და ხმის მიცემის შემდგომ დატოვა საარჩევნო უბანი.
 
ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები
 
საიას დაუკავშირდნენ მოქალაქეები სოფიო კირვალიძე და იამზე შინჯიკაშვილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მონაცემები არ არის შეტანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში და ვერ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. 
 
 
საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების ყოფნა საარჩევნო უბნის ტერირორიაზე
 
ხონის N10 საუბნო საარჩევნო დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტების შემდეგი კანდიდატების ყოფნის ფაქტი: დურმიშხან ტაბიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მელიტონ გუგავა- შალვა  ნათელაშვილი- საქართველოს ლეიბორისტული პარტია, კახა ფირცხალავა- საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება.“
 
 
ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 116 საჩივარი და 113 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
 
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
 
15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საია თბილისისა და 10 რეგიონის 40 საარჩევნო ოლქში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდება. 
 
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 40 ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.
 
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. 
 
ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11
 
არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 
 
ცხელი ხაზის ნომერია 230-61- 63  
 
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039. 
 
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ სამ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 23).
 
16 ივნისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.
 
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID)-ის დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.