სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 15:00 საათისთვის

2016-01-28 15:31
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდება.

სამოქალაქო საარჩევნო უბნების გარდა, საია ასევე აკვირდება კენჭისყრას ვაზიანში, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ #64-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენი ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 688 სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს.

დღის 15:00 საათისთვის,  კენჭისყრის პროცესი ცალკეული შემთხვევების გარდა, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად.

ამ დროისათვის საიას დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

დაპირისპირების ფაქტები

დილის საათებში დაახლოებით 11:30-დან 12:00-მდე, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი გარდაბნის #4 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა გაურკვეველი სტატუსის მქონე 3 პირი, რომლებსაც დაახლოებით ათამდე პირი აშველებდა. მოგვიანებით, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირების განმუხტვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.  აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს პოლიცია არ გამოჩენილა და ზომები დაპირისპირების აღკვეთის მიზნით არ მიღებულა.  ამ დრომდე შეინიშნება უცხო პირთა მობილიზება უბნის მიმდინარე ტერიტორიაზე.

გარდაბნის #1 უბნის შენობაში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძე და ერთ-ერთი ამომრჩეველი. გიორგი ბარამიძის განცხადებით, მოქალაქე ახდენდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზებას უბანზე და აგიტაციას ეწეოდა.

ამავე უბანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავლის არჩევანის“ წარმომადგენლები. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ბრალდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიმართ, რომ ის კომისიის წევრის ფუნქციებში ერეოდა. 

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე

გარდაბნის #64-ე სპეც უბანზე იმყოფებოდა ვიდეო კამერით აღჭურვილი პირი, რომელმაც განაცხადა, რომ იყო მედიის წარმომადგენელი და სურდა კადრების გადაღება. როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მას მოსთხოვა კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშანი (მოწმობა), მან განაცხადა, რომ არ ჰქონდა სამკერდე ნიშანი. მისივე განცხადებით, ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურს წარმოადგენდა. საუბნო კომისიამ აღნიშნული პირი უბანზე დაუშვა, თუმცა, მას შემდეგ, რაც საიას დამკვირვებელმა ზეპირი შენიშვნა დააფიქსირა არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო უბანზე ყოფნის ფაქტის თაობაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამ პირს საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვა.

საარჩევნო კომისიის წევრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული/არაჯეროვანი შესრულება, საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება

გარდაბნის #4 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი კანონის მოთხოვნების დარღვევით შეავსეს, რითაც დარღვეულ იქნა საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, კომისიის მდივანმა საკონტროლო ფურცელში უბანზე მისული პირველი ამომრჩევლის მონაცემები ისე შეიტანა, რომ არ გაარკვია პირველი ამომრჩეველი იმ უბნის ამომრჩეველი იყო თუ არა. მხოლოდ ამომრჩევლის მონაცემების საკონტროლო ფურცელში შეტანის შემდეგ გაარკვიეს კომისიის წევრებმა, რომ უბანზე მისული პირველი ამომრჩეველი #4 საარჩევნო უბნის ამომრჩეველი არ იყო.

გარდა ამისა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ერთი და იმავე კომისიის წევრის მონაცემები საკონტროლო ფურცელში ორჯერ შეიტანა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების არასათანადო ქცევა საარჩევნო უბნებზე

საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“, „მომავლის არჩევანის“, „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“, „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“, „ანტიკორუფციული მედია ცენტრის,“ „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებლები ცალკეულ შემთხვევებში არღვევენ ეთიკის პრინციპებს და ცდილობენ გავლენა მოახდინონ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე. (1, 4, 8, 53 საარჩევნო უბნები)

გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ დამკვირვებელს აქვს კანონით მინიჭებული უფლება პრეტენზიები გამოთქვას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასთან დაკავშირებით, მოუწოდოს მას ხარვეზის გამოსწორებისკენ. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება განიხილოს დამკვირვებლის შენიშვნები და პრეტენციები, თუმცა ეს ფაქტი დამკვირვებელს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ჩაერიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში და ასეთი ჩარევით გავლენა მოახდინოს მის საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, იყოს მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოს წესრიგის დაცვა საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ შესაბამის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ საკუთარი დამკვირვებლების ქცევის წარმართვა ეთიკის და კანონის  მოთხოვნების შესაბამისად.  

სხვა ინფორმაცია

ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემა აქვს გარდაბნის #1 საარჩევნო უბანს. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით თითქმის ყოველ ათ წუთში ელექტროენერგია ითიშება. ამ უბანზე არის ასევე გათბობის პრობლემაც. 

ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა ერთ ფაქტთან დაკავშირებით 2 საჩივარი წარადგინეს საარჩევნო კომისიებში.

დამატებითი ინფორმაცია

საიას ათამდე დამკვირვებელი კენჭისყრის დღის დაკვირვებას ახორციელებს როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე.

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას საია დღის ბოლოს შეაჯამებს.