სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 13:30 საათისთვის

2013-04-27 05:46
Featured image

საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება ნაძალადევის #9, სამტრედიის #54 და ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქებში. დღის 13:30 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, დროულად გაიხსნა საარჩევნო უბნები, დამკვირვებლებს საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონიათ. 

ამ დროისათვის ფიქსირდება პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე:

ნაძალადევის #13, #59 #60 უბნებზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიებში გადასატანი ყუთის წაღებაზე უარი განაცხადეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა, რამაც გამოიწვია ის, რომ გადასატანი ყუთის წაღება მოუწია მხოლოდ ქართული ოცნების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს. რის შედეგადაც დაირღვა კანონის მოთხოვნა, რომ გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრები არ შეიძლება იყვნენ  ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ  წარდგენილი  კომისიის წევრები. 

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა  ნაძალადევის საარჩევნო ოლქში. სხვადასხვა უბნებზე გამოცხადებულმა ორმა ამომრჩეველმა ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა, ვინაიდან ისინი არ აღმოჩნდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში. 

ნაძალადევის #25, #26  #67  საარჩევნო უბნებზე და ბაღდათის #52 ოლქის ზოგიერთ უბანზე  დაფიქსირდა  ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით ნაკლები საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი.

ნაძალადევის #33 უბანზე დაახლოებით 10:15 საათისთვის დაფიქსირდა რეგისტრატორის მიერ გაცემული ბიულეტენების რაოდენობაზე ერთით მეტი ხელმოწერა.  (გაცემული იყო 96 ბიულეტენი, ხელმოწერა 97). 

საარჩევნო პროცედურების ცოდნის არასათანადო დონე დაფიქსირდა ნაძალადევის #34 და #36 საარჩევნო უბნებზე.

სამტრედიის #16 საარჩევნო უბანზე  გადასატანი საარჩევნო ყუთის სია არ იყო კანონით დადგენილი წესით შედგენილი, რის შედეგადაც შესაბამის ამომრჩევლებს არ მიეცათ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. 

საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა პრობლემები სამტრედიის #15, #20 და  #34 საარჩევნო უბნებზე. კერძოდ, #34 საარჩევნო უბანზე პირველ ამომრჩეველს არ მოაწერინეს ხელი საკონტროლო ფურცელზე, ხოლო #15 და #20 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის შევსებისას არ მიუთითებიათ საკონტროლო ფურცლის საარჩევნო ყუთში ჩაგდების ზუსტი დრო. 

სამტრედიის #41 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ    გადასატანი საარჩევნო  ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გაატანა საჭიროზე მეტი  საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი.

სამტრედიის #38 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით. კერძოდ, ორგანიზაციის „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ სახელით დაკვირვებას ახორციელებდა ხონის საკრებულოს წევრი.

ამ მომენტისთვის საიას დამკვირვებლების მიერ დაწერილია 6 საჩივარი და 4 შენიშვნა  ჩანაწერთა წიგნში.