სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N6 ანგარიშის პრეზენტაცია

2018-06-28 17:06
Featured image

თბილისი - 2018 წლის 28 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ წარადგინეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეექვსე, 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, სადაც შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესისა და პრაქტიკის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებებით. 

მონიტორინგმა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები გამოავლინა :

საბჭომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის” სათანადოდ განხორციელება პრაქტიკაში - მოსამართლეები თანამდებობაზე დაინიშნენ იმავე ხარვეზებით, რომელთა აღმოფხვრასაც რეფორმა ისახავდა მიზნად.  საბჭომ არ მოახდინა მოსამართლეთა დისციპლინირების მიმართულებით შეტანილი დადებითი ცვლილებების იმპლემენტაცია, მათ შორის, მნიშვნელოვანი დაგვიანებით დაინიშნა თანამდებობაზე დამოუკიდებელი ინსპექტორი. საბჭოს ახალ შემადგენლობაშიც რჩება აზრთა პლურალიზმის და კრიტიკული აზრის აშკარა მიუღებლობის პრობლემა, რაც ხელს უშლის საბჭოს სხდომებზე საგნობრივ მსჯელობას და გადაწყვეტილებების დასაბუთებას. მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურია, რაც შეიცავს საფრთხეს მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. შენარჩუნდა სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. კანონმდებლობა  ხასიათდება ისეთი ხარვეზებით, რაც საბჭოს დაუსაბუთებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების ფართო შესაძლებლობას უტოვებს. კერძოდ:

- 2017 წელს შემადგენლობის განახლებას საბჭოს საქმიანობაში არსებითი ცვლილებები არ მოჰყოლია. ახალარჩეული მოსამართლე წევრები მათი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად წინა შემადგენლობის მიერ აღებული გეზის გაგრძელებას მიიჩნევდნენ, ხოლო არამოსამართლე წევრების უმრავლესობამ ვერ გამოავლინა ინდივიდუალური ხედვები და სათანადო პრინციპულობა. სასამართლო სისტემაში ცალკეული პირების ხელში ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციას ხელი შეუწყო სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღის” ცვლილებებით შემოღებულმა წესმა, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებას აძლევს იმავდროულად იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდებოდა განსხვავებული აზრის დევნა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არაჯანსაღი გავლენების დემონსტრირება. მოსამართლე წევრები, როგორც წესი, ყველა საკითხზე ერთგვაროვან პოზიციებს აფიქსირებდნენ და გადაწყვეტილებების მისაღებად მუდმივად ახერხებდნენ არამოსამართლე წევრების საჭირო რაოდენობის მხარდაჭერის მოპოვებას. 2017 წლის განმავლობაში საზოგადოებას ხშირად უხდებოდა საბჭოს სხდომებზე მოესმინა ხმამაღალი საუბარი, პერსონალური ხასიათის, არაეთიკური ბრალდებები და აგრესიული განცხადებები, რასაც ხშირად არაფერი ჰქონდა საერთო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საგნობრივ, არგუმენტირებულ დისკუსიასთან.

- კანონმდებლობით საბჭოს საქმიანობა სათანადოდ დარეგულირებული არ არის. მარეგულირებელი ნორმების არარსებობა საბჭოს აძლევს საშუალებას მიიღოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, რომელზეც სათანადო სასამართლო კონტროლი არ ვრცელდება.

- საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დახურულია. მათ შორის, განსაკუთრებით პრობლემურია მოსამართლეობის კანდიდატების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის (2014-2016 წლებში სულ 4, ხოლო 2017 წელს  45 კანდიდატის მიერ)  მოთხოვნით  გასაუბრების ეტაპის დახურვა,  დამოუკიდებელი ინსპექტორისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირების ვინაობისა და ბიოგრაფიული მონაცემების არ გასაჯაროვება.

-  „მესამე ტალღისრეფორმა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, მათ შორის უვადოდ დანიშვნის მიმართულებით არასრულყოფილია, რაც საბჭოს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას უტოვებს: საანგარიშო პერიოდში 141 მოსამართლე, მათ შორის, 67 უვადოდ, თანამდებობაზე კვლავ დაუსაბუთებელი და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებების საფუძველზე დაინიშნა. არ არის გათვალისწინებული მოსამართლეობის კანდიდატების  შეფასების დასაბუთება შესაბამის წყაროებსა და მტკიცებულებებზე მითითებით და ინფორმაციის მოძიების ეტაპი მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას ატარებს; არ არის დადგენილი გასაუბრების ხვედრითი წილი კანდიდატის საერთო შეფასებაში; მოსამართლის დანიშვნის კენჭისყრის წესით გადაწყვეტა  შესაძლებელს ხდის, რომ  საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება  შეფასების შედეგების გათვალისწინების გარეშე მიიღონ.  

- საბჭო არ ზრუნავს მოსამართლეთა კორპუსის ახალი კადრებით შევსებაზე. საანგარიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ გამოუცხადებია იუსტიციის სკოლაში მსმენელთა მისაღები კონკურსი; ორ წელზე მეტია არ ჩაუტარებია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რაც  მნიშვნელოვნად ზღუდავს სასამართლო სისტემის განახლებისა და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი მოსამართლეებით დაკომპლექტების შესაძლებლობას. 

- საბჭო სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეებს შესაბამისი კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე, უმეტესად უკონკურენტო გარემოში ნიშნავს. პრაქტიკაში კვლავ პრობლემას წარმოადგენს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების გაუმჭვირვალე პროცესი, ასევე თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დაუსაბუთებლად დანიშვნა, რაც შესაძლოა, გამოიყენებოდეს ინდივიდუალურ მოსამართლეებსა და სასამართლო სისტემაზე საბჭოს გავლენის შესანარჩუნებლად.

- მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის უკიდურესად დაბალი მაჩვენებლი ანგარიშვალდებულების მექანიზმის არაეფექტურობაზე მიუთითებს. იმავდროულად, დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის მაღალი მაჩვენებელი, არასათანადო გამჭვირვალობის პირობებში, წარმოშობს ეჭვებს ამ  გადაწყვეტილებების ობიექტურობასთან დაკავშირებით.

მონიტორინგის შედეგად წარდგენილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები. იმედს ვიტოვებთ, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება საბჭოს წევრების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მიერ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლავაც გააგრძელებს საბჭოს მონიტორინგს.   

 

მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო. შეიძლება ის არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.