სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

2018-01-31 11:26
Featured image

დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2017 წლის 14 სექტემბერს შევიდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან უკანონოთ გაათავისუფლა. დამსაქმებელი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დამსაქმებელმა რეორგანიზაცია დაასახელა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რეორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და სინამდვილეში უწყებაში რეორგანიზაციამდე არსებული პოზიციები არათუ გაუქმდა, არამედ საშტატო ერთეულები და ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად, საქმის განხილვისას დადასტურდა რომ დასაქმებულები გათავისუფლდნენ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან სუბიექტური განწყობის გამო, რომელიც არ იყო კავშირში დასაქმებულების მუშაობის ხარისხთან და მათ კომპეტენციასთან.

მიუხედავად ამისა, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ცენტრი ერთ შემთხვევაში იმ დასაბუთებით ამბობს უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ 2017 წელს სხვა პირი დაასაქმა შესაბამის პოზიციაზე, რომლის გათავისუფლებაც ამ ეტაპზე არ ხდება, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობს აღსადგენი პოზიცია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ცენტრს საქმის განხილვისას სასამართლოში არ წარუდგენია.

აღსრულების პროცესში ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ აღსრულების პროცედურა დასრულებულიყო მორიგებით. თუმცა, ამ დროისთვის სრულიად უშედეგოდ დასრულდა კომუნიკაცია ცენტრის წარმომადგენელთან.

საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა, არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანანო, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (მათ შორის თანხის განწილვადების ნაწილში), ასევე - შესაბამის პოზიციაზე/ტოლფას პოზიციაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული ქმედებით, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არაეფექტური გზაა დარღვეული უფლებების აღსადგენად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს ცენტრის მიერ მათ აღდგენამდე პერიოდისთვის.

მივმართავთ:

- იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს -  დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, აღადგინოს თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი სამსახურში და აუნაზღაუროს განაცდური ხელფასი;

- აღსრულების ეროვნულ ბიუროს - მიიღოს შესაბამისი ზომები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად.