სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იანვრის თვის საიას წარმატებული საქმეები

2014-02-06 02:47
Featured image
საიას იურისტების დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სასარგებლოდ საქართველოს მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტების გამოცემა დაევალათ
 
საიას თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა მოქალაქე რ.ყ-ს ინტერესებს, რომელიც ედავებოდა საქართველოს მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.  სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით,  საქართველოს მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალათ, გამოსცენ ნორმატიული ადმინისტრაციული აქტები, რომელთა საფუძველზეც, განისაზღვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა და დარეგულირდება მასთან დაკავშირებული საკითხები.
 
საგულისხმოა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამგვარი ნორმატიული აქტები  საქართველოს მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2006 წლიდან უნდა მიეღოთ, თუმცა წლების განმავლობაში არცერთი ზემოხსენებული უწყება არ ასრულებდა კანონის მოთხოვნას. რ.ყ-ს საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წლების განმავლობაში გამოვლენილი უმოქმედობა უკანონოდ იქნა ცნობილი. 
 
საიას თბილისის ოფისის დახმარებით  ი.ჯ. აღდეგნილ იქნა სამსახურში და აუნაზღაურდა სახელფასო განაცდური 18 200 ლარის ოდენობით 
 
ი.ჯ. მუშაობდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ მთავარი ენერგეტიკოსის თანამდებობაზე. 2012 წლის მაისში, მისი თანხმობის გარეშე, ი.ჯ. დააქვეითეს, გადაიყვანეს სხვა თანამდებობაზე და შეუმცირეს ხელფასის ოდენობა. ი.ჯ.-მ გააპროტესტა დამსაქმებელის ეს  გადაწყვეტილება, რასაც 12 დღეში მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა. სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა საიას თბილისის ოფისის ადვოკატის მოსაზრება, რომ ი. ჯ-ს მიმართ დარღვეული იყო შრომითი უფლებები. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი თანამდებობრივი დაქვეითების და ხელფასის შემცირების, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, აღადგინა მთავარი ენერგეტიკოსის თანამდებობაზე და მის სასარგებლოდ დამსაქმებელს დააკისრა სახელფასო განაცდურის გადახდა 18 200 ლარის ოდენობით.
 
საიას  დახმარებით არასრულწლოვანი პირის სასარგებლოდ სასამართლომ რამდენიმე კერძო კომპანიას 890 ლარის ოდენობით ყოველთვიური სარჩოს გადახდა დააკისრა 
 
საია თბილისის ოფისი საადვოკატო დახმარებას უწევდა ფიზიკურ პირს, თ.კ.-ს, რომლის მეუღლე რამდენიმე კერძო კომპანიის მიერ წარმოებული უნებართვო სადემონტაჟო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს მომხდარი სამშენებლო ავარიისას შენობის ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა. გარდაცვლილ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. მ.გ. საიას დახმარებით საქმე წარმოებულ იქნა სამივე ინსტანციის სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს დაეკისრათ სარჩოს სახით არასრულწლოვანის სასარგებლოდ ყოველთვიურად 890 ლარის გადახდა. 
 
საიას დახმარებით მოქალაქეს აუნაზღაურდება  სს „ენერგო- პრო ჯორჯია“-ს  მიერ  მიყენებული ზიანი
 
საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა ნ.გ.-ს ინტერესებს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ  წარმოებულ სამოქალაქო სამართლის საქმეში. 2012 წლის 02 დეკემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ჩვენი ბენეფიციარის საცხოვრებელი სახლი და  საყოფაცხოვრებო ნივთები. სასამართლომ გაიზიარა საიას ადვოკატის პოზიცია, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელი და უხარისხო პროდუქტის მიმწოდებელი, ვალდებული იყო სრულად აენაზღაურებინა ნ.გ.-სთვის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნ.გ.-ს სასარგებლოდ მოპასუხეს დააკისრა  58 095,27 ლარის  ოდენობით კომპენსაციის გადახდა. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს  2013 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკასაციო საჩივარი და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
 
საიას  დახმარებით  სასამართლომ  დასაქმებულის  მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ბრძანება ბათილად ცნო
 
საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავდა ნ.ა.-ს ინტერესებს, რომელიც ა(ა)იპ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში მუშაობს მთავარი ბუღალტერის მოვალეობის შემსრულებლად. ამავე ორგანიზაციის დირექტორის 2013 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით ნ.ა.-ს მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინარული სახდელი - გაფრთხილება. ნ.ა-მ ზემოთ აღნიშნული ბრძანება საიას ადვოკატის დახმარებით გაასაჩივრა სასამართლოში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა, რადგან მიიჩნევდა, რომ მისი მხრიდან დისციპლინარულ  გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
 
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები სრულად და 2013 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანება ჩვენი ბენეფიციარისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე.
 
საიას დახმარებით  კიდევ  ერთი მოქალაქე განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქე გ.ო.-ის ინტერესებს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისათვის და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
 
გ.ო-მ საიას დახმარებით ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სასამართლომ გაიზიარა საიას ადვოკატის პოზიცია და არ ცნო გ.ო. სამართალდამრღვევად. კერძოდ, გ.ო. იმყოფებოდა თურქეთში, სადაც მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება და ამის შემდეგ, გადმოლახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გავლით. აღნიშნულ საქმეში, ადვოკატი მიუთითებდა, რომ სააქართველოს კანონმდებლობა პასუხისმგებლობას ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების უნებართვო მოხმარებისათის. ამ შემთხვევაში, ასეთ მოხმარებას ადგილი არ ჰქონია, ვიანიდან გ.ო.-მ თურქეთში მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერებები და ამის შემდეგ გადმოლახა სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა და, როგორც უკვე აღინიშნა, გ.ო. არ სცნო სამართალდამრღვევად.  
 
საიას დახმარებით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას არ მიეცა შესაძლებლობა საჯარო მოსამსახურე გაენთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან
 
საიას აჭარის ფილიალი  სასამართლოში იცავდა ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ა.მ-ს, რომელმაც წარმატებით გაიარა ხულოს გამგეობაში ჩატარებული ატესტაციის პირველი ეტაპი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ფიზიკურად ვერ შეძლო მეორე ეტაპში მონაწილეობის მიღება. მან ხულოს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გონივრულ ვადაში წარუდგინა საავადმყოფო ფურცელი დროებითი შრომისუუნარობის შესახებ და მოითხოვა, რომ  მეორე ეტაპზე გასვლის უფლება მიეცათ საავადმყოფო ფურცლის დახურვის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნულმა კომისიამ მეორე ეტაპზე გამოუცხადებლობა მას არ ჩაუთვალა საპატიოდ. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე არადამაკმაყოფილებელი შეფასება მისცა ა.მ-ს. 2013 წლის 08 ივლისს ის წერილობით იქნა გაფრთხილებული სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.
 
ა.მ-მ თავისი უფლებების დასაცავად მიმართა სასამართლოს და მის ინტერესებს იცავდა საიას ადვოკატი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც ბათილად იქნა ცნობილი ა.მ-ს მიმართ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის უარყოფითი შეფასება და მას მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ატესტაციის მეორე ეტაპზე.
 
საიას დახმარებით კიდევ  ერთ არასრულწლოვანს დაენიშნა ალიმენტი
 
საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის დახმარებით, ჩვენი არასრულწლოვანი ბენეფიციარის სასარგებლოდ მამას დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 80(ოთხმოცი) ლარის ოდენობით, შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე.