სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა დაკავების და მათთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე

2015-10-06 14:43
Featured image

 ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს, რისი მიზეზიც ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატისათვის, დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა. დაკავებულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) წარედგინათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ადგილსამყოფელი სამი საათის განმავლობაში უცნობი იყო და იგი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსთავი 2-მა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

ბუნებრივია, ძალადობა ნებისმიერი პირის წინააღმდეგ წარმოადგენს სამართალდარღვევას და სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, მოახდინონ რეაგირება ამგვარ შემთხვევებზე, თუმცა რეაგირება არ უნდა მოხდეს შერჩევითად და დარღვევის დისარაპროპორციულად - სახელმწიფოს რეაგირება სამართალდარღვევის იდენტურ ფაქტებზე ერთმანეთის მსგავსი უნდა იყოს. ზემოხსენებული პირების დაკავება და მათ მიმართ გამოყენებული ზომები წარმოადგენს შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითს, რაც ვფიქრობთ, პოლიტიკური ქვეტექსტითაა ნაკარნახევი, რასაც ამყარებს შემდეგი გარემოებები:

1) “რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები;

2) შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავებს კანონით პირდაპირ ეკისრებოდათ რეაგირების ვალდებულება, თუმცა მათი მხრიდან აღნიშნული არ განხორციელებულა, მაგ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან გამართული საპროტესტო აქციები, მაშინ, როდესაც აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ავალდებულებდა სამართალდამცავ ორგანოებს, მოეხდინათ რეაგირება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

3) ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დეპუტატებისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავებმა ან საერთოდ არ დააკავეს სამართალდამრღვევი ან შეუფარდეს ადმინისტრაციული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. იგულისხმება:

-         საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენების ფაქტი, რაც მოყვა 2013 წლის 08 თებერვალს პარლამენტის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ  მოვლენებს. აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეებს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის 100-100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

-         გიორგი ღვინიაშვილისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი 2015 წლის 14 სექტემბერს კახეთში გამართულ აქციაზე, რის შემდეგაც სამართალდამრღვევი დააკავეს, თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

-         ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ გურჯაანში კვერცხების სროლის ეპიზოდი, რასაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

4) ის გარემოება, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალი მხოლოდ ახლა წაუყენეს რამდენიმე თვის წინ ოჯახური კონფლიქტის კონტექსტში მომხდარ ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

დეპუტატებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე რეაგირების ამგვარი ტენდენციის ფონზე წინასწარი პატიმრობის შეფარდება და გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე აჩვენებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხდება კანონის და სახელმწიფო ინსტიტუტების შერჩევითად და არაპროპორციულად გამოყენება. ამ მხრივ საყურადღებოა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ორმაგი სტანდარტის მატარებელია და ამგვარად, ახდენს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობისა და უფლებების დარღვევის წახალისებას. კერძოდ, ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის აზრით,  დეპუტატისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მიუღებელია, მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრობლემას არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების  წინააღმდეგ გამართული აქციები და მათ მიმართ არაერთხელ გაჟღერებული მუქარა. საგანგაშოა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდება, „მოაშორონ სამართალდამცავებმა კახეთში პროვოკატორები, რომლებიც ხელს უშლიან გლეხებს ყურძნის ჩაბარებაში“, რასაც სწორედ დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, ერთი მხრივ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას, მეორე მხრივ კი მოახდინონ სათანადო და ერთგვაროვანი რეაგირება ერთმანეთის იდენტურ კანონდარღვევებზე და აღნიშნული დააფუძნონ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპს.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI

საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS

მედიის განვითარების ფონდი MDF

ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო BBSA - Georgia

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA

იდენტობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო TI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

კავშირი „საფარი“

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC