სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

განცხადება პირველი არხის საგამოძიებო ფილმის შესახებ

2018-06-21 12:32
Featured image

,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მიუღებელ და საფრთხისშემცველ პრეცედენტად აფასებს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ ,,გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლისთვის წარმოებულ პროცედურებს.

პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ თემაზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ეთერში გასვლამდე მენეჯმენტმა ,, აღნიშნული ფილმი გადააგზავნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შექმნილ საპარლამენტო დროებით კომისიაში ერთი შეკითხვით, ხომ არ შეუშლიდა ხელს ამ ფილმის გაშვება გამოძიების პროცესს?! 

,,ფილმი ასევე გადაეგზავნა სახალხო დამცველს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას“ .

ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,შესაბამისი სამსახური“ მოკლებულია უნარს დამოუკიდებლად, როგორც კანონი კარნახობს - პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფების ჩარევის გარეშე, მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილება, აჩვენებს მენეჯმენტის არაკომპეტენტურობას, შიდაწარმოების სტანდარტებისა და პროცედურების მოშლილობას, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ჟურნალისტთა, მით უფრო გამომძიებელ ჟურნალისტთა, გამოხატვის თავისუფლების უფლებას საზოგადოებრივ მაუწყებელში.

კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეთიკურ დილემებზე მსჯელობა არის თვითრეგულირების ნაწილი და დაუშვებელია თვითრეგულირების თვითცენზურასა, თუ პირდაპირ ცენზურაში გადაზრდა.

გამაოგნებლია აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ ამბობს, რომ ,,მაუწყებლის შესაბამისი სამსახურის აზრით, ფილმი არ აკმაყოფილებს ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსს”, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბჭომ ფილმის ეთერში გაშვება საპარლამენტო კომისიის მითითებითა და ნებართვით გადაწყვიტა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გამოთქვამს წუხილს, რომ პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკოსებმა რომლებსაც მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან წინასწარი რევიზიისთვის მიეწოდათ საგამოძიებო მედიაპროდუქტი, უნებურად შეუწყვეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის საშიში პრეცედენტის ლეგიტიმაციას.

კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებირვი მაუწყებლის მენჯემენტს შექმნას ეფექტური მექანიზმები საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტის დამოუკიდებელი წარმოებისთვის, იმგვარად რომ უზრუნველყოფილი იყოს, როგორც ეთიკური პრინციპების, ისე საკანონმდებლო ვალდებულებების და საკონსტიტუციო ნორმების დაცულობა, უზრუნველყოფილ იყოს ჟურნალისტთა გამოხატვის თვასუფლება.