სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

,,გააღვიძე ოლიგარქის“ აქციის მონაწილეების სახელით საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

2020-02-05 11:27
Featured image

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,გააღვიძე ოლიგარქის“ აქციის მონაწილეების, ბონდო თევდორაძის, ანზორ გუბაევისა და ხათუნა ბერიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი წარადგინა.

მოსარჩელეები არიან ქალაქ ქობულეთსა და ბათუმში მცხოვრები პირები, რომელთა მიმართაც ოზურგეთის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა 2019 წლის 14 აგვისტოს, აქციის ,,გააღვიძე ოლიგარქის“ მიმდინარეობის დროს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ოქმების შედგენის საფუძველი გახდა მოსარჩელეთა მიერ შპს „რეზიდენსის“ ტერიტორიასთან შეკრების მიმდინარეობისას აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადამეტება. ხმაურის ნორმების გადამეტება დასჯადია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე  პრიმა მუხლით. თუმცა, ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, სამართალდარღვევას არ წარმოადგენს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტება შეკრებისა და მანიფესტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

შედგენილი ოქმების კანონიერებაზე თავდაპირველად ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, შემდგომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა. არცერთმა სასამართლომ მოსარჩელეების საჩივარი არ დააკმაყოფილა და აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდა სწორად, რადგან ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეკრების დეფინიცია არ მოიცავდა იმ მიზნით შეკრების ჩატარებას, რა მიზანიც მოსარჩელეების მიერ გამართულ შეკრებას ჰქონდა. კერძოდ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს.“ აღნიშნული პოზიცია გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც და დამატებით განმარტა, რომ ,,ეს შეკრება ემსახურებოდა კონკრეტული პირის შეგნებულად შეწუხებას და მისთვის დისკომფორტის შექმნას, აღნიშნული კი თავისი შინაარსით სცდება გამოხატვის უფლებას და არღვევს თანაზომიერების პრინციპს გამოხატვის თავისუფლებასა და კერძო საკუთრებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვების ნორმების გადამეტების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესს შორის.“

საიას აზრით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებიდან სადავო ნორმატიული შინაარსის გამორიცხვა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას განამტკიცებს.  საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება საჯარო-პოლიტიკური პირების მიმართ მსგავსი შეკრების ფორმით გამოხატოს საკუთარი უკმაყოფილება მათი საქმიანობის მიმართ და ამგვარად საჯარო ინტერესის სფეროში არსებულ საკითხზე კონკრეტულ საჯარო-პოლიტიკურ პირს შეაცვლევინოს პოზიცია/ქმედება. მოსამართლეებისაგან განსხვავებით საჯარო-პოლიტიკურ პირებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ მათ წინააღმდეგ მიმართულ საჯარო დისკუსიაში და თავიანთი აზრის დაფიქსირებით შეძლონ საპროტესტო ტალღის შენელება. სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებს შეზღუდვის პროპორციულობაზე მსჯელობისას გონივრული ბალანსის შეზღუდული უფლებისკენ გადახრას.

იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირის საცხოვრებელ სახლთან ან კერძო საკუთრებასთან ხდება შეკრება, და შეკრება თავისი ფორმითა და შინაარსით არის მშვიდობიანი, საიას აზრით, მსგავსი შეკრების უფლებიდან გამორიცხვა არაპროპორციული ხასიათისაა და არ არსებობს გონივრული ბალანსი დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის. ამდენად, წარდგენილ საჩივარში მოთხოვნილია  ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც აღნიშნული კანონის მიზნებისთვის შეკრებად არ მიიჩნევს შეკრებას, როცა ეს მოქმედება ხდება საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან, რომლის მიზანიცაა მასზე ზეგავლენის მოხდენა და რომელიც იწვევს მისთვის დისკომფორტის შექმნასა და შეწუხებას.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს  USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.