სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ევროპულმა სასამართლომ საიას წარმოებაში არსებული ორი საქმე მორიგებით დაასრულა

2016-10-06 19:47
Featured image

2016 წლის 13 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოებაში არსებულ ორ საქმეზე  განჩინება გამოიტანა, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2016 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებებით მიღწეული მორიგების საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივრები „აბაშიძე საქართველოს წინააღმდეგ [1] და „ხარაძე საქართველოს წინააღმდეგ“.[2]

 „აბაშიძე საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი #6926/10)

მოცემულ საჩივარში მომჩივანი დავობდა 2009 წლის 11 აგვისტოდან 2010 წლის 7 იანვრამდე პერიოდში ეროვნული სასამართლოების მიერ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ხანგრძლივობის დაუსაბუთებლობას. კერძოდ, მომჩივანს, რომელიც 2009 წლის 8 აგვისტოს ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ამავე წლის 11 აგვისტოს შეუფარდეს პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი იმ დროისთვის იყო არასრულწლოვანი, ამავდროულად მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რაც ასევე, დადასტურებული იყო სამედიცინო დოკუმენტაციით, მომჩივნის წარმომადგენლების მოთხოვნა პატიმრობა შეცვლილიყო სხვა უფრო ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახით არ დაკმაყოფილდა ეროვნული სასამართლოების მიერ. მომჩივანმა წინასწარ პატიმრობაში გაატარა დაახლოებით 5 თვე და მხოლოდ 2010 წლის 7 იანვარს გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანი სასამართლოსგან მის მიმართ კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევის დადგენას ითხოვდა წინასწარ პატიმრობაში 5 თვის განმავლობაში დაუსაბუთებლად ყოფნის გამო.

2016 წლის 1 ივნისს საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე მეგობრული მორიგების პირობები წარადგინა. საქართველოს მთავრობამ წარდგენილი მეგობრული მორიგების თანახმად მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა აღიარა. ამასთან, ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით საქართველოს მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

 „ხარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი #19419/12)

აღნიშნულ საჩივარში მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2005 წლის 17 ივნისს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასული გადაცემა "პატრულის" სიუჟეტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის მიმართ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნა, რადგან ფართე საზოგადოების წინაშე ის დამნაშავე პირად წარმოაჩინა და შელახა მისი პატივი და ღირსება. ასევე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის ინტენსივობისა და დამდგარი ზიანის გათვალისწინებით, სახელმწიფომ მის მიმართ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლი.  

პირდაპირ ეთერში გასულ სიუჟეტში პოლიციის თანამშრომელმა მომჩივანი მოიხსენია როგორც „ქურდი“ მაშინ, როდესაც არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყდა , ეროვნულმა სასამართლოებმა მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომჩივნის მიმართ გავრცელებული აშკარად მცდარი ინფორმაციის უარყოფის ვალდებულება არ დააკისრეს.  

2016 წლის 22 თებერვალს საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე მეგობრული მორიგების პირობები წარადგინა. საქართველოს მთავრობამ მომჩივნის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო.  

 

 


[1] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-167523

[2] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-167553