სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დისკუსია: ეთნიკური უმცირესობების ელექტორალური ქცევა

2018-02-26 13:45
Featured image

2018 წლის 26 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს ერთობლივი კვლევის „საქართველოში არსებული ეთნიკური უმცირესობების ელექტორალური ქცევის“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის „საქართველოში კონკურენტული,  სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ქვე-პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების განვითარებას.

მიზნის მისაღწევად, კვლევის ფარგლებში შესწავლილი და გაანალიზებული იქნება საქართველოს კანონმდებლობა (მათ შორის, პოლიტიკის დოკუმენტები), საქართველოში არსებული კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების ხედვები და სტრატეგია, აგრეთვე, საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებში არსებული განწყობები და მათ მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აღქმა. კვლევა ეტაპობრივად, 2016-2018 საარჩევნო წლების ციკლში ხორციელდება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები და გამოწვევები:

- პოლიტიკური პარტიების შესახებ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების დაბალი ხარისხი;

- პოლიტიკური პარტიების მიმართ დაბალი ნდობა;

- პარტიების პასიური პოზიციონირება სამიზნე რეგიონებში;

- პარტიების მხრიდან მუშაობის პროცესში მანკიერი სოციალური კონსტრუქციების გამოყენება;

- პარტიების მხრიდან სამიზნე რეგიონში არსებული კონტექსტის არასათანადო აღქმა;

-  პოლიტიკურ ძალთა მხარდაჭერის განმაპირობებელი ფაქტორები:

  • - კანდიდატთა პერსონალიები;
  • - კანდიდატთა ადგილობრივი გავლენები;
  • - ლიდერის პიროვნული თვისებები;
  • - ადგილობრივი საზოგადოების ინდიფერენტული დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესის მიმართ;
  • - ცალკეულ შემთხვევებში არსებული პოლიტიკური ლანდშაფტიდან გამომდინარე წარმოქმნილი რისკები, ძალის ახალი ცენტრების გაჩენის თვალსაზრისით.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი მიგნებებისა და დაფიქსირებული გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, შეიძლება გამოვყოთ ძირეული საკითხები, რომელთა მიმართულებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა სხვადასხვა აქტორების მიერ, კერძოდ:

ცენტრალური საარჩევნო კომისია - ეთნიკური უმცირესობების ელექტორალური ჩართულობის ზრდისკენ მიმართული კომპლექსური პოლიტიკის განხორციელება;

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი - სამიზნე რეგიონებში საქმიანობის გააქტიურება სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციების ხელშეწყობის, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული გაძლიერებისა და მოწყვლადი ჯგუფების პრიორიტეტიზაციის გზით;

ცენტრალური ხელისუფლება - ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი ინსტიტუტების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სამიზნე რეგიონებში არსებული კონტექსტის გათვალისწინებითეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის ზრდაზე ორიენტირებული კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა;

ადგილობრივი ხელისუფლება - კარგი მმართველობისპრინციპების პრაქტიკული იმპლემენტაცია, ადგილობრივ საზოგადოებასთან კომუნიკაციის გააქტიურება, უარი სოციალური გავლენების გამოყენების მანკიერ პრაქტიკაზე;

მედია - პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის ზრდაზე მიმართული საინფორმაციო პოლიტიკის გატარება;

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები - სამიზნე რეგიონებსა და იქ არსებულ მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული საქმიანობის გაძლიერება.