სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დღეს ამოქმედდა “მაწყებლობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები მედია მფლობელების გაჭვირვალობასთან დაკავშირებით

2011-05-03 11:26
Featured image

გუშინ, 2011 წლის 2 მაისს, ოფიციალურ ბეჭდურ ორგანოში გამოქვეყნდა და დღეს ამოქმედდა საქართველოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შესახებ”.

შეტანილი ცვლილებები ეხება მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობას, ასევე, ლიცენზიის გაცემის წესებს, მედია მფლობელების მიერ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენას, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის მედიის მფლობელობის შეზღუდვისა და სხვა საკითხებს.

არსებული სიახლეების თანახმად, ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან 2012 წლის 1 იანვრამდე, გაასაჯაროვონ ყველა ფიზიკური პირის სახელი ვინც რაიმე ფორმით არის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მფლობელი ან მონაწილეობს მის მართვაში. გარდა ამისა, საჯარო უნდა გახადონ და საკუთარ ვებ-გვერდებზე განათავსონ ინფორმაცია შემომწირველების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიის საკითხს და განსაზღვრა, რომ უნდა შემუშავდეს სტრატეგია მის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

საია მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების გაზიარებას და მათ ასახვას მოქმედ კანონმდებლობაში. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც მუშაობა დამატებით უნდა გაგრძელდეს.

საია აღნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხო ლიცენზიის გაცემისა და მოდიფიცირების წესებსაც. კერძოდ, ცვლილებების თანახმად ლიცენზიის მოქმედების გაგრძელება და ლიცენზიის გაცემა უნდა მოხდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. გაურკვეველია კანონმდებლის მოტივაცია, თუ რატომ მოახდინა წარმოების უფრო რთული ფორმის შერჩევა ლიცენზიის მოქმედების გაგრძლების საკითხთან დაკავშირებით, თუ ლიცენზიის მფლობელს არ აქვს მიღებული არც ერთი სანქცია ერთი წლის განამვლობაში. ხოლო სანქცირების არსებობის შემთხვევაში კი ლიცენზიის მფლობელი თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდა კონკურსში.

გარდა ამისა, სასურველი იქნებოდა, კანონმდებელს განემარტა “ლიცენზიის მფლობელის” ცნება და დაეკონკრეტებინა, რომ ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელიც მაუწყებლობას ეწევა თავისი ან/და სხვა პირის ლიცენზიით. რადგან აღნიშნული ტერმინი ბუნდოვანი რჩება დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

მიუხედავად მითითებული ხარვეზებისა, საია დადებითად აფასებს მიღებულ ცვლილებებს და გამოხატავს იმედს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტს შორის კვლავ გაგრძლედება აქტიური თანამშრომლობა გამოხატვისა და ინფორმციის თავისუფლების სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.