სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ცესკომ საიას მიერ წარდგენილი განცხადება თბილისის მერიის მხრიდან სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ დააკამყოფილა

2014-05-17 21:27
Featured image
2014 წლის 16 მაისს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საიას მიერ წარდგენილი განცხადება განიხილა, რომელიც  თბილისის მერიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს ეხებოდა. 
ზეპირი მოსმენის შედეგად ცესკომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხდება დააკმაყოფილა. ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტზე, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად სამართალდამრღვევ პირთა მიმართ შესაბამის სანქციას  ითვალისწინებს.
 
აღნიშნული ოქმი თანდართული მასალებით შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება. საიას განცხადებით, თბილისის მერიის პრესსამსახური მედიასაშუალებებში აქტიურად აგზავნიდა ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო კამპანიის სააგიტაციო შეხვედრებისა და სხვა აქტივობების შესახებ. საიას განცხადება საინფორმაციო სააგენტო ”ფრონტნიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და შესაბამის მტიცებულებებს ეყრდნობა.
 
საიას მიერ მოკვლეული ინფორმაციის შედეგად გაირკვა, რომ 2014 წლის 3, 24 და 29 აპრილს საინფორმაციო სააგენტო ”ფრონტნიუსს” თბილისის მერიამ საარჩევნო სუბიექტის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლების წინასაარჩევნო აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც თბილისის მერიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.