სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას

2019-01-25 14:45
Featured image

საია ეხმიანება მიმდინარე წლის 22 იანვარს 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემაშფოთებელ ფაქტს და წინამდებარე განცხადებით, სურს ხაზი გაუსვას იმ პრობლემებს, რასაც აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ძალადობასთან ბრძოლის სტრატეგიის არარსებობის თვალსაზრისით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი დედის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობა გახდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან იკვეთება, ბავშვი დედის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი 22 იანვრამდეც იყო. კერძოდ, 2019 წლის 6 იანვარს არასრულწლოვანი სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებებით სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, რომლითაც დედას ეკრძალებოდა მის არასრულწლოვან შვილთან კონტაქტი შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში.  აღნიშნულ ფაქტზე ინფორმირებული იყო სოციალური სამსახურიც. 22 იანვარს 4 წლის არასრულწლოვანი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ასევე, 22 იანვარსვე დააკავა არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვი სამ წელიწად ნახევარი იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში. ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში დროებით განთავსების თაობაზე სოციალურ სამსახურს გოგონას დედამ მიმართა. სააგენტოს განმარტებით, გარდაცვლილი ბავშვის მინდობით აღზრდიდან გაყვანის მიზეზი კი, ოჯახის გაუმჯობესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო, ასევე, ბავშვის სურვილი, ყოფილიყო თავის ბიოლოგიურ მშობელთან. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება მოხდა რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, რის წინაპირობადაც მოქმედი რეგულაციები მოითხოვს დადებითი დასკვნის არსებობას ოჯახის მიერ ბავშვის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და ძალადობისაგან დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, ერთი მხრივ, რამდენად ეფექტურად იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის ოჯახში ძალადობისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, რა ზომები გატარდა შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, შეფასებას მოითხოვს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერება და ეფექტურობა. მათ შორის:

- ადგილი ჰქონდა თუ არა შესაბამისი თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივ გადაცდომას გარდაცვლილი ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისა და ოჯახის რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას?

- როგორ და რა პერიოდულობით ხდებოდა ბავშვის კეთილდღეობისა და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში?

- რა ღონისძიებები განახორციელა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა 6 იანვარს გარდაცვლილის დედის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდგომ და რატომ არ მოხდა მოძალადისა და მსხვერპლის განცალკევება შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში?

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობისგან, ბავშვის მიმართ ძალადობა დღეის მდგომარეობით ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში განხორციელებული გარკვეული სახის აქტივობების მიუხედავად, ბავშვის მიმართ ძალადობა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. ბავშვთა მიმართ ძალადობა ხშირად დაფარულია, რაც დამატებით ართულებს მასზე რეაგირებას და სპეციალური მიდგომების დანერგვას მოითხოვს. ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს სახალხო დამცველის ოფისიც მის ანგარიშებში. ბავშვებთან მიმართებით სოციალური სამსახურის მუშაობის არაეფექტურობაზე ასევე ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საიას წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზე. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ გააკრიტიკა დღეს მოქმედი კანონმდებლობა სოციალურ სამსახურთან დაკავშირებით და სოციალური სამსახურის მუშაობის ხარისხი.

4 წლის არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ დროულად მოხდეს ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვისთვის საჭირო მთელი რიგი ეფექტური ზომების გატარება, რომლებიც მიმართული იქნება ბავშვის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი დანაშაულის დროული გამოვლენისკენ, ბავშვთა დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნისა და დამნაშავეთა დასჯის ხელშეწყობისკენ.

საია მოუწოდებს პროკურატურას:

- უზრუნველყოს არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარება, მათ შორის, გამოიძიოს, რამდენად იკვეთება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლების ქმედებაში სამსახურებრივი გულგრილობა; მართალია გავრცელებული ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტს და თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი იკვლევს სოციალური მუშაკების ქმედებებს, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მათ  ქმედებებში შესაძლოა, იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის გამოძიება დროულად აწარმოოს პროკურატურამ და არ დაელოდოს შსს-ს გენ. ინსპექციისა და სოციალური სამსახურის დასკვნებს;

- მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირებულობა მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ.

ასევე, საია მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დროულად გაატარონ საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება ბავშვთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარებისკენ, მათ შორის:

- გააძლიეროს სოციალური მომსახურების სააგენტოში ფსიქოლოგის როლი;

- უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობისა და მათი კვალიფიკაციის გაზრდა;

- ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების სწრაფად და ეფექტიანად ჩართვა;

- გააძლიეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლების როლი, მოახდინოს თანამშრომელთა  რეგულარული ინფორმირება უნარ-ჩვევების განვითარებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ ტენდენციების შესახებ;

- გაატაროს ზომები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ყველა ჩართული უწყების ცნობიერების ამაღლების და მათი ვალდებულებების გაცნობიერების უზრუნველსაყოფად;

- მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებას მათი როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და გამოვლენისათვის.