სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არჩევნები 2016-კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

2016-10-08 11:02
Featured image

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ დარღვევებს:

 

აღნიშნულის გარდა დაფიქსირდა პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა არსათანადო ქცევასთან დაკავშირებით. ასევე დაფიქსირდა დამკვირვებლის არშეშვება, საჩივრის დარეგისტრირებაზე უარის თქმა და სხვა.

 

წილისყრის პროცედურების დარღვევები

დაფიქსირდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მონაწილეობაზე ან უკვე წილისყრის ჩატარების შემდეგ, აღნიშნული ფუნქციის გამოვლენისას, უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის წაღებაზე (მთაწმინდის #20, #16 და #26 უბნები, ჩუღურეთის #14 და #32 უბნები, დიდუბის #38, ნაძალადევის #51, თელავის #2, #1, #10, #12, #7, #4 უბნები).

 

საიასთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ასეთ დროს კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ასეთი წევრები არც სხვა ფუნქციების გამოსავლენ წილისყრაში მიიღებდნენ მონაწილეობას და შეასრულებდნენ თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.  საიამ მოიპოვა შესაბამისი დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მიმართ ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაცემულია დირექტივა იმის შესახებ, რომ კომისიის ის წევრები, რომლებიც უარს იტყოდნენ ამ პროცედურაში მონაწილეობაზე მთელი დღის განმავლობაში დარჩებოდნენ უფუნქციოდ ან შეასრულებდნენ თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს, თუმცა აღნიშნული წევრები ხმის დათვლის დროს მონაწილეობას მიიღებდნენ მთვლელების გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დაწყებამდე ტარდება წილისყრის პროცედურა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის კომისიის წევრის ფუნქციების გამოსავლენად და უპირველესად პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრთაგან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). ამასთან ისინი არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები, ხოლო კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა.

მიგვაჩნია, რომ კომისიის წევრების მიერ წილისყრაზე უარი ან წილისყრის შედეგად გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე უარი, წარმოადგენს კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვან ან ბრალეულ შეუსრულებლობას, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების პროცედურების კანონის მოთხოვნების თანახმად წარმართვას.

 

გუშინ, 7 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავდა კენჭისყრის დღეს  „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაშვა. ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს და არ გაჰყვება გადასატან ყუთს.“[1]

 

მიგვაჩნია რომ აღნიშნული განცხადება არ მოდის შესაბამისობაში კანონის დანაწესებთან: საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

ამას გარდა, აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის პრობლემურობას და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით რეფორმის გატარებას აუცილებლობაზე მიუთითებს.[2]

სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების არასათანადო ქცევა საარჩევნო უბნებზე

 

ნაძალადევის #26 უბანზე და დიდუბის #11 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრების მხრიდან ადგილი აქვს ეთიკის ნორმების დარღვევას და არასათანადო ქცევას, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს კომისიის საქმიანობაში ჩარევას, რაც არძალულია მოქმედი კანონმდებლობით ნაძალადევის #26 უბანზე „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტის“ დამკვირვებლის მიერ და დიდუბის #11 უბანზე „ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის“ დამკვირვებლის მიერ ადგილი აქვს მითითებების გაცემას კომისიის წევრებისათვის და  სიტუაციის კონტროლის მცდელობას.

 

გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ დამკვირვებელს აქვს კანონით მინიჭებული უფლება პრეტენზიები გამოთქვას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასთან დაკავშირებით, მოუწოდოს მას ხარვეზის გამოსწორებისკენ. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება განიხილოს დამკვირვებლის შენიშვნები და პრეტენციები, თუმცა ეს ფაქტი დამკვირვებელს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ჩაერიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში და ასეთი ჩარევით გავლენა მოახდინოს მის საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ სააარჩევნო ადმინისტრაციას, იყოს მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოს წესრიგის დაცვა საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ შესაბამის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ საკუთარი დამკვირვებლების ქცევის წარმართვა ეთიკის და კანონის  მოთხოვნების შესაბამისად. 

ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევა

თბილისში დაფიქსირდა 2 შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენელმა კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი ჩაწერა საარჩევნო უბანზე. გვსურს შევახსენოთ მედიის წარმომადგენლებს, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის ცესკოს დადგენილების თანახმად, რომელიც უკავშირდება ფოტოვიდეოგადაღებას, ინტერვიუ ასეთ პირებთან ჩაწერილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობის გარეთ. 

დამკვირვებლის უფლების დარღვევა

ზუგდიდში #34 უბანზე შავ-თეთრი ფერის სამკერდე ნიშნის (მოწმობის) გამო საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს დამკვირვებელი. ოლქთან კომუნიკაციის შედეგად პრობლემა აღმოიფხვრა.

კომისიის წევრის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი/ბრალეული შეუსრულებლობა

·         კრწანისის 8 უბანზე გადასატანი ყუთის სია არ ჰქონდათ და07:30-ზე დაიწყო საარჩევნო კომისიამ გადასატანი ყუთის სიის შევსება.

·         დუშეთის 49 უბანზე 7 საათზე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა მხოლოდ კომისიის 7 წევრი. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მოვალეობის არაჯეროვან/ბრალეულ შეუსრულებლობას.

·      ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიებს დაგვიანებით,  კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიეწოდათ საარჩევნო ბიულეტენები და  სპეციალური კონვერტები, რაც საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენს.  საარჩევნო ადმინისტრაციის განმართებით, მათ საარჩევნო დოკუმენტაცია გვიან მიიღეს.

 

გუშინ, 7 ოქტომბერს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბურთალოს მე-6 ოლქის საარჩევნო უბანზე, იძულებით გადაადგილებული პირები შეიჭრნენ. (გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში) და აცხადებდნენ რომ „არჩევნებს არ ჩაგატარებინებთო“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანები, რომლებმაც უბნის ტერიტორია დაიკავეს, აღჭურვილნი იყვნენ ძვირადღირებული მობილური ტელეფონებით, რომლებითაც გაურკვეველი პირებისგან იღებდნენ ინსტრუქციებს.[3] როგორც მედიის წარმომადგენელს თვითმხილველმა განუცხადა, აღნიშნული პირები სახელებსა და გვარებს მალავდნენ, ხოლო როდესაც ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და სიტუაციაში გარკვევას შეეცადნენ, რაც სავარაუდოდ დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას უკავშირდებოდა, მათ უარი განაცხადეს მათ დახმარებაზე.

ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივარი და შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდება.

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 61 მაჟორიტარულ ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.[4] აგრეთვე, დაკვირვება განხორციელდება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ოლქებში, სადაც დაკვირვებას განახორციელებენ როგორც საიას დამკვირვებლები, ასევე, საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლები, საიას პროგრამის[5], ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური-საარჩევნო უფლებათა რეალიზების ფარგლებში.

 

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით,  მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

ცხელი ხაზის ნომერია: 223-63-48

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.

ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ სამ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: თავისუფლების მოედანი #1).

მომდევნო ბრიფინგები გაიმართება: 14:00 საათზე; 18:00 საათსა და 21:00 საათზე, ხოლო 9 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.

 

საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID)  და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 


[1] http://www.ipress.ge/new/47459-nika-melia-dagegmilia-rom-chveni-komisiis-tsevrebi-gadasatn-yutebs-gaayolon

[2] რაც შერეული წესით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებიდან (ნაწილი პროფესიული ნიშნით და ნაწილი პარტიების მიერ დანიშნული) პროფესიული წესით საარჩევნო კომისიებით დაკომპლექტებას  გულისხმობს.

[3] http://www.postalioni.com/2016/10/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%90/

[4] აღნიშნულ უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით

[5] პროგრამა ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელებული საიას პროექტის ფარგლებში.