სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობოების განცხადება ლგბტ პირების შეკრების უფლების დარღვევაზე

2012-05-18 12:33
Featured image

2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღსანიშნავად ლგბტ პირების უფლებადაცველმა ორგანიზაცია ,,იდენტობამ” მოაწყო ლგბტ პირების აქცია/მსვლელობა. ,,იდენტობამ” 2012 წლის 08 მაისს მიმართა ქალაქ თბილისის მერიას გაფრთხილებით. #07/63542-7 წერილში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 17 მაისს ,,იდენტობა” გეგმავდა მსვლელობის მოწყობას ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით. აქცია დადგენილ დროს დაიწყო ფილარმონიის მემდებარე ტერიტორიაზე და დაიძრა დადგენილი მარშრუტით. რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის მახლობლად მსვლელობას წინ გადაუდგა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და ,,წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საზოგადოების წევრები” (კონტრდემონსტრანტები). მათ აღმართეს ცოცხალი ჯაჭვი, რაც ართულებდა მსვლელობის გაგრძლებას.

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,  შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და ადგილას, მასში მითითებული მიზნისა და სვლაგეზის შესაბამისად. მმკ-ს წევრებმა გადაკეტეს, რა რუსთაველის გამზირი, არ მისცეს მარშის მონაწილეებს გაფრთხილებაში მითითებული სვლაგეზის შესაბამისად, მარშის გაგრძელების შესაძლებლობა, რითიც მათ დაარღვიეს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც ავალდებულებს, მათ შორის, მოქალაქეებს, ხელი არ შეუშალოს ამ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას. ამასთან, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ვალდებული არიან ქმედითი ზომების მიღებით დააშორიშორონ აქციის მონაწილეები და კონტრდემონსტრანტები, რაც ორივე ჯგუფის მიერ, მათი შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობას უზრუნველყოფს.

სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ მარშის გამართვა მისი მონაწილეთა მცირერიცხოვნობის გათვალისწინებით თავდაპირველად შესაძლებელი იყო ტროტუარზეც. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა წინასწარი გაფრთხილება, აქციის ჩატარება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე უკანონოა, თუკი მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე მისი ჩატარება შეუძლებელია ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე, მიწისქვეშა გადასასვლელში და ა.შ). კადრებიდან ირკვევა, რომ შეკრების მონაწილეები ზედმიწევნით იცავდნენ აღნიშნულ მოთხოვნებს, ვიდრე ისინი არ მიუახლოვდნენ რუსთაველის გამზირზე მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიას. ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე ტროტუარი გადატვირთულია როგორც აქციის მონაწილეებით, ასევე კონტრდემონსტრანტებით და უბრალო გამვლელებით. ამასთან, გზის გაგრძელება ხდება შეუძლებელი, ვინაიდან ეს უკანაკნელი ბლოკირებულია. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ დროს განსაკუთრებით აქტიური როლი უნდა შეესრულებინათ სამართალდამცავებს და უზრუნველეყოთ მარშის მონაწილეებისა და კონტრდემონსტრანტების დაშორიშორება ისე, რომ ამ ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირების პრევენცია მომხდარიყო. ამასთან, პოლიციას აქტიური ქმედებით ხელი უნდა შეეწყო აქციის მშვიდობიანად გაგრძელებისათვის.

ტელეკომპანია ,,რუსთავი-2-ის” საინფორმაციო გამოშვება ,,კურიერი 6-საათზე” გავრცელებულ კადრებში, კარგად ჩანს, თუ როგორ ურტყამს რამდენიმე ადამიანი მარშის ერთ-ერთ მონაწილეს. აღნიშნული ქმედება სავარაუდოდ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. პოლიცია ამ სიტუაციაში ,,გამშველებლის” როლით შემოიფარგლა და თავდამსხმელთა ჯგუფს გამოარიდა ნაცემი აქტივისტი, რაც სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეების კონტრდემონსტრანტებისაგან დაცვის პოზიტიური ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს.

ვფიქრობთ, უკანონოდ იყო სამართალდამცავების მიერ ორგანიზაცია „იდენტობის“ თანამშრომლებისა და აქტივისტების დაკავებას, მაშინ როდესაც ვიდეო მასალიდან ნათლად ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიცირება კონტრდემონსტრანტების მხრიდან დაიწყო. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია „იდენტობის“ ერთ-ერთი აქტივისტის დაკავების შემდგომ, აქციის სხვა მონაწილეების მხრიდან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობა ასევე არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მსგავსი დემონსტრაციებს დროს თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

მიგვაჩნია, რომ 2012 წლის 17 მაისს გამართულ აქციაზე შეილახა ლგბტ პირების შეკრების თავისუფლება როგორც კონტრდემონსტრანტების დესტრუქციული ქმედებებით, ასევე, სამართალდამცავების უმოქმედობითა თუ რიგ შემთხვევაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით და მოითხოვს აღნიშნული ფაქტების სრულყოფილ და ეფექტურ გამოძიებას.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო”

„მრავალეროვანი საქართველო“

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი