სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი შეფასება ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით

2014-05-10 12:29
Featured image
8 მაისს ძალაში შევიდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მიზანია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.“ მისასალმებელია, რომ ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გამოიჩინეს მტკიცე ნება და მადისკრიმინირებელი ნიშნების ჩამონათვალში, სხვა შიდა საკანონმდებლო აქტების მსგავსად, მიუთითეს „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“. კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის უზრუნველსაყოფად აუცილებელია გამონაკლისების გამორიცხვა, თანასწორობის უფლების უზრუნველყოფა  ყველასთვის და არა მხოლოდ ცალკეული სოციალური ჯგუფებისათვის.
   
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღება, მისი როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის სისუსტის მიუხედავად, ქვეყნისათვის წინგადადგმული ნაბიჯია. კანონის ამოქმედების შედეგად, დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირების მიზნით, სახალხო დამცველის უფლებამოსილებები  შედარებით ფართოვდება. მას შეეძლება რეკომენდაციით მიმართოს არა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებს, არამედ დისკრიმინაციის განმახორციელებელ კერძო პირებსაც. ამასთან, მისი რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში სახალხო დამცველს ეძლევა ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის საფუძველზე, დისკრიმინაციული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვონ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, მიმართონ სასამართლოს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის ან/და მისი შედეგების აღმოფხვრის მოთხოვნით. იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლოები კანონის მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ითამაშებენ, სწორად განმარტავენ მის ცალკეულ დებულებებს და დაამკვიდრებენ დისკრიმინაციასთან ბრძოლის ისეთ სამართლებრივ პრაქტიკას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე საერთაშორისო საზედამხედველო ინსტიტუტების მიერ დადგენილ სტანდარტებთან.
 
სამწუხაროა, რომ 40-მდე არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციის, ასევე სახალხო დამცველის პრინციპული მოთხოვნის მიუხედავად, არც პარლამენტმა და არც მთავრობამ კანონში არ ასახეს დაჯარიმების მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ეფექტიან აღმოფხვრაში. დასანანია, რომ საქართველოს მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების გარეშე შეცვალა და საგრძნობლად დაასუსტა იუსტიციის სამინისტროს მიერ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გზით მომზადებული პროგრესული კანონპროექტი. აღსანიშნავია ისიც, რომ გაუთვალისწინებელი ცვლილებები შევიდა კანონპროექტის ტექსტში პარლამენტის მიერ მისი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რომელმაც დისკრიმინაციის დეფინიციაში ლეგიტიმურ მიზნებად საზოგადოებრივი წესრიგი და ზნეობა მიუთითა.
 
დღეს, როდესაც უკვე მიღებული და ამოქმედებულია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ზომა გამოიყენოს მისი ცხოვრებაში დანერგვისა და პრაქტიკაში სათანადოდ იმპლემენტაციისათვის. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მოსამსახურეების გადამზადება, სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება და სხვა. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს მუშაობა აღნიშნული კანონის აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად. 
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
იდენტობა
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე
ფონდი ტასო
ქალთა ფონდი საქართველოში
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
კავშირი „საფარი“