სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა აჭარის უმაღლეს საბჭოს

2012-12-26 03:44
Featured image
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს კანონპროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანისა თაობაზე. ცვლილებების თანახმად, უსკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წლიდან 4 წლამდე მცირდება. ამასთანავე, კანონპროექტი უსკოს წევრების კანდიდატურების დასახელების უფლებას ანიჭებს იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებს, ხოლო უსკოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილებას აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე უწყვეტს.
 
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით იზრდება არასამთავრობო სექტორის როლი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები ნაჩქარევადაა ინიცირებული და მათი მიღება ვერ გადაჭრის უმთავრეს პრობლემას, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლებას გულისხმობს. 
 
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ არსებული საარჩევნო სისტემა არაერთ ხარვეზს შეიცავს,  შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კიდევ ერთხელ  გამოვედით ინიციატივით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის განხორციელების თაობაზე. რეფორმის ჭრილში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება ერთ-ერთი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ რეფორმამ რეალურად უნდა უზრუნველყოს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და მაქსიმალურად შეამცირის მასზე პოლიტიკური ზეგავლენის განხორციელების შესაძლებლობის რისკი.
 
აღნიშნული საკითხის საფუძვლიანი ანალიზისა და საარჩევნო ადმინისტაციის სასურველი მოდელის შემუშავების მიზნით უკვე ინტენსიურად დაიწყო მუშაობა საარჩევნო ექსპერტიზის მქონე  ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. პროცესში ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია და მუშაობა საქართველოს პარლამენტთან კოორდინირებულად მიმდინარეობს.
 
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ უსკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაც აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა განიხილებოდეს. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ საფუძვლიანი და ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებით არის შესაძლებელი, ამასთანავე, უსკოს რეფორმაც ერთიანი საარჩევნო რეფორმის ნაწილი უნდა იყოს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობით უსკო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენელი ნაწილია.
 
გთავაზობთ, შემოგვიერთდეთ და უსკოს დაკომპლექტების წესი არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფის ფორმატში განვიხილოთ. 
 
ასევე, მოგიწოდებთ, არ განმეორდეს წარსულში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებების დაჩქარებული წესით, წლის ბოლო დღეების განმავლობაში, სამოქალაქო სექტორის ფორმალური ჩართულობის ფონზე მიღებას გულისხმობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხორციელებული საკანონმებლო ცვლილებები აღქმული იქნება, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდლობა. ჩვენი მიზანი კი არის ისეთი რეფორმის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნას.
 
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო
ახალი თაობა  ახალი ინიციატივა (NGNI)
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი
სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი