სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

2014-05-14 16:10
Featured image
2014 წლის 25 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF) გამოვეხმაურეთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს. ეს ცვლილებები განხორციელდა თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში და ითვალისწინებდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის უკლებლივ ყველა მოხელის დროებით მოვალეობის შემსრულებლად მიჩნევას  და მათ პოზიციებზე კონკურსის გამოცხადებას. ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა კრიტიკულად შევაფასეთ მითითებული რეგულაცია და ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფად მივიჩნიეთ. შესაბამისად, მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას - საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, მიიღონ ყველა ზომა და არ დაუშვან აღნიშნული ნორმის ამოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ზემოთ მითითებული ცვლილების ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნით მივმართავდით საკონსტიტუციო სასამართლოს. წარმოდგენილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებდნენ, ასევე, საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირი და საქართველოს სახალხო დამცველი.
 
13 მაისს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების, გია ჟორჟლიანისა და ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული და ინიციირებული კანონპროექტი, რომლის განხილვაც დაჩქარებული წესითაა დაგეგმილი. კანონპროექტის მიხედვით, უქმდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში თებერვალში შეტანილი ნორმა, რომელიც არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების გათავისუფლებას ითვალისწინებდა. მივესალმებით აღნიშნული შინაარსის კანონპროექტის ინიცირებას და მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ მას, რათა თავიდან იქნეს აცილებული არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეების შრომითი უფლებების დარღვევა.
 
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)