სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, უზრუნველყოს საგანმანათლებლო რესურს ცენტრების უფროსების კონკურსების სამართლიან, თანასწორ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება

2013-06-14 02:14
Featured image
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოვუწოდებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყოს  საგანმანათლებლო რესურს ცენტრების კონკურსების სამართლიან, თანასწორ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რესურს ცენტრების ხელმძღვანელ პირთა კონკურსის შედეგები 2013 წლის 23 მაისს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რესურს ცენტრის მხოლოდ 20 ხელმძღვანელი შეირჩა, ხოლო დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. 
 
კანდიდატების დანიშვნას გარკვეულ მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ვნებათაღევა მოჰყვა.  კონკურსის მიმდინარეობისას მხარეები საუბრობდნენ კანდიდატების მიმართ ამა თუ იმ პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა თუ მაჟორიტარი დეპუტატის ღია მხარდაჭერაზე. საუბარი იყო, ასევე, ნათესაური და მეგობრული ნიშნით ხელმძღვანელ პირთა შერჩევაზე, რაც სამწუხაროდ, ორგანიზაციების დაკვირვებით, საფუძველს მოკლებული არ არის.  შემაშფოთებელია, რომ შერჩეულ კანდიდატებთა შორის, ცალკეულ შემთხვევებში, მართლაც იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნები.
 
რაც შეეხება ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ ხელახალ კონკურს, აღნიშნულ ეტაპზე ორგანიზაციებმა უკვე დააფიქსირეს მნიშვნელოვანი პრობლემა. კერძოდ, ხელახლა გამოცხადებულ საკონკურსო პირობებში, განსხვავებით უკვე დასრულებული კონკურსისგან, სავალდებულო მოთხოვნად კანდიდატს მიმართ მითითებულია „ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება“. აღნიშნული მოთხოვნა დაყენებული არ იყო უკვე დასრულებული პირველი კონკურსის პირობებში, უფრო მეტიც, უკვე შერჩეულ რესურს ცენტრების ხელმძღვანელების დიდ ნაწილს „ხელმძღვანელ თანამდებობებზე“ მუშაობის გამოცდილება არა აქვს. 
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურსის პირობების ცვლილება არღვევს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის უმნიშვნელოვანეს პირინციპს საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის თაობაზე და არათანაბარ, დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს კანდიდატებს, რომელთა ნაწილიც მსგავსი გამოცდილების გარეშე დაინიშნნენ თანამდებობებზე, ხოლო ნაწილს აღნიშნული გამოცდილების გარეშე კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლებაც კი არა აქვთ.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, უზრუნველყოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელ თანამდებობაზე შესარჩევი კონკურსის მაქსიმალური გამჭვირვალობა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის უზრუნველყოფის გზით, ასევე, დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას სამინისტროს არათანაბარი მიდგომა კონკურსანტების მიმართ და ყველა კანდიდატის მიმართ გამოყენებულ იქნას თანაბარი საკონკურსო მოთხოვნები.
 
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია