სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები მესტიაში მომხდარი ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ

2010-05-20 13:24
Featured image

2010 წლის 4 მაისს რეგიონული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია მესტიაში 3 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მასში, თვითმხილველთა განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, მისი მოადგილე ჯონი ბელქანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ (კახა) კვიციანი, და მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე მონაწილეობდნენ.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად 14 მაისს მესტიაში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენლები ჩავიდნენ და თვითმხილველებს და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მათ დაადასტურეს, რომ 3 მაისს, ღამის 11 საათიდან მესტიის გამგეობის შენობის წინ რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი და სამართალდამცავი ორგანოების ავტომანქანები იყო მობილიზებული. ეს ფაქტი კარგად ჩანს ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაშიც. გამგეობის შენობაში დილის 3 საათამდე იძულებით მიჰყავდათ პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" კანდიდატები და მათგან საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წინასწარ გამზადებული განცხადებების ხელმოწერას მოითხოვდნენ.

განხცადებას ხელი ოთხმა კანდიდატმა მოაწერა, ოთხმა უარი განაცხადა. მოგვიანებით მუქარის შედეგად კანდიდატურა მოხსნა ბლოკის "ალიანი საქართველოსთვის" წევრმა მაია ჩართოლანმაც. პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბოგდან ნიგურიანმა განცხადება ზეწოლის ქვეშ 3 მაისის ღამის ინციდენტამდე დაწერა.

ამ შემთხვევის გახმაურების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისმა ჯგუფმა შვებულებაში გასვლის რეკომენდაცია მისცა. საბჭოს მხრიდან ასეთი რეაგირება არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად მესტიაში საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის. თვითმხილველთა ჩვენებებში აშკარად იკვეთება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული "არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა" (162-ე მუხლი), "იძულება" (150-ე მუხლი), "მუქარა" (151-ე მუხლი), "ძალადობა" (162-ე მუხლი) და "სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება" (333-ე მუხლი).

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მოუწოდებენ ხელისუფლებას, ობიექტურად და დროულად გამოიძიოს 3 მაისის ინციდენტი და გაატაროს შესაბამისი ზომები.

•    განცხადებით მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დამნაშავე პირთა გამოსავლენად;
•    მოვითხოვთ, გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, სამხარეო პოლიციის უფროსს, მესტიის პოლიციის უფროსს, მის მოადგილეს, მესტიის გამგებელს და 3 მაისს განხორციელებულ მუქარაში მონაწილე სხვა პირებს.

რეკომენდაციით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ  მიავლინოს სპეციალური წარმომადგენელი მესტიაში, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები როგორც არჩევნების წინაპერიოდში, ისე არჩევნების დღეს.