სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით არასამთავრობოებმა ბრიფინგი გამართეს

2010-07-19 10:41
Featured image

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და ინიცირებული საგადასახადო კოდექსის პროექტი მნიშვნელოვნად და მოულოდნელად ზრდის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტის სახით მიღებული სახსრებიდან ანაზღაურების გაცემისას დადგენილ გადასახადს. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული საგადასახადო კოდექსის პროექტის არსებული სახით მიღება მხოლოდ ხელს შეუშლის არასამთავრობო ორგანიზაციათა ეფექტურ და წარმატებულ საქმიანობას. აღნიშნული ცვლილებები ნეგატიურად აისახება იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ემსახურება, კერძოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ხელშეწყობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაზე, იმ სერვისების მიწოდებაზე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო სხვადასხვა ფაქტორის გამო თავად ვერ სთავაზობს მოსახლეობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას გადაიხედოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის შესაბამისი მუხლები და გრანტის სახით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2014 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს 12%-ით. აღნიშნულ განცხადებას უერთდება 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და 130-ზე მეტი ფიზიკური პირი.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ 13 ივლისს სპეციალურ მრგვალ მაგიდაზე შეიმუშავებული მიმართვის ტექსტსა და ხელმომწერთა ვინაობას გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://www.gopetition.com/petition/37744.html