სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრობლემატურობა სისხლის სამართლის საქმეებში

2013-05-08 06:03
Featured image
2013 წლის 2 აპრილს საიამ თბილისისა და ქუთაისი საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მონიტორინგი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის,  JILEP-ის ფარგლებში.
 
საქართველოში მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული თემების აქტუალობიდან გამომდინარე, საია უკვე თითქმის 2 წელია პირდაპირ და უშუალო დაკვირვებას აწარმოებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სისხლის სამართლის საქმეების პროცესებზე და პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნებით ცდილობს საზოგადოებისათვის ობიექტური და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად სასამართლო სხდომის დარბაზებში.
 
პირველ რიგში, ალბათ, კარგი იქნება იმის აღნიშვნა რომ სასამართლოზე მსგავსი სახის დაკვირვება ჯერ არავის უწარმოებია საქართველოში, სწორედ ეს ხდის მოპოვებულ ინფორმაციას უფრო მნიშვნელოვანს და საინტერესოს. 
 
მართალია ანგარიში ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს, მაგრამ, ამჯერად, თქვენს ყურადღებას ერთ-ერთ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერებ, რაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებაა.
 
აღკვეთის ღონისძიება პირს სასამართლოში მისი პირველი წარდგენისას ეფარდება, იმ მიზნით რომ მან მომავალში თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას და ხელი არ შეუშალოს მართლმსაჯულების განხორციელებას. 
 
2011 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული დაკვირვებული საქმეებიდან, სამწუხაროდ, სასამართლო იყენებდა მხოლოდ 2, ყველაზე მძიმე სახის აღკვეთის ღონისძიებას - გირაოს და პატიმრობას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აღკვეთის ღონისძიების სხვა არაერთ და უფრო მსუბუქ ღონისძიებას ითვალისწინებს. მაგალითად, სასამართლოს შეეძლო ბრალდებულის მიმართ გამოეყენებინა პირადი თავდებობა, სათანადო ქცევისა და გაუსვლელობის შესახებ შეთანხმება, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა, ანდა, შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, საერთოდაც აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა პირი.
 
აღკვეთის ღონისძიების პრობლემატურობა, ძირითადად, განპირობებულია პროკურატურის მიერ წარმოდგენილი პოზიციით და სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა უნდა აღვნიშნოთ რომ არც დაცვის მხარე გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით ამ პრობლემის გადასაჭრელად. კერძოდ, თავის მხრივ დაცვის მხარე საკმაოდ იშვიათად ითხოვდა სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ბრალდებულის მიმართ.
 
აქვე, რადგან დაცვის პასიურობას შევეხეთ, ალბათ ისიც უნდა ითქვას, რა შეიძლება იყოს ამის განმაპირობებელი მიზეზი. ჩემი აზრით, ეს შეიძლება სასამართლოს წარსული პრაქტიკიდან მომდინარეობდეს, როდესაც სასამართლო აკმაყოფილებდა პროკურორის აბსოლუტურად ყველა შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ასეთი გარემო ადვოკატსაც უსპობდა მოტივაციას, ყველა ხერხის გამოყენებით დაეცვა ბრალდებულის პოზიცია. თუმცა, ეს მაინც არსებული მდგომარეობის ერთ-ერთ ახსნად შეიძლება გამოდგეს და არა გამართლებად.
 
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სასამართლოში დაკვირვებულ საქმეებში განსხვავებული მიდგომა დაფიქსირდა. კონკრეტულად, გამოვლინდა 13 უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორის პოზიცია და ბრალდებულს განსხვავებული აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. მართალია, ამ 13 ბრალდებულიდან 10 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი იყო, რაც ართულებს სასამართლოს შეცვლილი დამოკიდებულების შესახებ დასკვნების გაკეთებას, თუმცა, ვფიქრობ, ეს ცვლილება მაინც დადებითია და იმედს იძლევა რომ მომავალში მსგავსი მიდგომა სხვა ბრალდებულებზეც გავრცელდება.
რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის გადამწყვეტია სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება და არა, აპრიორი, რომელიმე მხარის პოზიციის გათვალისწინება-არგათვალისწინება. სწორედ ეს საკითხი უნდა გადაჭრას პირველ რიგში მოსამართლემ. 
 
იმისათვის რომ საზოგადოებას შეექმნას სამართლიანობის განცდა, მოსამართლემ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შეაფასოს საქმის ყველა გარემოება, ბრალდებულის პიროვნება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. ეს, თავის მხრივ, დაცვის მხარესაც აუმაღლებს მოტივაციას და პროკურატურასაც  გაზრდილ ვალდებულებას დააკისრებს უფრო არგუმენტირებულად ამტკიცოს თავისი პოზიცია. ეს ყველაფერი კი ერთობლიობაში მართლმსაჯულების გაძლიერებასა და მის მიმართ ნდომის ამაღლებაზე იმოქმედებს დადებითად.
 
თინათინ ავალიანი
ანალიტიკოსი
პროექტი - „სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხელშეწყობა საქართველოში“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია