სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირები არაადამიანურ პირობებში არიან

2011-04-07 10:17
Featured image
საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული მერაბ ჭიქაშვილის, აკაკი ჩიქოვანის და გიორგი ხარაბაძის დაკავების პირობები შსს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევასა და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას წარმოადგენს.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2011 წლის 25 მარტს აქციაზე დაკავებული მერაბ ჭიქაშვილის, გიორგი ხარაბაძის და აკაკი ჩიქოვანისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სამივე მათგანი მოთავსებული იქნა შსს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში. 10 დღიანი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ აკაკი ჩიქოვანი 2011 წლის 4 აპრილს 17 საათსა და 30 წუთზე გათავისუფლდა, ხოლო, მერაბ ჭიქაშვილი და გიორგი ხარაბაძე 2011 წლის 14 აპრილამდე პატიმრობაში რჩებიან.

პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში სამივე მათგანს შეზღუდული აქვს იმ მინიმალური უფლებებით სარგებლობაც კი, რომელიც ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით არის გარანტირებული.

დროებითი მოთავსების იზოლატორში ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებებს 2010 წლის 1 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრის #108 ბრძანებით დამტკიცებული დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულება, შინაგანაწესი და დროებითი მოთავსების იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქცია განსაზღვრავს.

კერძოდ, დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესის მიხედვით დაკავებულ პირს უფლება აქვს, ინტერ ალია, საკანში იქონიოს და შეინახოს ერთი კომპლექტი ტანსაცმელი, ერთი ცალი კბილის ფხვნილი, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის და სარეცხის საპონი, პლასტმასის საპნის ყუთი, სავარცხელი, წიგნები და ჟურნალები, სტანდარტული ჭიქა და კოვზი (მუხლი 2); პატიმრობაში მყოფი პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სამედიცინო მომსახურებით (დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულება, მუხლი 4). დროებითი მოთავსების იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის მიხედვით, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ იმ პირებს, ვისაც შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღეზე მეტი ვადით, აქვთ არანაკლებ ერთი საათით გასეირნების უფლება (მუხლი 9).

საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი პირები ვერცერთი ზემოაღნიშნული უფლებით ვერ სარგებლობენ. მათ დღემდე არ გადასცემიათ ტანსაცმელი, კბილის ფხვნილი და ჯაგრისი, წიგნები და ჟურნალები. ისინი არ გაჰყავთ გასასეირნებლად და შეზღუდული აქვთ ექიმთან შეხვედრის უფლება.

საია-ს არაერთი განცხადების მიუხედავად, რომელიც გადაეგზავნა როგორც #2 დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსს, ბატონ ვალერი კაკაურიძეს, ასევე, შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსს, ბატონ გიორგი კიკნაძეს, #2 დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნული კანონდარღვევები დღემდე გრძელდება.

მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირები ყველა იმ უფლებით უნდა სარგებლობდნენ, რაც გარანტირებულია მსჯავრდებულებისათვის. კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და სატელეფონო საუბრის უფლება, ჰიგიენის დაცვისა (მათ შორის, საპირფარეშოთი განმარტოებით სარგებლობის უფლება) და რელიგიური წესებისა და რიტუალების დაცვის აღსრულების შესაძლებლობა. პატიმრობაში მყოფი პირის დაკავების პირობები უნდა იყოს ისეთი, რომ არ ლახავდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გარდა იმისა, რომ შსს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციის მხრიდან სახეზეა საქართველოს შს მინისტრის #108 ბრძანების დარღვევა, მერაბ ჭიქაშვილის, გიორგი ხარაბაძის და აკაკი ჩიქოვანის მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათი დაკავების პირობების გამო.

საია მოითხოვს შსს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციის მხრიდან, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი მერაბ ჭიქაშვილი და გიორგი ხარაბაძე უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა იმ უფლებით, რაც მათთვის გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.

საია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღებული იქნეს სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ყველა სხვა საჭირო ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა უფლებების სრულყოფილად დაცვას.