სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტური: საიას სადამკვირვებლო მისია

2018-11-28 08:20
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება (300 დამკვირვებლის საშუალებით).

ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება:

- წინა არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე;[1]

- ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებზე;

- საუბნო საარჩევნო კომისიების გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენებსა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საქმიანობაზე (შსს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულებას);

- აგრეთვე, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, მათ შორის რა მდგომარეობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით. ჩვენთვის, ასევე, პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.   

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი (ნომერი: 032 2 18 26 30), რომლის მეშვეობით მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საია, ასევე კონსულტაციას გაუწევს ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

ორგანიზაცია აგრძელებს საარჩევნო პროცესის მონიტორინგს და საზოგადოებას შემაჯამებელ ანგარიშს შედეგების შეჯამების შემდგომ წამოუდგენს.

 

 


[1] აღნიშნულ უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით.