სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის და ხმის დათვლის პროცედურების პირველადი შეფასება

2010-05-31 12:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის და ხმის დათვლის პროცედურების პირველადი შეფასება შემოიფარგლება თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საარჩევნო ოლქებით, სადაც საიას დამკვირვებელები უშუალოდ ახორციელებდნენ ხმის მიცემის, ხმის დათვლის და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი პროცედურების დაკვირვებას 200 საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, საიას 30-მა მობილურმა ჯგუფმა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტი დაფარა.

კონტროლი ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, 30 მაისს ხმის მიცემა ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ განხორციელებულმა კონტროლმა მნიშვნელოვნად დაჩრდილა ის დადებითი ტენდენციები, რაც მოცემულ არჩევნებს 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისგან განასხვავებდა.


29 მაისს პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიის სახელით განცხადა, რომ არჩევნების დღეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საარჩევნო უბნების გარეთ აღწერდნენ მხარდამჭერთა გამოცხადებას. 30 მაისს, არჩევნების დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა თბილისის და ბათუმის საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე დააფიქსირეს ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გამოცხადებას აკვირდებოდნენ და, მათივე განცხადებით, “მხარდამჭერების” გამოცხადებას სპეციალურ სიებში აღნუსხავდნენ.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოცხადებული ამომრჩევლების ვინაობას ინიშნავენ თბილისში ისნის მე-5 ოლქის 77-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გლდანის მე-10 ოლქის მე-9, 24-ე, 32-ე, 53-ე, 54-ე უბნებზე; სამგორის მე-6 ოლქის 83-ე უბანზე; ნაძალადევის მე-9 ოლქის 55-ე უბანზე;  ვაკის მე-2 ოლქის მე-5, მე-6, მე-10, 24-ე, 25-ე, 34-ე, 35-ე, 47-ე, 48-ე, 57-ე, 58-ე, 59-ე, 67-ე, 72-ე უბნებზე; საბურთალოს მე-3 ოლქის მე-9, მე-5, 81-ე, 48-ე, 54-ე, 50-ე უბნებზე; ნაძალადევის მე-9 ოლქის 87-ე, 89-ე, 90-ე უბნებზე.

ასევე, ქუთაისის 59-ე ოლქის მე-16, 33-ე, 39-ე, 42-ე, მე-60, 69-ე, 71-ე უბნებზე და ბათუმის 79-ე ოლქის 1-ლ, მე-2, მე-3, მე-6, მე-7, მე-8, 21-ე, 23-ე, 49-ე, 53-ე, 58-ე, 75-ე უბნებზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, აღნიშნული ჯგუფების საარჩევნო უბნების გარეთ ყოფნა რეალურად წარმოადგენდა კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ფუძემდებლურ პრინციპებს.

ხმის მიცემის პროცესი

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ეძლეოდა საშუალება, მშვიდ გარემოში დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი, მთელ რიგ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდებოდა, რომელთა ნაწილი არ შეიძლება მხოლოდ პროცედურულ დარღვევად ჩაითვალოს.  

მაგალითად, დამკვირვებელების მიერ კენჭისყრის შედეგების მიზანმიმართული გაყალბების მცდელობა დაფიქსირდა ბათუმის 79-ე ოლქის 41-ე უბანზე, სადაც მოქალაქემ ხმა სხვა ამომრჩევლის (ლევან ხარაზიშვილის) ნაცვლად მისცა; ამავე უბანზე ორმა პირმა სცადა სხვა მოქლაქის (მამუკა ლორიას და მამუკა მატკავას) ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა, კომისიის წევრებმა მათ ხმის მიცემის საშუალება არ მისცემს.

ბათუმის 79-ე ოლქის 23-ე უბნის ტერიტორიაზე არაერთგზის დაფიქსირდა სხვისი დოკუმენტებით ხმის მიცემის ფაქტი. კერძოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე ამავე ოლქის 27-ე, 28-ე და მე-16 უბნებზე.

ბათუმის 79-ე ოლქის 62-ე უბანზე, დაახლოებით 12 საათისთვის უბანზე მოსულმა ამომრჩეველმა უბნიდან საარჩევნო ბიულეტენი გაიტანა. დამკვირვებლის შენიშვნის მიუხედავად, საარჩევნო კომისიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოახდინა.

პროცედურული დარღვევები, რომელთაც შეეძლო შეექმნა გაყალბების რეალური საფრთხე

თბილისის რამდენიმე უბაზე, მაგალითად, კრწანისში და საბურთალოს სამ საარჩევნო უბანზე მარკირების შემოწმების აპარატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაფუჭებული იყო და ამომრჩეველი გაუმართავი აპარატის პირობებში იღებდა არჩევნებში მონაწილეობას; ბათუმის 79-ე ოლქის 42-ე უბანზე ნახევარი საათის განმავლობაში მარკირების აპარატი სათანადოდ არ მუშაობდა, მიუხედავად ამისა, ამომრჩეველი კენჭისყრაში შეუზღუდავად მონაწილეობდა.

დიდუბის მე-8 ოლქის პირველ, მე-8 და მე-9 უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი იყო რამდენიმე ათეული არაუფლებამოსილი ამომრჩევლები. 59-ე ოლქის მე-13 უბანზე გადასატანი ყუთის ბიულეტენები ხელმოწერისა და ბეჭდის დასმის გარეშე წაიღეს. ამ რეკვიზიტების გარეშე 4-მა მოქალაქემ მისცა ხმა. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა ამავე ოლქის 89-ე უბანზე;

მთაწმინდის 1-ლი ოლქის 35-ე უბანზე დილის 10 საათზე უბნიდან გადასატანი ყუთი წაიღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. მათ არც ერთი დამკვირვებელი არ გაჰყოლია. გადასატანი ყუთი უბანზე 17 საათზე დაბრუნდა, თუმცა, სიის დანართში, ამომრჩეველთა ხელმოწერების ნაცვლად, პლუსები იყო დასმული.

დამკვირვებლების მუშაობისთვის ხელის შეშლის და ზეწოლის ფაქტები

მაშინ, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მაქსიმალური დახმარება აღმოეჩინა, ნეგატიური, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მტრული დამოკიდებულება იგრძნობოდა საუბნო და საოლქო კომისიებში. თბილისის რამდენიმე სპეციალურ უბანზე შესვლასთან დაკავშირებით, დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ როგორც საარჩევნო უბნის გახსნისას, ასევე ხმის დათვლის პროცედურების დაწყების წინ. რამდენიმე შემთხვევაში, დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე საერთოდ არ დაუშვეს.

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მე-3 უბანზე საიას დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მას შემდეგ, რაც მან უბნის ბათილობის მოთხოვნით საჩივარი დაწერა. თბილისის სამგორის მე-6 საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე საიას დამკვირვებელს უბნის თავმჯდომარე შედეგების შეჯამების შემდეგ უბნის ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. მთაწმინდის 1-ლი საარჩევნო ოლქის მე-13 უბნიდან კომისიის თავმჯდომარემ ძალის გამოყენებით დაატოვებინა უბანი საიას დამკვირვებელს, რომელმაც უბაზე დაბრუნება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შედეგად მოახერხა. ისნის მე-5 საარჩევნო ოლქის მე-80 უბანზე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საიას დამკვირვებელს აუკრძალა რეგისტრატორების მაგიდასთან მიახლოვება. ჩუღურეთის მე-7 საარჩევნო ოლქის მე-12 უბანზე საიას დამკვირვებელს, დაწერილი საჩივრის გამო, კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი შეუდგინა.

ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურების დარღვევები

საუბნო საარჩევნო კომისიების მომზადების ხარისხი კენჭისყრის შედეგების შეჯამების თვალსაზრისით, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან დაბალი იყო. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებდა, საუბნო კომისიებს გაურთულდათ შემაჯამებელი ოქმების შედგენა. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა იყო უბნებზე, სადაც საუბნო კომისიები მიმაგრებული სპეციალური უბნების კენჭისყრის შედეგებს ითვლიდნენ.

საუბნო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა უხალისოდ ეთანხმებოდა დამკვირვებელთა მოთხოვნას, მთვლელების წილისყრით გამოვლენის შესახებ. ბათუმში 79-ე ოლქის 57-ე უბანზე ბიულეტენების დათვლაში მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ წილისყრით გამოვლენილი მთვლელები, არამედ მთელი საარჩევნო კომისია.

საჩივრები და განცხადებები

ყველაზე ბევრი საჩივარი დაიწერა თბილისში მთაწმინდის, კრწანისის, ჩუღურეთის და ისნის საარჩევნო ოლქებში, ასევე, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მთელ რიგ უბნებზე. საიას მიერ საარჩევნო უბნებზე სულ დაიწერა 41 საჩივარი, 13 საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას და 30 შენიშვნა შეტანილი იქნა ჩანაწერთა წიგნში.

განსაკუთრებით სერიოზული დარღვევების გამო, საია უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს შემდეგ საარჩევნო უბნებზე:

.    ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მე-16, 23-ე, 27-ე, 28-ე და 41-ე უბნებზე სხვა ამომრჩევლების ნაცვლად ხმის მიცემის გამო და იმავე ოლქის 62-ე უბანზე უბნის გარეთ საარჩევნო ბიულეტენის გატანის გამო.

.    ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის მე-13 და 89-ე უბნებზე გადასატან ყუთში ხელმოუწერელი კონვერტების აღმოჩენის გამო.

.    მთაწმინდის 1-ლი საარჩევნო ოლქის 35-ე უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ხელმოწერების არარსებობის გამო.

საია ასევე ითხოვს დიდუბის მე-8 საარჩევნო ოლქის 1-ლ, მე-8 და მე-9 უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ბათილობას.

გარდა ამისა, საია ითხოვს 20 საუბნო საარჩევნო კომისიის ცალკეული წევრების დისციპლინურ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დამკვირვებლებზე ზეწოლის და უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულების გამო.

არჩევნების შედეგების შეჯამება ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯერ არ დასრულებულა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლები აგრძელებენ პროცესის მონიტორინგს. შესაბამისად, საია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შეფასებას საზოგადოებას საიას დამკვირვებელების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ წარუდგენს.