სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

2012-10-01 17:43
Featured image

საიას აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 35 საარჩევნო ოლქში.

21:00 საათისთვის საბურთალოს #3 ოლქის #69 უბნის და კრწანისის #4 ოლქის #31 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება სპეციალური დანიშნული რაზმის მობილიზება.

უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პირები, რომლებიც აწარმოებდნენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. კვლავაც განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს.

ასევე, უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:

კრწანისის #4 საარჩევნო ოლქში მე-16, 29-ე და 31-ე უბნების წინ შეინიშნება პოლიციის აქტიური კონცენტრირება. პოლიციის თანამშრომლები უბანზე გამოცხადებულ პირებს ეკითხებიან ვინაობას და უბანზე გამოცხადების მიზეზს;

დუშეთის ოლქში #49 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პოლიციისა და საჯარო მოხელეების მობილიზება. ეს არის დუშეთის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანი;

საბურთალოს #3 ოლქის #8 უბნის წინ შეინიშნება დაპირისპირება პოლიტიკური ძალების აქტივისტებს შორის;

რამდენიმე უბანზე კვლავაც პრობლემად რჩებოდა მარკირების პროცედურის წარმართვა. მარკირების სითხის უხარისხობის გამო არ რჩება შესაბამისი კვალი. მიუხედავად ჩვენ მიერ დაფიქსირებული საჩივრებისა, კენჭისყრა კვლავაც გრძელდებოდა უხარისხო მარკირების სითხის გამოყენებით ან სულაც მარკირების გარეშე;

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა დაფიქსირდა დუშეთში #49 უბანზე და კასპის ოლქში #32 უბანზე;

დაფიქსირდა მარკირებაგავლილი პირების მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის ფაქტები საბურთლოს #3 ოლქის #58 საარჩევნო უბანზე;

გორის #32 საარჩევნო ოლქის #63 საარჩევნო უბანზე, სოფელი მეღვრეკისი, ამომრჩეველს სიაში მისი სახელისა და გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა.;

საბურთალოს #3 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აღმოაჩნდა რამდენიმე პირადობა. მოთხოვნილ იქნა თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა;

დიდუბის #8 ოლქის #28 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირს მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ნება დართეს კენჭისყრაში მიეღო  მონაწილეობა;

კრწანისის ოლქის მე-18 უბანზე დაფიქსირდა სიაში არმყოფი პირის მიერ ხმის მიცემა, რომელსაც არ ჰქონდა რეგისტრაციის მოწმობა;

გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბანზე იზრდება იმ უკმაყოფილო ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდნენ. ამ პერიოდისათვის ამომრჩეველთა მიერ აღნიშნული მიზნით დაწერილია სულ 19 საჩივარი;

20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. მნიშნვნელოვანია, რომ ამომრჩევლის მიერ დღის განმავლობაში გამოხატული ნება ადეკვატურად და ზუსტად აისახოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. მოვუწოდებთ როგოც საარჩევნო კომისიებს, ასევე პოლიტიკური პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ ხმის დათვლის პროცედურებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში და კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით.