სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

2012-10-01 07:28
Featured image

საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში. დღის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში, თუმცა დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე:

საჩხერის #73-ე და დიდუბის #1 უბანზე გახსნის მომენტისთვის ბიულეტენების პაკეტის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული;

116-ე სპეც უბანსა და გლდანის #77-ე  უბანზე საიას დამკვირვებლებს შეექმნათ უბანზე შესვლის პრობლემა, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია;

საბურთალოს საარჩევნო ოლქის #91-ე სპეციალურ უბანზე კომისიის წევრების მიერ ფუნქციების თვითნებურად გადანაწილება, წილისყრის შემდეგ;

საბურთალოს #28 უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველმა, რომლის გასწვრივ სიაში იყო აღნიშვნა „იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე“, რაც დარღვევას წარმოადგენს;

მიღება-ჩაბარების აქტებზე რეკვიზიტების მითითების პრობლემა დაფიქსირდა წყალტუბოს #5 უბანსა და ისნის #7 უბანზე.

ამ მომენტისთვის საიას დამკვირვებლების მიერ დაწერილია 11 საჩივარი (მედიის საქმიანობის შეზღუდვა; უბნის დაგვიანებით გახსნა; კანონის დარღვევით აგიტაციის წარმოება; ბიულეტენების ნაკლებობა უბნებზე; დამკვირვებლის არ დაშვება კენჭისყრის უბანზე; წევრების მიერ უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელება; გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემა).

ასევე, ზოგიერთ ოლქში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს, რაც წარმოადგენს არაპირდაპირ კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.