სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ELECTIONPORTAL.GE - არჩევნების პორტალს არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატა

2012-08-27 15:51
Featured image

თბილისი - ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), ჯამპსტარტ ჯორჯიამ და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა ინიციატივითაც შეიქმნა არჩევნების პორტალი, - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - გასული არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემები წარადგინეს ვებ-გვერდზე http://data.electionportal.ge. ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია 2008 წლის შემდეგ ჩატარებული თითოეული არჩევნების შედეგების ნახვა სხვადასხვა ინდიკატორით, როგორიც არის: აქტივობა, არჩევნების შედეგები, ცალკეული პარტიის შედეგები და სხვა. ვებ გვერდზე მონაცემები წარმოდგენილია რუკების სახით სხვადასხვა გეოგრაფიულ დონეზე, რომელიც მოიცავს რეგიონებს, საარჩევნო ოლქებსა და უბნებს. მონაცემთა ბაზას შესაძლოა ქონდეს მრავალმხრივი გამოყენება, როგორიც არის იმ ტერიტორიული ერთეულების იდენტიფიცირება, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია და სადაც ამომრჩეველთა მობილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს.

 

არჩევნების შედეგებთან ერთად, ვებ-გვერდი ასევე ასახავს ამომრჩეველთა სიის ანალიზს 2006 წლიდან დღემდე. ინდიკატორები, როგორიც არის, ამომრჩეველთა რაოდენობა, საშუალო ასაკი, დუბლირებული ამომრჩევლები, წარმოდგენილია რუკების ფორმატში სხვადასხვე გეოგრაფიულ დონეზე.
ლუის ნავარომ, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა, პრეს კონფერენციაზე განაცხადა: „ვებ-გვერდი დააინტერესებს ყველა ადამიანს, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს. მონაცემთა ბაზა პოლიტიკურ პარტიებს დაეხმარება საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში და საშუალებას მისცემს წინა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვრონ მათი პოტენციური მხარდაჭერის არეალები. ვებ-გვერდი ასევე დაეხმარება მკვლევარებს საარჩევნო ტენდენციების გარკვევაში. აქ საინტერესო ინფორმაცია ყველასთვის მოიპოვება“.


“ჩვენ მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ დეტალური მონაცემთა ბაზა, რომელიც მარტივი და გასაგებია. ბაზა აგებულია ცესკოს მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაზე”, განაცხადა ნინო ლომჯარიამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა.


არჩევნების პორტალის პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით. პორტალის საწყისი მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა ღია საზოგადოება საქართველო (OSI). არჩევნების მონაცემთა ბაზის შექმნა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ. ვებ-გვერდი შექმნილია ჯამპსტარტ ჯორჯიას მიერ. ამომრჩეველთა სიისა და არჩევნების შედეგები მოპოვებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მეთოდით. ცესკოს ვებ-გვერდის მისამართია: http://www.cec.gov.ge. გეოგრაფიული მონაცემები მოწოდებულია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ. CRRC-ს ვებ-გვერდის მისამართია: http://www.crrc.ge.