სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნას ეხმაურება

2012-02-07 09:03
Featured image

დღეს, 2012 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნისას, საიას სურს მოკლედ შეაჯამოს გასული წელი, საქართველოს პარლამენტის საქმიანობისას გამოვლენილი პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით. 2011 წელს  საია კვლავ განაგრძობდა დაკვირვებას საკანონმდებლო პროცესზე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუშაობა უაღრესად სწრაფ ტემპებში წარიმართა და ჯამში 483 კანონი იქნა მიღებული. განსაკუთრებით დატვირთული წლის ბოლო დღეები იყო, რა დროსაც სამართლის სხვადასხვა სფეროში ნაჩქარევი ტემპებით უმნიშვნელოვანესი ცვლილებები იქნა განხორციელებული. კერძოდ, 15 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, 2-კვირიან პერიოდში სულ 90 კანონი იქნა მიღებული, რაც ჯამში მიღებული კანონების დაახლოებით 19 %-ს შეადგენს. აღნიშნული სწრაფი განხილვები ხშირად პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა. ძირითად დარღვევებს შორისაა: კომიტეტის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა/ვადის დარღვევით გამოქვეყნება, საკომიტეტო განხილვებისას ქვორუმის არარსებობა, პარლამენტის სხდომაზე არმყოფი დეპუტატის ნაცვლად ხმის მიცემა, კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების მესამე მოსმენისას შეტანა.

ჩვენს თვალწინ, ძალიან ხშირად ირღვეოდა რეგლამენტის ის ნორმები, რომლებიც გამჭვირვალობის სტანდარტებს ამკვიდრებენ პარლამენტში. კვლავ პრობლემაა კომიტეტის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებ-გვერდზე, სხდომამდე 2 დღით ადრე გამოქვეყნება. აღნიშნული ნორმა დაინტერესებული მხარეებისათვის არის იმის გარანტი, რომ შეიტყონ მათთვის საინტერესო კანონპროექტების განხილვის განრიგი და დაესწრონ მათ. მითითებული წესის ხშირი დარღვევა, რაც ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში 2011 წელს, აბრკოლებს საიასა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობას კანონშემოქმედებით საქმიანობაში და თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან. მაგალითად, 2011 წლის ბოლოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ისე იქნა მიღებული მეორე და მესამე მოსმენით, რომ ინფორმაცია მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის შესახებ საერთოდ არ გამოქვეყნებულა. ასევე, არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია არასრულწლოვანთა რეფერალთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვის შესახებ. ასეთი მაგალითები უამრავია.

გარდა ამისა, გასული წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური იყო პარლამენტის სხდომათა დარბაზში არმყოფი დეპუტატების ნაცვლად ხმის მიცემა მათი კოლეგების მიერ. არაერთი ვიდეომასალა გამოქვეყნდა აღნიშნულ თემაზეც, თუმცა მას ადეკვატური რეაგირება ან მდგომარეობის გამოსწორება არ მოჰყოლია. ასევე, სამწუხაროდ, იშვიათი მოვლენა არაა, როდესაც კანონპროექტი მნიშვნელოვან გადამუშავებას მესამე მოსმენისას განიცდის, სწორედ მაშინ, როდესაც პარლამენტის რეგლამენტი მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანას უშვებს. ასე მოხდა, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვისას, რაც კანონის უხეში დარღევაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოს პარლამენტში  მუშავდება პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი. აღნიშული პროცესი სრულიად დახურულია. გუშინ ცნობილი გახდა ახალი რეგლამენტის ფარგლებში მომზადებული ერთ-ერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების კამერებით მუშაობის შეზღუდვას გულისხმობს. უმჯობესია საქართველოს პარლამენტმა საკუთარი ძალისხმევა მიმართოს ზემოთ აღნიშნული მრავალგვარი დარღვევების აღკვეთისაკენ, და არა ჟურნალისტებისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებისაკენ. გამოვთქვამთ იმედს, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტი მიმართული იქნება არა დღეს არსებული გამჭვირვალობის სტანდარტების გაუარესების, არამედ მათი კიდევ უფრო ამაღლებისაკენ, რაც პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით უფროდაუფრო აქტუალური ხდება. ასევე, ახალმა რეგლამენტმა აქცენტი უნდა გააკეთოს დღეს არსებული სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრაზე, მათ შორის: რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, საკანონმდებლო პროცესისათვის უფრო ხანგრძლივი ვადების დადგენასა და მათ ზუსტად გაწერაზე.

2012 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნის დღეს, გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ თავიანთ საქმიანობას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და წარმართონ ის კანონის სრული დაცვით. ასევე, მოვუწოდებთ საქართელოს პარლამენტს, საჯარო გახადოს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის შემუშავების პროცესი და მისცეს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს.