სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

2014-07-30 13:09
Featured image

2014 წლის 30 ივლისს, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC), “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” (TI) და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია), ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც კვლევის პრეზენტაცია შედგა. კვლევა განხორციელდა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ფარგლებში.

 
ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევა შეეხება მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემას და მასში გაერთიანებულია მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი, გააზრებულია საერთაშორისო სტანდარტები და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. კვლევაში, ასევე, წარმოდგენილია მოსამართლეთა დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პრაქტიკის მიმოხილვა. 
 
კვლევის მიზანია, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების სწორი გააზრებისა და დაბალანსების ფონზე, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის შექმნას. ამ მიზნით, კვლევაში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა ფორმირების პროცესში, კვლევის ავტორებმა გაითვალისწინეს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ქვეყანაში არსებული გამოწვევები, დაგროვილი გამოცდილება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების დაბალანსების კუთხით, საერთაშორისო დონეზე არსებული საუკეთესო მაგალითები.
 
პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID)  და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)  მეშვეობით.