სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში სავარაუდოდ ,,მაყურებლების“ არსებობასთან დაკავშირებით პროკურატურას და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართავს

2014-07-16 15:52
Featured image

 2014 წლის 15 ივლისს, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა შავლეგ გურგენიძემ საიას ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და დროულ რეაგირებას საჭიროებს. საქმე ეხება აღნიშნულ დაწესებულებაში სავარაუდოდ არსებულ ე.წ. ,,ციხის მაყურებლების“ პრობლემას.

 შავლეგ გურგენიძე საიასათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში უთითებს მე-8 დაწესებულების ,,ა“ კორპუსში მყოფ ორ პიროვნებაზე, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და სავარაუდოდ წარმოადგენენ ე.წ. ,,მაყურებლებს“.  შავლეგ გურგენიძის განმარტებით, აღნიშნული პირები არიან ,,თემური და ოთარი (ერთ-ერთი გვარად არის ლოლუა). ეს პირები ზეწოლას ახდენენ სხვა პატიმრებზე“. ,,თემური და ოთარი სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილდებიან თავისუფლად, სხვა პატიმრებს სთხოვენ ტელეფონის ბარათს, სიგარეტის და სხვადასხვა პროდუქტების ყიდვას. თუ რომელიმე პატიმარი არ შეასრულებს მათ მითითებას, ოთარის ან/და თემურის მითითებით ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადაყავთ სხვა კორპუსში“. შავლეგ გურგენიძე  უთითებს, რომ ისიც რამდენჯერმე გახდა იძულებული  მათი მოთხოვნები შეესრულებინა. გურგენიძის განმარტებით, დასახელებულ პირებს მფარველობს #8 დაწესებულების დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების დარგში, ვინმე ილო.
 
 ამავე განცხადებაში შავლეგ გურგენიძე მიუთითებს, რომ ,,თუ პატიმარი ითხოვს ექიმთან შეხვედრას და ეძახის დაწესებულების თანამშრომლებს, მსჯავრდებულები ოთარი ან/და თემური აგინებენ მსჯავრდებულს, უყვირიან და შემდეგ ადმინისტრაციის თანამშრომლებს აძლევენ მითითებებს, რომ მსჯავრდებული გადაიყვანონ სხვა კორპუსზე, რასაც ადმინისტრაციის თანამშრომლები ასრულებენ და მსჯავრდებული გადაყავთ სხვა კორპუსზე".
დასახელებული ფაქტები დაუყოვნებლივ შესწავლას მოითხოვს. დაუშვებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონკრეტული პატიმრების მხრიდან გავლენის მოპოვების და ციხის ადმინისტრაციის საქმიანობაში მათი ჩარევის პრაქტიკის არსებობა, მით უმეტეს თუ ამის შედეგად სხვა პატიმრების უფლებები ირღვევა. საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში შეისწავლონ მითითებული ინფორმაცია და მისი დადასტურების შემთხვევაში ყველა შესაბამის პირს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისროს.