სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხზე ახალციხეში შეხვედრა გამართა

2014-07-11 14:49
Featured image

 2014 წლის 10 ივლისს საიამ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში  მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გამართა. ღონისძიებას საიას პარტნიორი ორგანიზაციის - სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სომხეთში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  

შეხვედრა ახალციხის USAID-ის ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას ახალციხის საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები ესწრებოდნენ.  
 
საიას წარმომადგენლებმა ღონიძისძიების მონაწილეებს ადგილობრივი თვითმმართვლობის რეფორმის ძირითად სიახლეებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა აქტიურად მონაწილეობის ხელშემშლელ გარემოებებზე, ასევე ამ კუთხით   არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.   
 
ღონისძიება პროექტის - „მოქალაქეების თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ევროკავშირის გამოცდილების გაცნობა“ - ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და ჩეხეთის ორგანიზაცია  „აგორა ცე“-სთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. 
 
პროექტი 1 მაისიდან საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და სომხეთში, ლორის რეგიონში  ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს - ჩეხეთის რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას; საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდასა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, საზოგადოების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებას.
 
პროექტის დასრულების შემდგომ  საია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ხოლო  სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლორის რეგიონის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სამოქალაქო ზედამხედველობის განხორციელების კუთხით არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ, რომელიც    თემით დაინტერესებულ საზოგადოებას წარედგინება.