GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

28 მარტი, 2019

ა.წ. 28 მარტს, საიამ კვლევის „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალური საკითხები“  პრეზენტაცია გამართა.

კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, კვლევაში გაანალიზებულია ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობა. კვლევის მიზნებისთვის, საიამ შეისწავლა და შეაფასა სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების, ასევე პროკურატურისა და სასამართლოს მიდგომების, მოძალადეებისა და ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები.

სახელმწიფომ მსგავს საქმეებზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა, თუმცა კვლავაც იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები და გამოწვევები. კვლევაში შეფასებულია როგორც პრაქტიკაში არსებული პრობლემები, ისე საკანონმდებლო ხარვეზები.

 

დაკვირვების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

- ძალადობის მსხვერპლებთან ინტერვიუმ აჩვენა, რომ ძალადობის გამომწვევი მიზეზი  ხშირად არის მოძალადეთა მხრიდან მსხვერპლის ქცევის კონტროლის სურვილი, მოძალადეების ნებასთან შეუსაბამო მოქმედება და ოჯახში არსებული დაქვემდებარებული და სტერეოტიპული როლები;

- საიას წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ როდესაც ოჯახურ კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე აცხადებს, რომ დაექვემდებარა ძალადობას, იკვეთება პოლიციის მხრიდან მსხვერპლის იდენტიფიცირების პრობლემა. მსგავს შემთხვევებში, შემაკავებელი ორდერი გამოიცემოდა როგორც მოძალადის, ისე მსხვერპლის მიმართ, რაც მიუთითებს პოლიციის მიერ მოძალადისა და მსხვერპლის გარჩევის სირთულეზე;

- შსს-ის წარმომადგენლებთან ინტერვიუებმა გამოავლინა, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება გამოწვევაა, როდესაც მსხვერპლი თავს იკავებს ძალადობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისგან ან/და აქვს გამოძიების დაწყებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება;

- ინტერვიუებმა გამოკვეთა, რომ შემაკავებელი და დამცავი ორდერების მონიტორინგის მიზნით, არ ტარდებოდა პროაქტიული ღონისძიებები სამართალდამცავთა მხრიდან. ორდერის პირობების დარღვევის გამოვლენა უმეტესად მსხვერპლის ინიციატივაზე იყო დამოკიდებული. მართალია, 2018 წლიდან შსს-ში დაინერგა ორდერების მონიტორინგის მექანიზმი, თუმცა, საიას მოთხოვნის მიუხედავად, არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული მექანიზმი;

- 2017 წლის პერიოდში შესწავლილი 102 გადაწყვეტილებიდან, პროკურატურის მხრიდან მხოლოდ 2(2%) შემთხვევაში იყო გამოკვეთილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. რაც შეეხება 2018 წელს, შესწავლილი 131 გადაწყვეტილებიდან 3(2%) შემთხვევაში მოხდა დისკრიმინაციული მოტივი გამოკვეთა ბრალდების მხარის მიერ; სასამართლომ არცერთ შემთხვევაში არ გაიზიარა პროკურორის არგუმენტაცია დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა არ გამოყენებულა;

- განაჩენების ანალიზმა ცხადყო, რომ ოჯახური დანაშაულების  ჩადენისას, ძირითადად, განაჩენი დგება ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. დადებითად აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით გაზრდილია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე რეაგირების სტატისტიკა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება მსგავსი ტიპის ძალადობის იდენტიფიცირება და მასზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება;

- სასამართლო განჩინებების შესწავლამ აჩვენა, რომ 2018 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა პროკურატურის პოლიტიკა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ნაწილში. კერძოდ, 2017 წელს შესწავლილი 54 განჩინებიდან 12 (22%) შემთხვევაში მოითხოვა პროკურატურამ გირაო, ხოლო 2018 წელს პროკურატურამ 77 საქმიდან მხოლოდ 4 (5%) შემთხვევაში მოითხოვა გირაო;

- ინტერვიუებმა და გამოთხოვილმა საჯარო ინფორმაციამ ცხადყო, რომ გამოწვევაა ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრით ეფექტურად სარგებლობა. რიგ შემთხვევაში, მსხვერპლებს უწევთ სხვა ქალაქში წასვლა თავშესაფრის მისაღებად, რადგანაც კონკრეტულ ქალაქში არ არის თავისუფალი ადგილი. ცალკეულ შემთხვევებში მსხვერპლთათვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, თუნდაც დროებით, სამსახურის ან/და არასრულწლოვანი შვილების ყოლის გამო შეუძლებელია;

 

კვლევა საიას მიერ განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.  

 

იხილეთ კვლევა 

 

სხვა სიახლეები