სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს მთავრობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დისკრიმინაციული ხასიათის ნორმატიულ აქტებს სასამართლოში ასაჩივრებს

2015-03-13 11:29
Featured image

2015 წლის 13 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთ-ერთი დევნილის სახელით  მიმართა სასამართლოს საქართველოს მთავრობის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის იმ ნორმატიული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც მოქალაქეობის ნიშნით დევნილთა ერთი ჯგუფის პირდაპირ დისკრიმინაციას იწვევს. კერძოდ, არსებული რეგულაციის პირობებში, სამინისტრო არ განიხილავს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილ განაცხადებს, რომელთა ოჯახის წევრს (წევრებს) საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა (აქვს ორმაგი მოქალაქეობა). ამ დროისათვის უკვე 218 დევნილი ოჯახის განაცხადი დარჩა განუხილველი მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ოჯახის წევრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. 

ყველა დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში. სახელმწიფო ვალდებულია დევნილები უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებლით. არსებული რეგულაციის პირობებში სამინისტრო მოცემულ ეტაპზე დევნილთა დროებითი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ვალდებულებას ახორციელებს მხოლოდ იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან, რაც  მოქალაქეობის ნიშნით ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას იწვევს. არსებული ნორმების პირობებში, იმ დევნილებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ერთმევათ შესაძლებლობა თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამაზე. 

საია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თვითონვე უზრუნველყონ საკუთარი ნორმატიული აქტების  ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და აღმოფხვრან არსებული დისკრიმინაციული რეგულაციები.