სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია უერთდება პრესის ასოციაციის განცხადებას და დღევანდელ აქციას ქ. თბილისის მერიის მიერ პრესის გავრცელების პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით

საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პოზიტიური ვალდებულება აკისრია, მისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმ პირდაპირი თუ ირიბი ფაქტორების აღმოფხვრაში, რომელთა არსებობა ხელს შეუშლის თავისუფალი სიტყვის გავრცელებას. საია იზიარებს პრესის ასოციაციის შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სავაჭრო ჯიხურების განთავსებაზე აუქციონის იმ ფორმით ჩატარება, როგორც ეს განახორციელა ქალაქ თბილისის მერიამ თავისუფალი კონკურენციის ფარგლებში, სხვა არაფერია თუ არა ჟურნალ-გაზეთების გავრცელების ირიბი ფორმით შეზღუდვა. დაუშვებელია, კვების პროდუქტებისა და ჟურნალ-გაზეთების გაყიდვის მიზნით, სავაჭრო  ჯიხურებზე ნებართვის გაცემა ხდებოდეს სრულიად იდენტური პირობებით და ერთმანეთისაგან გაუმიჯნავად.

2011-11-29 07:17 სრულად ნახვა

საიას განცხადება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით

2011 წლის 18 ნოემბერს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა. მსაჯულებმა 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ დამნაშავედ ცნეს ბრალდებული პირები. 19 ნოემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი დაზარალებული პირის ოჯახის წევრებს შეხვდა და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა სასამართლოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა "სწორი" გადაწყვეტილება მიიღეს, დამნაშავეები დასაჯეს და ერთგვარი მადლიერებაც გამოხატა მსაჯულების მიმართ, გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების გამო.

2011-11-26 11:50 სრულად ნახვა

საიას შენიშვნები ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის დებულების პროექტზე

2011 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ორგანულ კანონში ”საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი კომისია. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც კომისიის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი საკითხების მოწესრიგება, როგორიცაა აღნიშნული კომისიის მანდატისა და საქმიანობის წესის მკაფიოდ განსაზღვრა, კომისიის დანახარჯების დეტალურად დადგენა და კომისიის ხელთ არსებული ფინანსების მონიტორინგისა და მისი საქმიანობის შეფასებისათვის გარკვეული მექანიზმების შემუშავება.

2011-11-25 16:47 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, მყისიერი და ქმედითი რეაგირება მოახდინოს გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის საქმეზე

გაზეთ “ბათუმელების” ინფორმაციით, 2011 წლის 20 ნოემბერს დაადგინეს პიროვნება, რომელიც მათი გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. კერძოდ, 2009 წლის 25 ნოემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, იგი შანტაჟის გზით აიძულებდა თედო ჯორბენაძეს, სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავიდანვე იცავდა თედო ჯორბენაძის ინტერესებს და ითხოვდა დროულ და ეფექტურ გამოძიებას. 2011 წლის 20 ნოემბერს შანტაჟის თვითმხილველმა, გაზეთის გამომცემელმა ქალბატონმა მზია ამაღლობელმა ამოიცნო დავით დევნოზაშვილი ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინასთან, თბილისში, დოლიძის #26-ში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მზია ამაღლობელმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, მათთან ერთად იყვნენ გამომძიებლები. მზია ამაღლობელის განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ადგილზე ოქმი არ  შეადგინა, ანუ არ მოახდინა მომხდარი ფაქტის დოკუმენტირება. მათი სიტყვიერი განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს.

2011-11-21 13:57 სრულად ნახვა

საია ეხმაურება პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტსა და მის განხილვასთან დაკავშირებულ პროცესებს

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა ინიცირება გაუკეთა პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონსტიტუციის ნაწილობრივი გადასინჯვის მიზნით, სავალდებულოა შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელიც პარლამენტის მიერ პროექტის განხილვამდე ერთი თვის განმავლობაში შეისწავლის მასთან დაკავშირებულ მასალებს. 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა კომისია 28 წევრის შემადგენლობით. საია აღნიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრია, თუმცა, ამის შესახებ ჩვენთვის მხოლოდ დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მსგავს კომისიებში მონაწილეობის საკითხი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან წინასწარ იქნება შეთანხმებული. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

2011-11-18 08:51 სრულად ნახვა

საიას განცხადება ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით

დღეს 16 ნოემბერია, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. საია ყველა განსხვავებულ სოციალურ ჯგუფს ულოცავს ამ თარიღს. ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ყოველწლიურ აღნიშვნას საფუძველი  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1996 წლის 51/95 რეზოლუციამ დაუდო. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ტოლერანტობა წარმოადგენს გაეროს წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის, ომის თავიდან აცილებისა და მშვიდობის შენარჩუნების საშუალებას. ტოლერანტობის პრინციპის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ავალდებულებს, ყველა პირი ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით უზრუნველყოს რასობრივი, გენდერული, ენობრივი და რელიგიური განსხვავების მიუხედავად. საქართველოს კონსტიტუცის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიური და ეთნიკური, ასევე ისეთი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას, რომელიც კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული.  

2011-11-16 10:41 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით გორსა და თელავში საჯარო დისკუსიები გამართეს

2011 წლის 8 და 11 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით ქ.გორსა და თელავში საჯარო დისკუსიები გამართეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების, პოლიტიკური პარტიების, საოლქო საარჩევნო კომისიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ღონისძიება ,,საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ - IFES საქართველოს წარმომადგენლობისა და USAID-ის  მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაცნობა. ორგანიზაციების რეკომენდაციები შეეხება ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს, არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობისა და მონიტორინგის საკითხებს, საარჩევნო სიების ფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

2011-11-11 19:32 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა სარედაქციო ჯგუფთან

10 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით სარედაქციო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ  სარედაქციო ჯგუფში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე პროცესში ჩართული სხვა დაინტერესებული პირები.  ღონისძიება "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" -  IFES  საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების პრეზენტაცია. კერძოდ, პოლიტიკური პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საკითხები; საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებული ცვლილებები, რომლებიც არ ყოფილა პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი; სხვა პრობლემური საკითხები, რომელიც საარჩევნო კოდექსის პროექტის მიღმა რჩება. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. შეხვედრის დროს საინტერესო დისკუსია გაიმართა, რომლის დროსაც თითოეულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სარედაქციო ჯგუფში შემავალი მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები. არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნების გარკვეული ნაწილი სარედაქციო ჯგუფის წევრებმაც გაიზიარეს.  

2011-11-11 08:32 სრულად ნახვა

საია განცხადებას აკეთებს გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით

საია შეშფოთებას გამოთქვამს პატიმარ მურმან კალანდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ზუგდიდის მე-4  საპყრობილის პატიმარი 2011 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა საპყრობილიდან თბილისის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ჩვენთან საუბარში გამოთქვა ეჭვი, რომ მ. კალანდიას გარდაცვალების მიზეზი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობაა.

2011-11-04 13:48 სრულად ნახვა

პროექტის „ერთად დავგეგმოთ მშვიდობა“ დასკვნითი შეხვედრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA),  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტისა (CIPDD) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით  საჯარო დისკუსია გაიმართა, თემაზე :  “მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ეროვნული და რეგიონული გამოწვევების გადალახვა”. შეხვედრაზე ოთხმა ჯგუფმა იმუშავა შემდეგ საკითხებზე: 1.    სამოქალაქო ინტეგრაცია: საერთო ინტერესების შექმნა რეგიონებს/ეთნიკურ ჯგუფებს შორის ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში; 2.    ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის დიალოგის შესაძლებლობებისა და უფრო მეტ ინტეგრაციასთან დაკავშირებული სიძნელეები; 3.    ქვემო ქართლში სოფლის მეურნეობის რესურსების არათანაბარი და არასამართლიანი განაწილების აღქმის დაძლევა4.    რეგიონებში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის გზით.

2011-11-04 13:41 სრულად ნახვა