GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

10 დეკემბერი, 2015

2015 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატივისცემის თვალსაზრისით. კონკრეტული საქმეებისა და ტენდენციების პარალელურად, რომლებიც უარყოფით შეფასებას იმსახურებს, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ, მიუხედავად ამ მიმართულებით გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, ვერ იქნა მიღწეული უფლებების ეფექტური რეალიზაციისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინსტიტუტების - შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სასამართლოს - პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და ეფექტურობა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არაფორმალური მმართველობის გავლენა და სეკულარიზმის პრინციპის არასათანადო პატივისცემა.

მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ადამიანის უფლებათა დასაცავად, როგორც სამართალწარმოების, ასევე მონიტორინგის, ადვოკატირებისა და საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის გზით.

ჩვენი შეფასებით, წლის განმავლობაში აქტუალურ თემებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები სამართალდამცავთა მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება ასეთ ფაქტებზე, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციის, გამოძიების და დასჯის მიმართულებით არსებული პრობლემები, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევის ფაქტები, უმცირესობათა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიება, პლურალისტური და კრიტიკული მედია გარემოს შენარჩუნების მიმართულებით შექმნილი აშკარა საფრთხეები, მკაფიო, გამჭვირვალე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა 2004-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და დაზარალებულთა უფლებების აღსადგენად, შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები და ეფექტური მანდატის მქონე შრომის ინსპექციის არარსებობა, პროკურატურისა და შსს-ს არასრული რეფორმები, რომელთა პრაქტიკაში იმპლემენტაციაც ასევე სერიოზული ხარვეზებით წარიმართა, სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები და რეფორმის მესამე - შეფერხებული ტალღა, პოლიტიკური ნების არარსებობა მოწმეთა დაკითხვის გადავადებული წესის ასამოქმედებლად და არსებითად ხარვეზიანი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ამ მიმართულებით, მმართველი ძალის უარი საარჩევნო რეფორმაზე უფრო თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და სხვ.

მიღწევებს შორის უდავოდ აღნიშვნის ღირსია: წარმატებით გადადგმული არაერთი ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, რომელიც უდავოდ წარმოადგენს ამ მიმართულებით მეტად პროგრესულ კანონმდებლობას, ასევე, წინასწარი პატიმრობის აუცილებლობის პერიოდული შემოწმების ვალდებულების დაკისრება სასამართლოსათვის, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმის გზაზე, საქართველოს პარლამენტის ჩართვა ღია მმართველობის პარტნიორობაში და თანმდევი სამოქმედო გეგმის დამტკიცება, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწა, სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისათვის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფოტოგადაღების უფლებამოსილების მინიჭება - თუმცა, მხოლოდ 2016 წლის 1 სექტემბრიდან; ასევე, შემაკავებელი/დამცავი ორდერების გაცემის რაოდენობის გაზრდა და  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად და სხვა.

დადებით შეფასებას იმსახურებს ხელისუფლების მხრიდან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული არაერთი ვალდებულების შესრულება, თუმცა, ამ დრომდე არ შესრულებულა OGP-ს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ორი უმთავრესი ვალდებულება. კერძოდ, მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების Ichange.ge პორტალის და ინფორმაციის თავისუფლების აქტის სათანადო ფორმით მომზადების ვალდებულება.

წამება და არასათანადო მოპყრობა

  1. წლის შემდეგ არასათანადო მოპყრობა აღარ წარმოადგენს სისტემურ პრობლემას, თუმცა, კვლავაც მწვავედ დგას როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი არასათანადო მოპყრობის შემთხვევების არაეფექტური გამოძიება.
  2. მოპყრობის რისკებს ასევე ქმნის გარკვეული ხარვეზები კანონმდებლობაში, მაგალითად, მინისტრის ბრძანებები (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს #200; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს #116 და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის 2011 წლის 30 მაისის #97 ბრძანებები), რომლებიც, პატიმრის გასინჯვის მიზნით, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელს უფლებას აძლევს, გააშიშვლოს და ბუქნები გააკეთებინოს პატიმარს. აღნიშნული ბრძანებები ბლანკეტურად ეხება ყველა პატიმარს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. მიმდინარე წელს საიამ აღნიშნული ბრძანებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
  3. რომ ხშირად არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლებს გამოძიება არ ანიჭებს შესაბამის სტატუსს, რაც მათ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით.
  4. პრაქტიკას წარმოადგენს ისიც, რომ შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელების თაობაზე მოკვლევას იწყებს შსს-ს გენინსპექცია, ნაცვლად იმისა, რომ საქმე დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს პროკურატურას, იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

2015 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული შეკრების მონაწილეთა თავდასხმისათვის ბრალდებული 4 პირი. თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით,  ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რა კავშირი არსებობდა 2013 წლის 17 მაისს მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლასა და ბრალდებულების მიერ ჩადენილ ქმედებას შორის. თბილისის საქალაქო სასამართლოს თქმით, საქმეზე არ ჩატარდა ეფექტური გამოძიება, პროკურატურამ არ ჩაატარა იმ ვიდეოს ექსპერტიზა, რათა ამოცნობილი ყოფილიყვნენ სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირები. პროკურატურას ასევე არ წარუდგენია 2013 წლის 17 მაისს დაზიანებული ავტობუსის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა.

  • გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დაკისრებული ვალდებულება, ჩაეტარებინა გამოძიება არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დაედგინა და დაესაჯა არასათანადო ქმედების ჩამდენი პირები.   

სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა

2012 წლამდე პერიოდთან შედარებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის ზოგადი ტენდენციის პარალელურად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული საქმეები, რომლებშიც იკვეთება არასათანადო გავლენები - მათ შორის, პოლიტიკური ხასიათის - მართლმსაჯულების პროცესზე. სასამართლოს დამოუკიდებლობას და საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ ზიანს აყენებს ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის და დაწინაურების პროცესების გაუმჭვირვალედ წარმართვა.

2015 წელს გაგრძელდა ცალკეული მიმართულებებით სასამართლო მიდგომების გაუმჯობესების ტენდენცია სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას. თუმცა, მაგალითად, კვლავ მაღალია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი მიუხედავად წინა წლებთან შედარებით დაფიქსირებული მცირედი კლებისა.  პროკურატურის შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ კვლავ დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარე ფორმალურად მიუთითებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებზე და არ საუბრობს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე. პატიმრობა, როგორც აღკვეთის უკიდურესი ღონისძიება, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, საგამონაკლისო ღონისძიების სახით.

მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული სტატისტიკის მიხედვით,[1] ჩხრეკა-ამოღების ღონისძიების ჩატარების თაობაზე წინასწარი ნებართვის მისაღებად ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა 462 შემთხვევაში. აქედან სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა 431 შუამდგომლობა, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების ღონისძიების კანონიერად ცნობის 2086 შუამდგომლობა განიხილა სასამართლომ. აქედან 1264 შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების ღონისძიება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ჩხრეკა-ამოღების ჩატარება არის საგამონაკლისო ნორმა, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ზემოაღნიშნული სტატისტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პროცენტულობა კვლავ მაღალია. ისევ არსებობს მიზეზი, რომ ეჭვი შევიტანოთ სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიერ იმ ვალდებულებების შესრულებაში, რომლის მიხედვითაც, მათ არ უნდა ჩაატარონ ან დააკანონონ ჩხრეკა და ამოღება, თუ სათანადოდ არ იქნება არგუმენტირებული გადაუდებელი აუცილებლობა.

სამწუხაროა, რომ რიგ შემთხვევებში - განსაკუთრებით პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში - სასამართლო ხელისუფლება ვერ ახერხებდა გადაწყვეტილების მიღებას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სასარგებლოდ და სანაცვლოდ - არაპროპორციულად ზღუდავდა მათ კანონის სახელით.

2014 წლის განმავლობაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა სასამართლოს რეფორმირების მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტი.

დისკუსია მესამე ტალღის კანონპროექტებთან დაკავშირებით დაძაბულ და პოლარიზებულ რეჟიმში მიმდინარეობდა ისე, რომ პრაქტიკულად ვერ მოხერხდა ყველა დაინტერესებული პირის - კანონპროექტის ავტორის, მოსამართლეთა კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების - თავმოყრა  და დიალოგის უზრუნველყოფა კონკრეტულ ფორმატში, სადაც, ერთი მხრივ, დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა ექნებოდათ, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფილი იქნებოდა დიალოგისა და, ზოგადად, რეფორმის პროცესის გამჭვირვალობა.

სასამართლოს რეფორმის კუთხით, განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიცაა საქმეთა განაწილების ელექტრონულ წესზე გადასვლა და მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემის რეფორმა. მესამე ტალღის კანონპროექტები ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს ორივე მიმართულებით, თუმცა მათი მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ გაურკვეველი მიზეზით გაჭიანურდა. ამის პარალელურად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს არსებული გაუმჭვირვალე პროცედურებით და მანკიერი პრაქტიკის გამოყენებით, რაც სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობის და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების პერსპექტივას. გასათვალისწინებელია, რომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხდება ამგვარი გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი პროცედურებით დანიშნული მოსამართლეების თანამდებობებზე გამწესება უვადოდ.

შსს და პროკურატურის რეფორმა

2015 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმის დაწყება წარმოადგენდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში თავმოყრილი ჭარბი ძალაუფლების გათვალისწინებით, ინიციატივა იმთავითვე პოზიტიურად შეფასდა, თუმცა, არსებობდა არაერთი საკითხი, რომელიც არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ერთიანი და სტრუქტურიზებული რეფორმის კონცეფციის არარსებობა, რამაც მთელი რიგი საკითხების უგულებელყოფა გამოიწვა. კერძოდ, პროცესს მიღმა დარჩა ეფექტური შიდა კონტროლის მექანიზმებისა და გენერალური ინსპექციის რეფორმის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის, ფარული მოსმენების საკითხის მოგვარების, გამჭვირვალობისა და სასამართლო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების საჭიროება.

რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურს, მიუხედავად სამოქალაქო სექტორის კრიტიკული დამოკიდებულებისა, არ იქნა გათვალისწინებული მთელი რიგი რეკომენდაციები, რამაც ერთი ძლევამოსილი სამინისტროს დაშლით ორი სტრუქტურა მოგვცა შედეგად - ჭარბი ძალაუფლებით, დუბლირებული ფუნქციებითა და უფლებამოსილების გადაჭარბების მაღალი რისკებით. არ მოხდა უსაფრთხოების სამსახურის მანდატისა და უფლებამოსილებების ნათლად განსაზღვრა, სამსახურს მიენიჭა კლასიკური საპოლიციო უფლებამოსილება, მათ შორის, საქმის გამოძიების, პირთა ძებნა-დაკავების, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების, იძულებისა და პრევენციული ღონისძიებების გამოყენების თვალსაზრისით, ვერ იქნა უზრუნველყოფილი სამსახურის საქმიანობაზე ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმის შემუშავება და დანერგვა. სტრუქტურის გამჭვირვალობის დაბალი სტანდარტისა და მოსამსახურეთა შესაძლო გადაცდომებზე რეაგირების დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობის ფონზე, შენარჩუნდა სამსახურის საქმიანობის არამიზნობრივად, მათ შორის პოლიტიკური მიზნებისთვის, გამოყენების მომეტებული რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელებული რეფორმის მიუხედავად, კვლავ სახეზეა სისტემის წინაშე მდგომი არაერთი მწვავე პრობლემა, რომელიც არსებული რეალობის შესაბამისი სრულყოფილი და ადეკვატური ცვლილებების ინიცირებას საჭიროებს.

ანალოგიურად, არასაკმარისი და ხარვეზიანი იყო პროკურატურის რეფორმირების მიზნით გატარებული ღონისძიებები. რეფორმირების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ვერც მთავარი პროკურორის შერჩევის სისტემის დაცვას არასათანადო პოლიტიკური გავლენებისგან და ვერც, ზოგადად, პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირებას, რაც აღნიშნული რეფორმის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა. მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესიც, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა მთავარი პროკურორის არჩევის ცალკეულ ეტაპებზე დაკვირვების შესაძლებლობა, პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კომპონენტი - პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევისა და, შემდგომ, საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი - არ იყო ღია და გამჭვირვალე. როგორც საკანონმდებლო ცვლილებებში არსებულმა ხარვეზებმა, ასევე მათმა  პრაქტიკაში იმპლემენტაციამ საზოგადოებაში გააჩინა სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, რომ, როგორც პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრების, ისე საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი არ იყო პოლიტიკისაგან თავისუფალი. 

ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა

2015 წელს პრობლემად რჩება საკანონმდებლო ნორმების არარსებობა ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღკვეთისა და დასჯისთვის. ქალები, რომლებიც განიცდიან გენდერის ნიშნით ძალადობას, კვლავ რჩებიან სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გარეშე, თუ ქმედება არ ექცევა ოჯახში ძალადობის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენციის ხელმოწერასთან დაკავშირებით შემუშავდა ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი ძალადობის ყველა ფორმის აღსაკვეთად, პაკეტს კანონის სახე ჯერაც არ მიუღია.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის გამოძიებისა და დასჯის დროს კვლავ არ ხდება გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის გამოკვლევა და მისი გათვალისწინება სასჯელის დანიშვნის დროს. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო შსს-ს და პროკურატურის თანამშრომლებს, უმეტეს შემთხვევებში, სათანადო ორგანოების მიერ პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. პრობლემურია ქალთა თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეების გამოძიება. სახელმწიფოს არ გააჩნია არასრულწლოვანთა ქორწინების და მათ მიმართ სქესობრივი დანაშაულების პრევენციის და დასჯის ეფექტური მექანიზმი. სამართლებრივი სისტემა ამგვარი შემთხვევების დაუსჯელობას კვლავ საჯარო ინტერესის არარსებობით ამართლებს.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კვლავ არ არსებობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი კრიზისული ცენტრები, საკმარისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური სერვისები და ძალადობის სკრინინგის მექანიზმი სამედიცინო დაწესებულებებში. მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხი კვლავ დაურეგულირებელია.

ზემოხსენებული ხარვეზები ხელს უწყობს სახელმწიფოს მიერ მჩაგვრელი პატრიარქალური სტრუქტურების, ქალთა მიმართ არაეფექტური მართლმსაჯულებისა და საზოგადოებაში ქალთა დაქვემდებარებული როლის შენარჩუნებას.

მედია პლურალიზმი

2015 წელს ერთდროულად სამ ეროვნულ სატელევიზიო არხთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა მედია პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება. ამასთან, გაჩნდა დასაბუთებული ეჭვები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ცდილობდა კონტროლის დამყარებას გავლენიან სატელევიზიო არხებზე. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის წილებთან დაკავშირებით მიმდინარე დავის ირგვლივ  გაჩნდა არაერთი სერიოზული ეჭვი მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა მის მიერ მიღებული განჩინებების დასაბუთების დაბალმა სტანდარტმა, ასევე, პროკურატურაში მოსამართლის ოჯახის წევრისთვის ბრალის წაყენებამ მომხდარი ფაქტიდან 1 წელზე მეტი დროის შემდეგ და პროკურატურის განმარტების დაუსაბუთებლობამ აღნიშნულთან დაკავშირებით. ამავე დავის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლომ შექმნა მედიაში დროებითი მმართველის დანიშვნის უაღრესად საშიში პრეცედენტი, რომელსაც მიანიჭა, სხვა ფართო უფლებამოსილებებთან ერთად, არხის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე, ობიექტური და მიუკერძოებელი რეპორტაჟის მეთოდის გამოყენების უზრუნველყოფის უფლებამოსილება. აღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

შემოდგომაზე ,,იმედმა“ მოულოდნელად დახურა ამ არხის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუები ,,რეაქცია“ და ,,იმედის კვირა“. შედეგად, არხი დატოვა ამ გადაცემების წამყვანმა ინგა გრიგოლიამ. საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტის გაურკვეველი დროით შეჩერებამ, თანაც ისე, რომ აღნიშნულზე გადაცემის პროდიუსერები და ჟურნალისტები წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულნი, სერიოზული კითხვები გააჩინა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები, რომლებმაც ,,იმედზე“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვა გადაცემების არაობიექტურობით ახსნეს.[2]

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დახურა ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემა ,,პირველი სტუდია.“ საზოგადოებრივი მაუწყებლის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ეკა მიშველაძის პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრზე ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინება. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს პოზიცია შეცვალა და ეკა მიშველაძემ პირობა მიიღო, რომ მისი გადაცემა შეცვლილი ფორმატით ეთერში გავიდოდა.
2015 წელს, ასევე, დაფიქსირდა ჟურნალისტებზე ზეწოლის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის რამდენიმე შემთხვევა, რასაც ეფექტური რეაგირება არ მოჰყოლია[3]

კვლავ პრობლემად რჩება ჟურნალისტების და მედია ორგანიზაციების მიმართ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიება და დაუსჯელობა.    

 

შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება

2015 წლის განმავლობაში ხელისუფლება შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების საწინააღმდეგოდ აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლს (ქალაქის იერსახის დამახინჯება). გასული, მათ შორის, 2012 წლამდე პერიოდის მსგავსად, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობა) მუხლების სავარაუდო დარღვევისათვის კრიტიკული აზრის  გაუმართლებელი შეზღუდვის შეუცვლელ საშუალებად რჩება.  

იერსახის დამახინჯებისათვის დააკავეს ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და თავისუფალი ზონის წევრები შენობაზე პრემიერ ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ბანერის განთავსებისათვის, stop Russia-ს აქციის ჩატარებისას, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო სცენის მოწყობისათვის დააკავეს ,,ტაბულას“ თანამშრომელი ლექსო მაჭავარიანი. სამშენებლო ღობეზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს ტელეკომპანია ,,ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის თანამშრომელი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი. სამშენებლო პროექტი ,,პანორამას“ საწინააღმდეგოდ არანორმატიული ლექსიკის შემცველი პლაკატის აქციაზე გამოტანისათვის დააკავეს ,,პარტიზანი მებაღეების“ 10 წევრი და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცეს 7 პირი.  ქალაქ გორში პატრიოტთა ალიანსის აქციაზე პოლიციამ განახორციელა კარვის დემონტაჟი, ამის მიზეზად დასახელდა მკაცრი კლიმატური პირობების გამო აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის დაცვა.  

მეორე მხრივ, პოლიციისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა შეკრებების დროს ძალადობრივი მოქმედებების ეფექტური მენეჯმენტი, რასაც ადგილი ჰქონდა, მაგალითად, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან შეკრებილი პირების მიერ ამ ოფისების დარბევისას. ამ შემთხვევაში, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციის მოქმედებები ნაკარნახევი იყო შერჩევითი მიდგომით და მან ვერ უზრუნველყო პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვა.

 

  • უფლებები

 

  • მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დასაქმებულთა მხრიდან, სამსახურის დაკარგვის შიშით,  მათი უფლებების დაცვის მიზნით, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე უარის თქმა. დასაქმებულები არათუ ვერ გამოთქვამენ პროტესტს შრომის არასათანადო პირობებთან დაკავშირებით, არამედ არის შემთხვევები, როდესაც საწარმოო ტრავმის  შემთხვევაში, დაწესებულების/ორგანიზაციის ადმინისტრაცია სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით აიძულებს დასაქმებულს, განაცხადოს, რომ ტრავმა საწარმოში არ მიუღია. პრობლემად რჩება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა, ასევე, სამართლებრივი გარანტიების ნაკლებობა. 

2015 წლის თებერვლიდან ამოქმედდა „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც წარმოდგენილი  ფორმით არ არის ეფექტური და ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხო პირობებისა და დასაქმებულთა სხვა უფლებების დაცვას. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში შრომის პირობების მონიტორინგს, რომლებმაც წინასწარი წერილობითი თანხმობა განაცხადეს. ამასთან, პროგრამა გულისხმობს დამსაქმებლების წინასწარ ინფორმირებას მონიტორინგის თაობაზე,

მნიშვნელოვანია, დროულად ამოქმედდეს სათანადო ინსტრუმენტებით აღჭურვილი შრომითი ინსპექცია. ასევე, შრომის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები შრომის კოდექსსა და სხვა კანონქვემდებარე აქტებში.

განცხადების სრული ვერსია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში

 

 

 

სხვა სიახლეები