სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

2015-06-26 10:52
Featured image

26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს წამების მსხვერპლებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული, დამოუკიდებელი და სრულყოფილი გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა წამებასთან ბრძოლის მიმართულებით. მართალია რამდენიმე თვის დაგვიანებით, მაგრამ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, შემუშავდა და დამტკიცდა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის 1 სექტემბრიდან ფოტოგადაღების უფლება მიენიჭათ. 
 
თუმცა, როგორც საკანონმდებლო ასევე პოლიტიკის თვალსაზრისით კვლავ რჩება ხარვეზები, მათ შორის აღსანიშნავია სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულის მიმართ ჩადენილი წამების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოსამართლის უაღრესად ფორმალური და შეზღუდული როლი, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულზე. 
 
ამასთან, აღიარებულია, რომ წამებასთან ბრძოლის უმთავრეს მექანიზმს და სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებას არა მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავება, არამედ უპირეველესად წამების შემთხვევების დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა წარმოადგენს. 
 
წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება არასრული და არაეფექტურია. 
 
რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 7 წლის თავზე, ომის დროს ჩადენილი წამების არაერთი ფაქტი, რომლებიც ადამიანის უფლებათა სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებს წარმოადგენს, კვლავ რეაგირების გარეშე რჩება. ამ დანაშაულებზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე გამოძიების ეფექტურობას, დამოუკიდებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით კვლავაც არსებობს მნიშვნელოვანი კითხვები. 
 
ასევე პრობლემად რჩება ანგარიშვალდებულება საქართველოს ციხეებში ახლო წარსულში ჩადენილ წამების ფაქტებთან დაკავშირებით, რაც სისტემურ ხასიათს ატარებდა. ამასთან, პატიმრების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რიგი პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ არასათანადო მოპყრობაში, კვლავაც რჩებიან სასჯელაღსრულების სისტემაში. 
მართალია, 2012 წლის შემდეგ არასათანადო მოპყრობის მასშტაბი ერთმნიშვნელოვნად შეცვლილია და იგი აღარ წარმოადგენს სისტემურ პრობლემას, თუმცა კვლავაც მწვავედ დგას როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი წამების და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების არაეფექტური გამოძიება.  პრობლემად რჩება ისიც, რომ როგორც წესი, გამოძიება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე იწყება არა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, არამედ უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით, რაც საკითხისადმი იმთავითვე არასწორ მიდგომას წარმოადგენს.
 
მიუხედავად უფლებადაცვითი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ექსპერტებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა, საქართველოში დღემდე არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, ასევე არ არსებობს ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი. გამჭვირვალობის უაღრესად დაბალი ხარისხით ხასიათდება პროკურატურაში ახლადშექმნილი დეპარტამენტის საქმიანობა, რომლის ერთ-ერთ მიზანს სწორედ წამების ფაქტების გამოძიება წარმოადგენს. საზოგადოებისათვის უცნობია აღნიშნული დეპარტამენტის როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტულად წამების საქმეებზე დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, საქმეთა შერჩევის კრიტერიუმები და პრიორიტეტები. აღნიშნული დოკუმენტების არსებობა და საჯაროობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა არ გაჩნდეს როგორც ბრალდებულების, ასევე დაზარალებულთა მიმართ შერჩევითი სამართლის საფრთხე.
 
ასევე რიგ შემთხვევებში, პრობლემად რჩება პატიმრების სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა. პატიმართა დაცვა ღირსებისშემლახავი, არაადამიანური და დამამცირებელი საცხოვრებელი პირობებისაგან სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს. 
 
დაბოლოს, წამებასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, უაღრესად საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს ახლახანს მომხდარი ფაქტი, როდესაც პატიმარს, ომბუცმენისათვის არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცრუ დასმენისათვის წაუყენეს ბრალი.  აღნიშნული შემთხვევა მნიშვნელოვან ჩრდილს აყენებს სახელმწიფოს დეკლარირებულ პოლიტიკას და საფრთხეს უქმნის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტურ ფუნქციონირებას წამებასთან ბრძოლის მიმართულებით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს წამების მსხვერპლებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
 
არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სახელმწიფოს დეკლარირებულ პოლიტიკას წამების წინააღმდეგ და უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტური ფუნქციონირების პირობები; 
 
უზრუნველყოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სათანადო რეაგირება, მათ შორის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის გზით;
 
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, შეიმუშავოს ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი და უზრუნველყოს მისი დროული ამოქმედება;
 
გააძლიეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო გარანტიები, მათ შორის უზრუნველყოს მოსამართლის როლის გაზრდა წამების წინააღმდეგ ბრძოლაში;
 
უზრუნველყოს თითოეული პატიმრისათვის სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები;
 
უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.