სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში

2020-05-04 04:12
Featured image

პროექტის სახელი: თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში 

ხანგრძლივობა: აგვისტო, 2019 - აგვისტო, 2022

ბიუჯეტი: 516’642 აშშ დოლარი

კომპონენტი: არჩევნები

დონორი: USAID

მიზანი: თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა.

2019 წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერას. 

საია-ს ადვოკატირების პროცესი ანალიზს დაეფუძნება და საარჩევნო კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შეცვლისკენ იქნება მიმართული. აღნიშნული სტრატეგიის ინოვაციური იარაღი პოლიტიკური თანასწორობის ინდექსია (Political Equality Index, PEI), რომლის მიზანიც სხვადასხვა, მათ შორის მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების, საარჩევნო-პოლიტიკური თანასწორობის ხარისხის გაზომვა იქნება. ინდექსი აჩვენებს რამდენად მჭიდრო კავშირია  პოლიტიკურ პროგრამებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საზოგადოების საჭიროებებს შორის. 

პროექტის ძირითადი მიზნებია: 

- ჰორიზონტალური და ვერტიკალური ჩართულობა;

- სამიზნე ჯგუფებისა და ძირითადი მოთამაშეების გაძლიერება; 

- ადვოკატირება სისტემურ დონეზე გრძელვადიანი ცვლილებების მისაღებად. 

პროექტის მიზნების მისაღწევად საია შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:

ანალიზი/ანგარიშგება: არჩევნებს შორის პერიოდში, საია შეისწავლის არსებულ პოლიტიკურ სისტემას და მის მოქმედებას. ამ პროცესში, ორგანიზაცია გააანალიზებს სიძულვილის ენის გამოყენებას (მთავარი ფოკუსი თანასწორობის საკითხი იქნება). 

ადვოკატირება: საია, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მიგნებების შესაბამისად, ხელს შეუწყობს საარჩევნო-პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას. ამ მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია საარჩევნო დავების სტრატეგიული სამართალწარმოებისა და საარჩევნო კანონმდებლობის  რეფორმის მიმართულებით იმუშავებს. ამასთან, საია შეიმუშავებს საარჩევნო დავების განხილვის სასწავლო მოდულს მოსამართლეთათვის. 

პოლიტიკური თანასწორობის ინდექსი (PEI): საია შეისწავლის პოლიტიკური პარტიების საჯარო პოზიციონირებას, მათ პროგრამებს, საარჩევნო გარემოს და სხვა. ორგანიზაცია გასცემს ქვე-გრანტებს აღნიშნული მონაცემების შეგროვება-ანალიზისთვის პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის შემუშავების მიზნით.