სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ – VI, VII შემაჯამებელი ანგარიშები

2007-09-19 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კამპანიის - ”საქართველოს მთავრობა - თაკარა მზის ქვეშ” ფარგლებში სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის ამსახველი, რიგით მეექვსე და მეშვიდე შემაჯამებელი ანგარიში გამოსცა.

კონტროლის პალატის, სხვადასხვა უწყებების გენერალური ინსპექციების საქმიანობა და პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშები, ასევე, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში შექმნილი პრობლემები ორ გამოცემაშია თავმოყრილი.

სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის მონიტორინგს საია რამდენიმე წელია, ახორციელებს. მისი მიზანი ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობაა.

სახელმწიფოს კონტროლის პალატის რეფორმებისა და დამოუკიდებელ ორგანოდ მისი ჩამოყალიბების ვალდებულება აქვს აღებული. თუმცა, რეალურად სახელმწიფო პალატის ფუნქციებს როგორც ლეგიტიმურად, ისე არალეგიტიმურად ზღუდავს. კერძოდ, შესაბამის კანონმდებლობაში შესული ცვლილებით, საგადასახადო და საბაჟო შემოსავლების შესახებ არსებული ინფორმაცია საიდუმლოდ გამოცხადდა. ამის გამო მსგავს ინფორმაციას ვეღარც კონტროლის პალატა გაეცნობა. საკანონმდებლო ცვლილებებითვე, იგი ვეღარც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს.

მოქმედი კანონმდებლობა დამოუკიდებლობას არც სხვადასხვა უწყებების გენერალურ ინსპექციებს ანიჭებს. კერძოდ, შესაბამის საქმიანობას ინსპექციების თანამშრომლები კონკრეტული უწყების ხელმძღვანელობასთან ათანხმებენ, რაც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

პრეზენტაციის ბოლოს შეკრებილმა საზოგადოებამ გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის გზებზეც ისაუბრეს.