სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება “დიდი ათეულის” გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით

2009-01-20 20:00
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემასთან “დიდი ათეული” დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიამ შესაძლოა საზოგადოებისათვის არასასურველი განვითარება ჰპოვოს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწორედ საზოგადოებრვი მაუწყებლობის ხელმძღვანელ პირებს ეკისრებათ.

დაპირისპირება გამოხატვის თავისუფლებასა და აღმსარებლობის თავისუფლებას შორის არ არის სიახლე. მთავარია, ეს დაპირისპირება კანონის ფარგლებში გადაწყდეს და მისი გადაჭრისას არ მოხდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების _ კანონის უზენაესობის უგულებელყოფა. ყველაზე სავალალო შედეგად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სწორედ კონკრეტული გადაწყვეტილების კანონის გვერდის ავლით მიღებას მიიჩნევს.

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. ამავდროულად, იგი აღიარებს გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას. საპატრიარქოს მიერ  გადაცემის “დიდი ათეული”  მიმართ გამოხატული პოზიცია მისთვის მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების შედეგია და იგი არ უნდა გასცდეს ამ ფარგლებს.

ამ რთულ სიტუაციაში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა და კანონის ფარგლებში გადაწყვეტილებეის მიღების ვალდებულება საზოგადოებრივი მაუწყებელის ხელმძღვანელობას ეკისრება, რადგან “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის თანახმად, “საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია  უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება.”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობას, არ მიიღონ გადწყვეტილება კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, შეასრულონ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულებები, დაიცვან საზოგადოების ნებისმიერი წევრის ინტერესი და შეინარჩუნონ  ინტერესთა ბალანსი. აღნიშნული მოთხოვნიდან ნებისმიერი გადახვევა წარმოადგენს უმცირესობების უფლებებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფას, რაც ასევე,  დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.