სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების წარმატებული საქმეები – აგვისტო-სექტემბერი

2007-10-18 20:00
Featured image

1. ფეხმძიმე ქალმა აჭარის ა.რ. მთავრობას პროცესი მოუგო

საიას აჭარის ფილიალმა დაიწყო მოქალაქე ნ.კ.-ს ინტერესების დაცვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
2004 წლის 2 სექტემბრიდან  ნ.კ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მოქალაქეთა მიღებისა და მოქალაქეთა წერილებზე მუშაობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. 2007 წლის 18 იანვარს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის “I” პუნქტის თანახმად გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მიიჩნია რა, რომ გათავისუფლება არ შეეხებოდა, ამ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია, ვინაიდან ამ პერიოდისათვის იგი ორსულად გახლდათ.
ნ.კ.-ს მდგომარეობის შესახებ ცნობილი იყო სამსახურის ადმინისტრაციისათვის. მიუხედავად ამისა, მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება მაინც დაიწერა, რაც კანონის მოთხოვნის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
ბრძანება გაფორმებულია 2007 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, თუმცა ის ჩაბარდა წლის 19 მარტს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოქალაქის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 28 მაისს ჩაგვბარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით.  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა 1 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა განიხილა ერთპიროვნულად და სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2007 წლის 21 თებერვლის #20 ბრძანება ნ.კ.-ს სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.კ.-ს შრომითი მოწყობის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტს უნდა აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი სრული ოდენობით.

2. იძულებით გამოსახლებული მოქალაქე სასაზღვრო დეპარტამენტის წინააღმდეგ

2007 წლის 20 ივნისიდან საიას აჭარის ფილიალმა დაიწყო მოქალაქე ე.ბ.-ს ინტერესების დაცვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც 2007 წლის 19 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს მიერ გაცემული #3-93 სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაექვემდებარა სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართიდან იძულებით გამოსახლებას.
თავად მოქალაქე და წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებდა იმას, რომ 1993 წლის 2 ნოემბერს ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ე.ბ.-ზე გაცემულია ბინის ორდერი, რომლის თანახმადაც ბათუმში, ე.ბ.-ს ოთხ სულიან ოჯახს მიეცა უფლება, დაეკავებინა ოროთახიანი 27კვ.მ საცხოვრებელი ფართი. კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული ბინის სასაზღვრო დეპარტამენტის საკუთრებაში არსებობას, ესაა რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს შორის 1999 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა მოხსენიებული არაა.
სასამართლოში განცხადება შეტანილი იქნა ახლადაღმოჩენილი გარემოებებით 2003 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. 2007 წლის 24 აგვისტოს დანიშნულ მთავარ სხდომაზე განხილულ იქნა 2003 წლის 12 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების  ბათილად ცნობის საკითხი, რაც დაკმაყოფილდა 2007 წლის 30 აგვისტოს განჩინებით. ე.ბ.-ს სასარჩელო განცხადებაზე საქმის წარმოება განახლდა.

3. საიას ადვოკატების დახმარებით არასრულწლოვანს სასჯელი შეუმცირეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრს მომართა მოქალაქემ ა.მ.-მ და ითხოვა თავისი არასრულწლოვანი შვილის ლ.მ.-ს სამართლებრივი ინტერესების დაცვა საადვოკატო მომსახურეობის გაწევით. წინასწარი გასაუბრებით გაირკვა, რომ მისი შვილი ლ.მ. მიმდინარე წლის 12 მაისს საღამოს საათებში დაკავებულ იქნა გლდანი_ნაძალადევის შს მე-10 განყოფილების თანამშრომლების მიერ და ცნობილ იქნა ბრალდებულად ს.ს.ს. კ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ქურდობა, სადგომში ან საცავში შეღწევით, თავისუფლების აღკვეთა 4_7 წლამდე) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ საქმეში ჩართვის შემდეგ განხორციელებულ იქნა შემდეგი მოქმედებები: მოხდა სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღება და მათი გაცნობა, დაცვის მხარე დაესწრო ლ.მ.-ს ბრალდებულად ცნობას და მონაწილეობა მიიღო სასამართლო პროცესში, გამოკითხულ იქნა მოქალაქეები, რომლებიც ადასტურებდნენ მის უდანაშაულობას და დააყენეს შუამდგომლობები მათი დაკითხვის თაობაზე. გამოძიების მხრიდან არადამაკმაყოფილებელი პასუხის მიღებისთანავე გამომძიებლის დადგენილება გასაჩივრდა ზედამხედველ პროკურორთან.
საიას პრესცენტრის დახმარებით გაზეთ ,,ქრონიკაში’’ დაიბეჭდა სტატია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებას ეცნობა იმ სამართალდარღვევათა შესახებ, რომელიც ჩადენილ იქნა ამ საქმის გამოძიებისას. დაცვის მხარის აქტიურმა და სამართლიანმა მოქმედებებმა განაპირობა გლდანი-ნაძალადევის პროკურატურის მიერ საპროცესო შეთანხმების შემოთავაზება, რომელზეც განსასჯელმა და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადეს თანხმობა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართეს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ მიმდინარე წლის ექვს სექტემბერს დამტკიცდა მითითებული შეთანხმება და ლ.მ.-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სამი წელი და ექვსი თვე პირობით გამოსაცდელი ვადა.

4. მოქალაქე საპენსიო განაცდურს სრულად მიიღებს

2007 წლის აპრილიდან საიას აჭარის ფილიალმა დაიწყო მოქალაქე ა.შ.-ს ინტერესების დაცვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
იგი შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდდა და როგორც საქმის მასალებიდან დადგინდა 1996 წლიდან არ მიუღია საპენსიო დახმარება.
მოქალაქემ საპენსიო დახმარების განაცდურისა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. 2007 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “ჩაის ფაბრიკა ბათუმს” მოსარჩლის სასარგებლოდ დაეკისრა 1996 წლის 1 ოქტომბრიდან 2006 წლის 1 სექტემბრამდე მიუღებელ ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა, 600 ლარის ოდენობით.
2007 წლის 3 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ განიხილა ა.შ.-ს სააპელაციო საჩივარი და მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ა.შ.-ს აუნაზღაურდება 3 წლის განმავლობაში მიუღებელი ყოველთვიური დახმარება _ თვეში 89 ლარი, სულ 3500 ლარამდე. გარდა ამისა, მას ყოველთვიურ სარჩოდ დაენიშნა 89 ლარი.

5. ბრალდებულს სასჯელი შეუმსუბუქდა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრი მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურებას უწევს მოქლაქე შ.შ.-ს. მას ბრალი ედებოდა ხულიგნობაში, დანაშაულის დაფარვაში წინასწარ შეუპირებლად, ძარცვაში, რის გამოც ის 2007 წლის 17 მარტს   ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. საია ადვოკატების მიერ შესწავლილ იქნა რა აღნიშნული საქმე გამოვლინდა, რომ მოსამართლის მიერ უხეშად იქნა დარღვეული არსებული კანონმდებლობა, ვინაიდან განაჩენი არ ეყრდნობოდა უტყუარ მტკიცებულებებს და შესაბამისად გახლდათ უკანონო.
კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამართლეს განაჩენი გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. მიმდინარე წლის 17 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დაცვით სიტყვაში მოითხოვა შ.შ.-ს გამართლება მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდების ნაწილში, თავისთავად მითითებული მოთხოვნა დასაბუთებული გახლდათ, ხოლო სასამართლო სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სასამართლომ იმავე დღესვე მიიღო გადაწყვეტილება და არასრულწლოვანი შ.შ. გაამართლა ხულიგნობაში და დანაშაულის დაფარვაში, ხოლო სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. სააპელაცო სასამართლოს მოსამართლემ შ.შ. სცნო დამნაშავედ ძარცვაში. ამჟამად საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოშია.

6. უყურადღებო მამა ალიმენტს გადაიხდის

2007 წლის ივნისში საიას რუსთავის ოფისმა დაიწყო მოქალაქე მ.გ.-ს ინტერესების დაცვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
იგი 1991 წლის 2 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯ.გ.-სთან, რომელთან ერთადაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა სამი შვილი.
როგორც აღმოჩნდა ჯ.გ. საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას თავის შვილებს, მეუღლესაც ძალზე ცუდად ექცეოდა, დაფიქსირდა მეუღლის მხრიდან ცემის ფაქტებიც, რის გამოც მ.გ.-მ მოითხოვა განქორწინება მეუღლესთან და თავისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება 50-50 ლარის ოდენობით.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო განცხადება. 2007 წლის 7 სექტემბერს შეწყდა ქორწინების რეგისტრაცია მ.გ.-სა და ჯ.გ.-ს შორის. ამ უკანასკნელს დაეკისრა 20-20 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა თავისი სამი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

7. სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს მემკვიდრეობა დაუკანონა

2006 წლის სექტემბრის თვეში საიას თელავის ოფისს დახმარებისთვის მომართა თელავში მცხოვრებმა გ.ჭ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ვერ ახორციელებს რუსეთის მოქალაქის  ნ.მ.-ს კანონიერი ინტერესების დაცვას. გ.ჭ. აღნიშნავს, რომ რამდენიმე ადვოკატისადმი მიმართვის მიუხედავად, მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა მარწმუნებლის სასარგებლოდ სამკვიდრო ქონების მიღება.
მომმართველის განცხადებით გარკვეული სირთულეები შეუქმნა თელავის რაიონულმა სასამართლომაც.  მოსამართლემ ყოვლად დაუსაბუთებლად უარი განუცხადა რუსეთიდან გამოგზავნილი მინდობილობის მიღებაზე და მოითხოვა საბუთის ლეგალიზაცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეს სამართლებრივ დახმარებას უწევდა საიას თელავის ოფისი, რომლის დახმარებითაც მრავალი პრობლემა მოგვარებული იქნა. შემდგომში მოქალაქე გ.ჭ.-ს შეექმნა სამართლებრივი პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სამსახურმა უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეზე არასასოფლო-სამეურნეო მიწის დარეგისტრირებაზე, რომელსაც ხელოვნურად შეუცვალა დანიშნულება.
უარის მიზეზი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 14 სექტემბრის სახელმძღვანელო მითითება. აღნიშნულის საფუძველზე ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებს დაევალათ შემდეგი:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებული მიწის იმ ნაწილზე, რომელზეც განლაგებულია შენობა-ნაგებობა, შეასწოროს აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი რეგისტრირებულ მონაცემებში და მთლიან მიწის ნაკვეთზე უფლება დაარეგისტრიროს როგორც უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
გ.ჭ.-მ მიმართა საჯარო რეესტრის სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს ახალი ამონაწერის ასაღებად. მას უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი უძრავი ქონება _ თელავში მდებარე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულია როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწა და შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ასეთი მიწის დარეგისტრირება აკრძალულია.
2006 წლის დეკემბრის თვეში თელავის სარეგისტრაციო სამსახურის უარი გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 2007 წლის 23 იანვრის ეროვნული სააგენტოს პასუხის თანახმად თელავის სარეგისტრაციო სამსახურს მიეთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 14 სექტემბრის მითითება ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე არ ვრცელდებოდა და იგი უნდა დარეგისტრირებულიყო როგორც არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა.
აღნიშნული წერილის შედეგად მოქალაქე გ.ჭ.-მ რომელიც წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქის ნ.მ.-ს ინტერესებს შეძლო მიეღო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის შესახებ, სადაც ნაკვეთის ფუნქცია განისაზღვრა უკვე, როგორც არასასოფლო სამეურნეო.  
საბოლოოდ მომმართველისათვის შედგენილი იქნა განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, სადაც  გ.ჭ.-ი ითხოვდა მარწმუნებლის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობის ფაქტის დადასტურებას.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა ნ.მ.-ს მიერ სამკვიდროს ფლობის ფაქტი.

8. საიას ადვოკატების დახმარებით მოქალქეებმა თბილისის შსს სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის VIII საუბნო ინსპექციას საქმე მოუგეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლებრივი დახმარებისთვის მომართეს მოქალაქეებმა ნ.ნ-მ და ი.ძ.-მ.  ნ.ნ.-მ განაცხადა, რომ შვილთან (ი.ძ.) ერთად ცხოვრობს თბილისში  მდებარე მისი დედის _ ლ.ნ.-ს კუთვნილ სახლში. D ლ.ნ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალზე მძიმეა, ფსიქიკური აშლილობის გამო ლ.ნ.-ს არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი.
2007 წლის 21 აგვისტოს ლ.ნ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-8 განყოფილებას და მოითხოვა ნ.ნ.-სა და ი.ძ.-ს ბინიდან გამოსახლება. მათ ჩაბარდათ გამოსახლების შესახებ გაფრთხილების აქტი, სადაც მითითებული იყო, რომ თუ 5 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით არ დატოვებდნენ ბინას, მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნებოდა ფიზიკური იძულების ღონისძიებები.
საიას ადვოკატები მოქალაქეებს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაწერაში დაეხმარნენ, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა. Pპოლიციას აეკრძალა მითითებული პირების ბინიდან გამოსახლება.

9. მამამ ბავშვის ნახვის უფლება მოიპოვა

2007 წლის 25 ივნისს საიას ქუთაისის ფილიალს იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მიმართა მოქალაქე თ.ჟ.-მ, რომელიც 2001 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა მოქალაქე ა.ც.-სთან. მათი ქორწინება არარეგისტრირებული იყო _ მხოლოდ ჯვარი ჰქონდათ დაწერილი. ერთად ცხოვრების პერიოდში 2002 წლის 4 ნოემბერს შეეძინათ შვილი. მამობა აღიარებული იყო ნებაყოფლობით. ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობდა. მიუხედავად მამის დიდი სურვილისა მონაწილეობა მიეღო შვილის აღზრდაში, მას ფაქტიურად აკრძალული ჰქონდა ბავშვთან ურთიერთობა. მომმართველს უკან დაუბრუნეს ბავშვისთვის შეძენილი სხვადასხვა ნივთები. თ. ჟ. იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის და სასამართლო წესით მოეთხოვა კანონით გათვალისწინებული მშობლის უფლება-მოვალეობების  განხორციელება.
2007 წლის 31 ივლისს შედგა სასამართლო პროცესი. პროცესზე გამოცხადდა ორივე მხარე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1202-ე მუხლების თანახმად სასამართლომ დააკმაყოფილა თ.ჟ.-ს სასარჩელო მოთხოვნა და მას  განესაზღვრა შვილის ნახვის დღეები.

10. სასამართლოს გადაწყვეტილებით მომჩივანი შეუფერხებლად მიიღებს პენსიას

2007 წლის სექტემებერში საიას ოზურგეთის წარმომადგენლობამ დაიწყო პენსიონერი გ.გ.-ს საქმის წარმოება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.
გ.გ. არის მძიმე ავადმყოფი, რომელიც ასევე ხანდაზმულ და ავადმყოფ ცოლთან ერთად ზრდის ორ მცირეწლოვან უდედმამო შვილიშვილს. იგი 1988 წლიდან, ინვალიდობის პენსიას იღებდა, რომელიც ცოლის პენსიასთან ერთად მათი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა.
მას რამდენიმე თვის წინ პენსიის მიცემა შეუწყდა. მიზეზი ის გარემოება აღმოჩნდა, რომ მის პირადობის მოწმობასა და საპენსიო მოწმობას შორის იყო უზუსტობა, კერძოდ _ სხვადასხვა სახელი ეწერა.
საიას ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის _ უფლების დამდგენი საბუთის (საპენსიო მოწმობის) კუთვნილების ფაქტის დადგენა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.გ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი შეუფერხებლად მიიღებს პენსიას.

11. განაჩენის გასაჩივრების შედეგად მოქალაქეს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით შეუმცირეს

საიას იურიდიული დახმარების ცენტრს მიმართა მოქალაქე თ.პ.-მ და ითხოვა მისი მეგობრის დ.ჯ.-ს ინტერესების დაცვა და საადვოკატო მომსახურეობის გაწევა. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაირკვა რომ დ.ჯ. ბრალდებული გახლდათ გამოძალვის კვალიფიკაციით. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამოძალვაში და  იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში (სისხლის სამართლის  კოდექსის 181-ე და 236-ე მუხლი) და სასჯელის სახედ განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი რის შემდეგაც სასამართლომ დასაბუთებულობისა და სამართლიანობის პრინციპეპზე დაყრდნობით, საქმის ფატობრივი გარემოებების შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე ცვლილება შეიტანა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში და მსჯავრდებულ დ.ჯ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

12. მოძალადე ქმარი შვილს ალიმენტს გადაუხდის

2007 წლის 8 აგვისტოს საიას ქუთაისის ფილიალს განცხადებით მიმართა მოქალაქე მ.ლ.-მ, რომელმაც ითხოვა საადვოკატო მომსახურების გაწევა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე დ.ყ.-ს მიმართ მცირეწლოვანი შვილისათვის ალიმენტის  დაკისრების საქმეზე.
განცხადებითა და წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, რომ მომმართველი მიეკუთვნებოდა სოციალურად დაუცველ ფენას. იგი 2001 წლის 15 თებერვლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოქალაქე დ.ყ.-სთან. მათ 2002 წლის 2 დეკემბერს ვაჟი შეეძინათ.
დაქორწინების დღიდან მეუღლეებს შორის იყო კონფლიქტური ურთიერთობა. ამის შემდეგ ქმარს ალკოჰოლისადმი მიდრეკილება გაუჩნდა, რაც ოჯახს მატრიალურად მძიმე მდგომარეობაში აგდებდა. ასევე, ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, რაც გამოიხატებოდა მეუღლის ცემაში. ეს ყველაფერი კი ცუდ გავლენას ახდენდა, ბავშვის   ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე. რამდენიმე თვეა რაც მომმართველი მ.ლ. აუტანელი მდგომარეობის გამო წამოვიდა ოჯახიდან და ბავშვს ზრდის მარტო.  მომართველს არ შეეძლო დამოუკიდებლად ეწარმოწბინა საქმე სასამართლოში.
2007 წლის 14  სექტემბერს გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელზედაც  გამოცხადდა ორივე მხარე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე, 1215-ე მუხლების თანახმად სასამართლომ დააკმაყოფილა მ.ლ.-ს სასარჩელო მოთხოვნა. მოპასუხე დ.ყ.-ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით.

13. დაზარალებულის ინტერესების წარმოდგენის შედეგად მკვლელს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2007 წლის 17 აპრილს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში საჯარო სკოლის ეზოში მოკლული იქნა, ამავე სოფელში მცხოვრები, 1990 წელს დაბადებული გ.ფ. წინასწარ გამოძიებაში გ.ფ.-ს მკვლელობაში მხილებულ კ.ჟ.-ს მართალია ბრალი ედებოდა განზრახი მკვლელობისათვის, მაგრამ მოკლულის დედას, დაზარალებულ თ.ფ.-ს ეჭვი ჰქონდა, რომ მოსალოდნელი იყო მკვლელისათვის ბრალდების შეცვლა, გაუფრთხილებელ მკვლელობაზე. აღნიშნულის გამო დაზარალებულის ინტერესების დაცვის განხორცილების მიზნით მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საიას ადვოკატები ჩაერთნენ.
საქმის შესწავლისას თვალში საცემი იყო ბრალდების არასრული ფორმულირება და გამოძიების ზერელე მიმდინარეობა. საიას ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. გარდა ამისა, ადვოკატების ძალისმევით დაზუსტდა ბრალდების ფორმულირება. გამოძიების მიმდინარეობისას დაკმაყოფილებული და გაზიარებული იქნა შუამდგომლობები. საქმე დაზარალებულისათვის სასურველი კვალიფიკაციით (საქართველოს სსკ 109 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და 2381 მუხლის პირველი ნაწილით) არსებითად განსახილველად წარიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ჩატარებული იქნა რამდენიმე სხდომა, რა დროსაც საიას ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე  დაკითხული იქნა მოწმეები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, დათვალიერებულ იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, გამოქვეყნებულ იქნა მოწმეთა ჩვენებების ამსახველი ვიდეომასალა (ბრალდებულის ჩვენებათა გამოქვეყნება არ მომხდარა, რადგანაც ეს უკანასკნელი გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო). გარდა ამისა გამოკვლეული იქნა ჩვენს მიერ მიწოდებული სხვა მტკიცებულებებიც.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 17 აგვისტოს განაჩენით კ.ჟ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და 2381 მუხლის პირველი ნაწილით, მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

14. სასამართლომ მირეწლივანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას  მომართა მცირეწლოვანი შვილის მამამ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლე სისტემატურად ტოვებდა ოჯახს, მიჰყავდა ბავშვი და ნათესავებთან კარდაკარ დაატარებდა, რაც ბავშვის ნორმალურ აღზრდასა და განვითარებაზე ცუდ გავლენას ახდენდა. აღნიშნულის გამო მას სურდა რომ ბავშვის მუდმივ  საცხოვრებელ ადგილად განსაღვრულიყო მამის საცხოვრებელი ადგილი. საიას ადვოკატების დახმარებით მომზადენულ იქნა სასარჩელო განცხადება, რომელიც მთლიანად დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილაგ განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი.

15. სასამართლომ ცოლი თანამესაკუთრედ აღიარა და არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მამას ალიმენტი დააკისრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარებისათვის მომართა მოქალაქე ნ.ქ.-მ და განაცხადა, რომ იგი 1991 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ.კ.-სთან. თანაცხოვრების დროს მათ შეეძინათ  ორი შვილი, რომლებიც ამჟამად არასრულწლოვანები არიან. მ.კ.-ს განცხადების საფუძველზე, განხორციელდა განქორწინება ნ.ქ.-სა და მ.კ.-ს შორის. თუმცა, ამ პროცესში, ნ.ქ.-ს არ დაუყენებია მოთხოვნა თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფისა და მოპასუხისათვის შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მ.კ. არანაირ მზრუნველობას არ იჩენს შვილების მიმართ. Nნ.ქ.-მ და მ.კ.-მ ერთად ცხოვრების დროს შეიძინეს ოროთახიანი ბინა, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მხოლოდ მ.კ.-ს სახელზე. დღესდღეობით ამ ბინაში  ცხოვრობს ნ.ქ. მის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად.  თუმცა, მიუხედავად ამისა,  არსებობდა რეალური საშიშროება, რომ მ.კ. ოჯახის ინტერესების ყოველგვარი იგნონირებით, განკარგავდა აღნიშნულ ქონებას. 
საიას ადვოკატების მიერ შედგენილ იქნა სასარჩელო განცხადება მ.კ.-ს წინააღმდეგ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით, ასევე თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ნ.ქ.-ს მესაკუთრედ ცნობის შესახებ და განხორციელდა მისი ინტერესების დაცვა  სასამართლოში.
აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნ.ქ. ცნობილ იქნა ბინის გაზრდილი წილის _ 2/3-ის თანამესაკუთრედ, გარდა ამისა,  მოპასუხეს ორი არასრულწლოვანი შვილის სასარგებოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50-50 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

16. სასამართლომ მამას ალიმენტის გადახდა დააკისრა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრს  მომართა მოქალაქე ნ.რ.-მ.
იგი 2001 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება რ.რ.-სთან. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი. ნ.რ.-სა  და რ.რ.-ს შორის  ბოლო დროს არსებობდა დაძაბული ოჯახური კონფლიქტი. რ.რ. არ ზრუნავდა ბავშვზე. მან სახლიდან გაასახლა მეუღლე და საკუთარი შვილი.  Nნ.რ.-ს ცხოვრება უწევდა  მძიმე საყოფაცხოვრებო და მატერიალურ პირობებში.
საიას ადვოკატების მიერ მომზადდა სასარჩელო განცხადება რ.რ.-ს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების შესახებ და განხორციელდა მისი ინტერესების დაცვა  სასამართლოში.
აღნიშნულ საქმეზე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს არასრუწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 60 ლარის გადახდა სასამართლოში სარჩელით მიმართვიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.

17. ფოთის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემული ექვსი აქტი

2007 წლის 22 და 27 მაისს, შპს “ახალი გურიას” დამფუძნებელს, ნ.კ.-ს გადაეცა სამი საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც იგი საგადა¬სა¬¬ხა¬დო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმებული იყო 7 200 ლარით, 2004-2005 წლების ქონების დეკლარაციის დაგ¬ვიანებით ჩაბარების გამო.
დაჯარიმების საფუძველი გახდა ნ.კ.-ს მიერ 2004-2005 წლების ქონების დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა. მისი შეცდომა გა¬მო¬იწვია საგადასახადო კოდექსში 2006 წლის 25 მაისს შესულმა ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირები ვალდებულნი იყვნენ წარედგინათ ქონების დეკ¬ლარაცია. ცვლილება არ შეიძლებოდა გავრ¬ცელებულიყო მანამდე (2004-2005 წლები) წარმოშობილ ან არსებულ სამართლებრივ ურთიერ¬თობებზე.
ზემოხსენებული ცვლილების ძალაში შესვლამდე, ფიზიკური პირები ვალდებულნი იყვნენ წარედგინათ “გაანგარიშება” და არა “დეკლარაცია”. შესაბამისად საგა¬და¬სა¬ხადო ორგანოს, ნ.კ. უნდა დაეჯა¬რიმებინა საგადასახო კოდექსის 137-ე მუხ¬ლით, რო¬მელითაც პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა 200 ლარი.
ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ დაცული არ იყო 2004-2005 წლებში მოქმედი კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები. კერძოდ, 2004 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-6 და მე-9  ნაწილების მიხედვით ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გაანგარიშების მოვალეობა და მისი გადამხდელისათვის გადაცემა, ეკისრებოდა საგა¬დასა¬ხადო ორგანოს. ასევე ახალი საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით თუ კი საგა¬დასა¬ხადო ჩათვლიდა, რომ ნ.კ. ქონების გადასახადის გადამხდელი იყო, უნდა გაეგზავნა ქონების გადასახადის დეკლარაციის ფორმა.
ფოთის საქალაქო სასამართლომ თავისი 2007 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა _ ბათილად ცნო ფოთის საგადა¬სა¬ხადო ინსპექციის ექვსი აქტი, რომლებითაც მთლიანობაში ნ.კ. დაჯარიმებული იყო შვიდიათასორასი ლარით.