სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროცესუალურ გაუმართავობას შეამოწმებს

2019-12-23 11:50
Featured image

2019 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საკონსტიტუციო სარჩელი იმ ნაწილში, რომლიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლის კონსტიტუციურობას შეეხება. 

გასაჩივრებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდგომ, სასამართლოს გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე, თუმცა, როგორც წესი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებები დაუსაბუთებელია. აღნიშნულ სარჩელში საია დავობს, რომ არსებული კოდექსის პირობებში, ხდება თავისი შინაარსით სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევების განხილვა და გადაწყვეტა სათანადო საპროცესო გარანტიების გარეშე.  მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით გათვალისწინებული სახდელი არის მძიმე და უთანაბრდება სისხლისსამართლებრივ სასჯელს, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას პირს ნაკლებ საპროცესო გარანტიებზე მიუწვდება ხელი. არასწორად ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება, ამასთან, იგი არ მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოს მიერ პატიმრობის გამოყენების საფუძვლების მტკიცებას. კოდექსი ასევე არ აღიარებს უდანაშაულობის პრეზუმფციის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. 

გასაჩივრებული ნორმა მოსამართლეს არ ავალდებულებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რაც განაპირობებს იმას, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება, როგორც წესი, არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, თუ რატომ იზიარებს სასამართლო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და უარყოფს სხვას. 

არსებითი განხილვის შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, გასაჩივრებული მუხლი არღვევს თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე, გასაჩივრებული მუხლი ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 (არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს) და მე-7 (დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ) პუნაქტებს.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება არსებითად გადაიხედოს 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს  USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.