სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია დევნილების დაკავების ფაქტს ეხმაურება

2010-02-01 13:19
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს წარმომადგენლების მიერ 28 იანვრის დევნილთა აქციაში მონაწილე ლელა არღვლიანის, დენის ალიოხინისა და აზა შენგელიას დაკავების ფაქტს და უარყოფით შეფასებას აძლევს პოლიციის თანამშრომელთა ქმედებას, რომლებიც საიას ადვოკატებს არ აძლევდნენ დაკავებულთა დაცვის განხორციელების შესაძლებლობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად: “დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.”

დაკავებულთა განმარტებით, ისინი მოტყუებით წაიყვენეს საცხოვრებელი ადგილიდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა იმ მიზეზით, რომ მათსა და ადგილობრივ გამგეობას შორის მორიგების აქტი უნდა გაფორმებულიყო. რეალურად კი სამივე მათგანი შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს შენობაში მიიყვანეს მათთვის უცნობი სტატუსით. ოთხი საათის განმავლობაში დაკავებულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის უცნობი იყო მათი ადგილსამყოფელი, ვინაიდან ლელა არღვლიანს, აზა შენგელიასა და დენის ალიოხინის შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილებისა და კომუნიკაციის შესაძლებლობა.

ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი და შეგნებულად დაუმალეს მას დევნილთა დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის მისვლის დროისთვის სამივე მათგანი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა. აღნიშნული ქმედებით სამმართველოს თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს დაკავებულთა მიერ დამცველის მომსახურებით სარგებლობის კონსტიტუციურ უფლებას.

“დასანანია, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამჭვირვალედ ფუნქციონირება მხოლოდ შემინული შენობების აგებით შემოიფარგლება” – განაცხადა საიას თავმჯდომარემ, თამარ ხიდაშელმა. “ვაპირებთ, პოლიციის თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, რომელიც უახლოეს დღეებში გეგმავს საქართველოში ვიზიტს.”

საია მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლოს შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს წარმომადგენელთა ქმედება და დამრღვევთა მიმართ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ზომები.