სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მოსამართლე წევრთა მარტოობის ერთი წელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

2022-07-18 21:18
Featured image

„გაშვებული შესაძლებლობა“ - ეს სიტყვათშეთანხმება მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან არაერთხელ გვსმენია. იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მორიგ გაშვებულ შესაძლებლობად არ იქცეს,  ევროკომისიის რეკომენდაციები ზედმიწევნით სწორად უნდა შესრულდეს.

ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნაა.[1] ბლოგის მთავარი მიზანია, მკითხველმა დაინახოს, რატომ არის ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში - რა არსებითი მნიშვნელობა აქვს არამოსამართლე წევრების ყოფნას საბჭოში, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი ამ თანამდებობის დასაკავებლად და რა წესით უნდა დაინიშნოს იგი.

არამოსამართლე წევრების დანიშვნის წესთან დაკავშირებით დისკუსია განსაკუთრებით აქტუალური 2021 წელს გახდა, როცა საბჭოში ხუთ მათგანს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.[2] პარლამენტის რეგლამენტის  შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანომ კანდიდატი თანამდებობაზე უნდა განაწესოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.[3]  არამოსამართლე წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის მხარდაჭერით აირჩევიან.[4]

დღევანდელი მოცემულობით, საპარლამენტო უმრავლესობას ამის გასაკეთებლად ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს.[5] მმართველ ძალას არც ოპოზიციასთან სურს მოლაპარაკება და კონსენსუსი,  ამიტომ გადაწყვიტა კონსტიტუციური ორგანოს წევრები, უბრალოდ, არ დანიშნოს. ეს მიდგომა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ზიანს აყენებს მართლმსაჯულების სისტემას, აძლიერებს კორპორატივიზმს და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოზიციებს სასამართლოში.

რატომ არის მნიშვნელოვანი არამოსამართლე წევრების ინსტიტუტი?

არამოსამართლე წევრები უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების საბჭოების ანგარიშვალდებულებას, ზრდიან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს და აბალანსებენ მოსამართლეთა ძალაუფლებას.

სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს მოწყობის რამდენიმე მოდელი არსებობს (იგი შეიძლება შედგებოდეს სრულად მოსამართლეთაგან, ან იყოს შერეული - როგორც ეს საქართველოშია). ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნის შესაბამისად, ოპტიმალური მოდელი სწორედ შერეული შემადგენლობაა.

CCJE-ის მოსაზრებით, ასეთი შერეული შემადგენლობა, პირველ ყოვლისა, პირადი ინტერესის, პირადი პროტექციისა და ქრონიზმის თავიდან აცილებას ემსახურება, ასევე, მართლმსაჯულების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ჯგუფის მოსაზრების გათვალისწინებას უწყობს ხელს.[6]

იმავე იდეას ავითარებს სასამართლო საბჭოების ევროპული ქსელიც (ENCJ). მათი დასკვნის მიხედვით, არსებობს საერთაშორისო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ სასამართლო საბჭოებს უნდა ჰქონდეთ ფართო წევრობა: ასეთ შემთხვევაში, მართალია, უმრავლესობა აქვთ მოსამართლეებს, თუმცა პროცესები ითვალისწინებს არამოსამართლე წევრების მონაწილეობას.[7] როგორც ჩანს, ყველაზე წარმატებული სწორედ ის მოდელებია, რომლებშიც იურიდიული, აკადემიური ან სამოქალაქო საზოგადოების რიგებიდან არჩეული და/ან დანიშნული წევრები არსებობენ და მათ აქვთ საკმარისად ფართო უფლებამოსილება სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების ხელშეწყობისთვის.[8] წარმომადგენლობითი შემადგენლობა განიხილება, როგორც ყველაზე შესაფერისი გზა სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობის მიღწევისა და გარანტირებისთვის.[9]

ვენეციის კომისიის მოსაზრების თანახმად, ზოგადად, სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმის უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად,[10]  სასამართლოს საბჭოს  შემადგენლობა დაბალანსებული უნდა იყოს.[11]

ცხადია, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორი თანხმდება არამოსამართლე წევრების საბჭოში ყოფნის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე,  თუმცა რა პროპორციით უნდა იყვნენ ისინი წარმოდგენილნი, აქ სხვადასხვა მიდგომა არსებობს. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არამოსამართლე წევრთა „არსებითი რაოდენობა“. „არსებითი რაოდენობის“ სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე არამოსამართლე წევრებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.[12] ENCJ კი აკონკრეტებს, რომ არამოსამართლე წევრთა რაოდენობა 1/3-სა და 50%-ს შორის უნდა მერყეობდეს, მთავარია, დაზღვეული იყოს მათი კონტრიბუცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.[13]

ზოგადად, მართლმსაჯულების საბჭოების შექმნის იდეა სასამართლოს, როგორც ხელისუფლების შტოს, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა.  თუმცა, პოსტსაბჭოთა  ქვეყნებში შეინიშნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოების ინსტრუმენტალიზაციის, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების შექმნის ტენდენცია.[14] სწორედ ამიტომ, არამოსამართლე  წევრების გავლენა საბჭოს მუშაობაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.[15] 

საქართველოში საბჭოს შექმნის შემდეგ, დროთა განმავლობაში, გარე დამოუკიდებლობიდან აქცენტი შიდა გავლენებზე გადადიოდა. ამის ცხადი მაგალითია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა. შედარებისთვის, თუ 2012 წელს  მთავარ პრობლემად სასამართლოზე გარე გავლენები სახელდებოდა, ბოლო ანგარიშში აქცენტი უფრო მეტად შიდა გამოწვევებზე კეთდება“.[16] კლანური მმართველობა, როგორც სისტემის მთავარი პრობლემა, უკვე მარტივად იდენტიფიცირებადია.[17] აქედან გამომდინარე, არამოსამართლე წევრების არსებობა, უბრალოდ კარგი კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელია. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, რომლის მთავარი საყრდენიც იუსტიციის საბჭოა, თავის ძალაუფლებას მართლმსაჯულების ინტერესების საწინააღმდეგოდ, საკუთარი სურვილების შესაბამისად იყენებს. ამ კონკრეტულ მომენტში კი საბჭოში არავინაა, ვინც წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ განსხვავებულ მოსაზრებებს საბჭოში, როგორც წესი, არამოსამართლე წევრები აფიქსირებენ.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი?

საერთო მიდგომით, იმისთვის, რომ არამოსამართლე წევრების საბჭოში ყოფნა მიზანს ამართლებდეს, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, უნდა სარგებლობდნენ მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და მიიჩნეოდნენ მაქსიმალურად აპოლიტიკურ, ნეიტრალურ და ზეწოლის მიმართ მედეგ პირებად.

ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთის მსგავსია. ისინი თავიანთ დოკუმენტებში ხაზს უსვამენ, რომ ორგანომ, რომელიც არამოსამართლე წევრებს თანამდებობებზე განაწესებს, ყურადღება განსაკუთრებით უნდა გაამახვილოს კანდიდატების კომპეტენციაზე, ნეიტრალიტეტზე, საზოგადოების მხრიდან მათ მიუკერძოებლად აღქმასა და საბჭოში სხვადასხვა ჯგუფის მაქსიმალურ წარმომადგენლობითობაზე.

უფრო კონკრეტულად,  CCJE-ის მოსაზრებით, არამოსამართლე წევრები შეიძლება შერჩეულნი იყვნენ გამორჩეულ იურისტებს, პროფესიული საქმიანობის განსაზღვრული გამოცდილების მქონე უნივერსიტეტის პროფესორებსა ან აღიარებული სტატუსის მქონე მოქალაქეებს შორის.[18] მართლმსაჯულების თანამედროვე მენეჯმენტი, შესაძლებელია, აგრეთვე მოითხოვდეს უფრო ფართო ჩართულობას იმ წევრებისგან, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება სამართლის დარგის გარეთ არსებულ დისციპლინებში (მაგალითად, მენეჯმენტში, ფინანსებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, სოციალურ მეცნიერებებში).[19] ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების საბჭოს შემადგენლობა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ასახავდეს საზოგადოების მრავალფეროვნებას.[20] იმავე ორგანიზაციის დასკვნის შესაბამისად, მომავალი მოსამართლე და არამოსამართლე წევრები უნდა დაინიშნონ მათი კომპეტენციის, გამოცდილების, სასამართლო სისტემის ცოდნისა და დამოუკიდებლობის კულტურის საფუძველზე.[21] ასევე, ისინი არ უნდა იყვნენ მოქმედი პოლიტიკოსები, აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები.[22]

რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მათი მოსაზრებით, გარდა კომპეტენციისა, მნიშვნელოვანია, როგორი რეპუტაცია ექნებათ მათ სამოქალაქო საზოგადოებაში. კანდიდატი მზად უნდა იყოს პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობისთვის.[23]

იმ პირების უპირატესობას, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას განეკუთვნებიან და პატივისცემით სარგებლობენ, ხაზს უსვამს ENCJ-ც.[24] ამავე ორგანიზაციის შეხედულებით, მნიშვნელოვანია, რომ პირს შეეძლოს მოქალაქეების წარმოდგენა საბჭოში.[25]

კანდიდატის დამოუკიდებლობა, აპოლიტიკურობა,  კეთილსინდისიერება და ზეწოლის მიმართ მედეგობა გადამწყვეტია საქართველოს შემთხვევაში. მართლმსაჯულების სისტემის ნდობის კრიზისის პირობებში სწორედ ასეთი კანდიდატების არჩევას შეუძლია სასიკეთო ცვლილებების მოტანა.

რა პროცედურებით უნდა დაინიშნოს კანდიდატი თანამდებობაზე?

საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ მოდელებს, სადაც არამოსამართლე წევრები ინიშნებიან დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. თუმცა, გამართული კანონმდებლობისა და შესაბამისი პოლიტიკური ნების პირობებში არც  პარლამენტის მიერ დანიშვნა ითვლება მიუღებლად. ასეთ შემთხვევებში რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: არამოსამართლე წევრები უნდა დაინიშნონ პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად - მაღალი კვორუმით, ხოლო პროცესები უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე.

CCJE-ის მოსაზრების მიხედვით, თუკი არამოსამართლე წევრებს რომელიმე სახელმწიფოში პარლამენტი ამტკიცებს, ისინი არ უნდა იყვნენ პარლამენტის წევრები, ასევე უნდა აირჩეოდნენ კვალიფიციური უმრავლესობით, რაც საჭიროებს ოპოზიციის მნიშვნელოვან მხარდაჭერას. იმავდროულად, ამ პირების დანიშვნით, მართლმსაჯულების საბჭოს საბოლოო კომპოზიციაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოების მრავალფეროვანი წარმომადგენლობა.[26]

CCJE-ის დასკვნის შესაბამისად, რა საშუალებითაც არ უნდა მოხდეს წევრების შერჩევა და დანიშვნა, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზეზი.[27] დასკვნის მიხედვით, როცა არამოსამართლე წევრებს პარლამენტი ირჩევს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია კვალიფიციური უმრავლესობა.[28] მაშინაც კი, თუ ასეთი უმრავლესობა პროცესს ჩიხში შეიყვანს, იქიდან გამოსვლის მექანიზმი უმრავლესობის შემცირება არ უნდა იყოს.[29]

ფართო კონსენსუსზე საუბრობს ვენეციის კომისიაც. დასკვნის შესაბამისად, საპარლამენტო კომპონენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს ორი მესამედის კვალიფიციური უმრავლესობით, შესაძლო ჩიხური ვითარების საწინააღმდეგო მექანიზმით ან რაიმე პროპორციული მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს ოპოზიციის გავლენას საბჭოს შემადგენლობის ფორმირებაზე.[30] ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმმა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ხელი არ უნდა შეუშალოს[31] თავდაპირველ ეტაპზე კვალიფიციური უმრავლესობის შეთანხმებას.[32]

შერჩევის პროცესში პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ENCJ-ისთვისაც. როდესაც არამოსამართლე წევრებს ნიშნავს პარლამენტი, სასურველია, მათი შერჩევა დაექვემდებაროს კონკრეტული კვალიფიციური უმრავლესობის მიღწევას პოლიტიკური გავლენის თავიდან აცილების მიზნით.[33]

OECD-ის სტანდარტის მიხედვით, არამოსამართლე წევრები უნდა შეირჩნენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცედურით.[34]

საქართველოს შემთხვევაში კვორუმი 3/5-ია, რაც უბრალო უმრავლესობაზე მეტია, თუმცა ამ პოლიტიკურ მოცემულობაში საკმარისი არ არის, ვინაიდან მმართველ ძალას კონსენსუსისკენ არ უბიძგებს. აუცილებელია, კვორუმი გაიზარდოს იმგვარად, რომ ოპოზიციას რეალური ბერკეტები ჰქონდეს. გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს კონსენსუსის საფუძველზე - მხოლოდ ასე შეიძლება საბჭოს წევრებად ღირსეული კანდიდატების არჩევა.  

რაც შეეხება პროცესის საჯაროობას, საიას მოსაზრებით, პარლამენტში არამოსამართლე წევრების არჩევის მოქმედი წესი ვერ უზრუნველყოფს სათანადო გამჭვირვალე პროცედურას. ამის გამო, ჯერ კიდევ 2017 წელს საიამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც ითვალისწინებდა: ა) საბჭოს წევრობის კანდიდატების ბიოგრაფიის და ხედვის დოკუმენტების წარდგენას და საჯაროდ გამოქვეყნებას; ბ) წამყვანი კომიტეტის მიერ საბჭოს წევრების კანდიდატებთან გასაუბრების წესის შემოღებას და დაინტერესებული პირებისთვის შეკითხვების დასმის უფლების მინიჭებას. რეგლამენტში ცვლილებები არ ასახულა. მნიშვნელოვანია, პარლამენტმა განიხილოს იგი და ნორმატიულ დოკუმენტად აქციოს.[35]

შეჯამებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტური და მიუკერძოებელი პირების დანიშვნა. ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ეს კარგად უნდა გაიაზროს და, ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, გამართული პროცედურითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით, დროულად დანიშნოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები.

 

 


[1] European Commission, Commission Opinion on Georgia's application for membership of the European Union,  Brussels, 17.6.2022, ხელმისაწვდომია: https://ec.europa.eu/neighbourhood, განახლებულია: 13.07.2022.

[2] შოთა ქადაგიძეს - 2021 წლის 23 მარტიდან, ხოლო ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილსა და   ზაზა ხარებავას - 23 ივნისიდან.

[3] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 208-ე მუხლის პირველი პუნქტი.

[4] საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

[5] დღევანდელი მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 81 დეპუტატი ჰყავს.

[6] ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE), ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნა N10 (2007) ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისადმი მართლმსაჯულების საბჭოს როლის შესახებ საზოგადოების სამსახურში, სტრასბურგი, 2007 წლის 21-23 ნოემბერი, ხელმისაწვდომია:  http://hcoj.gov.ge/files/pdf%20files/CCJE.pdf, განახლებულია: 13.07.2022.

[7]  European network of councils for the judiciary, Standards VI: Non-judicial Members in Judicial Governance, ENCJ Report 2015-2016, adopted by the General Assembly 3rd June 2016, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3O20ZvK, განახლებულია: 13.07.2022.

[8] იქვე.

[9] იქვე.

[10] European Commision For Democracy Through Law (Venice Commission), Republic of Moldova urgent joint opinion  of the venice commission and the directorate of human rights (dhr) of the directorate generale of human rights and rule of law (dg i) of the council of europe on the draft law on amending the law no. 947/1996 on superior council of magistracy, Strasbourg, 22 January 2020, ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webf, განახლებულია: 13.07.2022.

[11] იქვე.

[12] OECD (2022), Anti-Corruption Reforms in Georgia: Pilot 5th Round of Monitoring Under the OECD Istanbul Anti-Corruption Action Plan, ხელმისაწვდომია: https://doi.org/10.1787/d709c349-en, განახლებულია: 13.07.2022.

[13] Europian network of councils for the judiciary, Standards VI: Non-judicial Members in Judicial Governance, ENCJ Report 2015-2016, adopted by the General Assembly 3rd June 2016, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3O20ZvK, განახლებულია: 13.07.2022.

[14] კახა წიქარიშვილი, ირაკლი კორძახია, მართლმსაჯულების საბჭოები საქართველოსა და საზღვარგარეთ, საქართველოში არსებული გამოწვევები, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი, 2021, 14.

[15] სოფო ვერძეული, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში, თბილისი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2021.

[16] 2020 Country Reports on Human Rights Practices: Georgia, U.S Embassy Georgia, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/5TPJqhp, განახლებულია 12.07.2022.

[17] თამარ ხუხია, „ქართული მართლმსაჯულების რეფორმა - გაშვებული შესაძლებლობა“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბლოგი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/qartuli-, განახლებულია: 13.07.2022.

[18] ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE), ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნა N10 (2007) ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისადმი მართლმსაჯულების საბჭოს როლის შესახებ საზოგადოების სამსახურში, სტრასბურგი, 2007 წლის 21-23 ნოემბერი, ხელმისაწვდომია:  http://hcoj.gov.ge/files/pdf%20files/CCJE.pdf, განახლებულია: 13.07.2022.

[19] იქვე.

[20] იქვე.

[21] იქვე.

[22] ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE), ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნა No 24 (2021): მართლმსაჯულების საბჭოების ევოლუცია და მათი როლი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემებში, სტრასბურგი, 2021 წლის 5 ნოემბერი, ხელმისაწვდომია:  https://rm.coe.int/opinion-no-24-2021-of-the-ccje-ge/1680a53db2, განახლებულია: 13.07.2022.

[23]  European Commision For Democracy Through Law (VENICE COMMISSION), Republic of Moldova urgent joint opinion  of the venice commission and the directorate of human rights (dhr) of the directorate generale of human rights and rule of law (dg i) of the council of europe on the draft law on amending the law no. 947/1996 on superior council of magistracy, Strasbourg, 22 January 2020, ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/web, განახლებულია: 13.07.2022.

[24] Europian network of councils for the judiciary, Councils for the Judiciary Report 2010-2011, ხელმისაწვდომია: https://www.encj.eu/images/,  განახლებულია: 13.07.2022.

[25] იქვე.

[26] ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE), ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნა N10 (2007) ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისადმი მართლმსაჯულების საბჭოს როლის შესახებ საზოგადოების სამსახურში, სტრასბურგი, 2007 წლის 21-23 ნოემბერი, ხელმისაწვდომია:  http://hcoj.gov.ge/files/pdf%20files/CCJE.pdf, განახლებულია: 13.07.2022.

[27] ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE), ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნა No 24 (2021): მართლმსაჯულების საბჭოების ევოლუცია და მათი როლი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემებში, სტრასბურგი, 2021 წლის 5 ნოემბერი, ხელმისაწვდომია:  https://rm.coe.int/opinion-no-, განახლებულია: 13.07.2022.

[28] იქვე.

[29] იქვე.

[30] European Commission For Democracy Through Law (VENICE COMMISSION) opinion on the draft amendments to the organic law on courts of general jurisdiction of georgia, adopted by the venice commission at its 94th plenary session (venice, 8-9 march 2013), ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms, განახლებულია: 13.07.2022.

[31] მმართველმა პარტიამ არ უნდა დაკარგოს კონსენსუსის ინტერესი იმის გათვალისწინებით, რომ ჩიხური სიტუაციის შექმნის შემთხვევაში უფრო მარტივად შეძლებს სასურველი კანდიდატის დანიშვნას.

[32] European Commission For Democracy Through Law (VENICE COMMISSION) opinion on the draft amendments to the organic law on courts of general jurisdiction of georgia, adopted by the venice commission at its 94th plenary session (venice, 8-9 march 2013), ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms/doc, განახლებულია: 13.07.2022.

[33] Europian network of councils for the judiciary, Standards VI: Non-judicial Members in Judicial Governance, ENCJ Report 2015-2016, adopted by the General Assembly 3rd June 2016, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3O20ZvK, განახლებულია: 13.07.2022.

[34] OECD (2022), Anti-Corruption Reforms in Georgia: Pilot 5th Round of Monitoring Under the OECD Istanbul Anti-Corruption Action Plan, ხელმისაწვდომია: https://doi.org/10.1787/d709c349-en, განახლებულია: 13.07.2022.

[35] ნოზაძე ნინო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში N10, თბილისი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2021.